აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობ

აჭარაში ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა ერთ-ერთი კომპონენტია კომპლექსური პროექტისა, რომელიც აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ კომპონენტის გარდა, პროექტი მოიცავს: ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას და დახურვის შემდგომ ტერიტორიების აღდგენას; მყარი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემის შემუშავებას; და ნარჩენების მართვის ახალი კომპანიის შექმნას, რომელიც მოახდენს ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციას. პროექტის ღირებულება შეადგენს 7 მილიონ ევროს; აქედან შვედეთის  საერთაშორისო  განვითარების  სააგენტომ  (SIDA) გამოყო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით, ხოლო 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი -  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).

lendfilვინაიდან პროექტის მთავარ კომპონენტს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა წარმოადგენდა,  პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება სწორედ ამ საკითხზე იყო ორიენტირებული. 2008-2009 წლების განმავლობაში პროექტის კონსულტანტებმა ჩაატარეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომლის შედეგად ახალი ნაგავსაყრელის უპირატეს ადგილმდებარეობად  შერჩეულ იქნა დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორია (32 ჰა). ეს ადგილი ესაზღვრება დაბა ჩაქვს, ხალისა  და ჩაისუბანს და შავი ზღვის სანაპიროდან ერთი კილომეტრითაა დაშორებული. 


პრობლემური საკითხები

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტთან დაკავშირებული ყველაზე პრობლემური საკითხი იყო ახალი ნაგავსაყრელისთვის შერჩეული ადგილმდებარეობა. პროექტის კონსულტანტები ამტკიცებდნენ, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისას გამოვლენილ იქნა ნაგავსაყრელის ექვსი შესაძლო ადგილი. მათივე მტკიცებით, შერჩეულ ადგილებს ჩაუტარდათ კომპლექსური შეფასება, რომლის საფუძველზეც შეირჩა უპირატესი ადგილი – დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორია. როგორც მოგვიანებით პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზისას გამოვლინდა, პროექტის კონსულტანტები ექვსი შესაძლო ადგილის შერჩევისას, ყოველგვარი დამატებითი კვლევების გარეშე, პირდაპირ დაეყრდნენ ბევრად ადრე ჩატარებულ კვლევას, რომელიც თავისთავად მეტად არასრულფასოვანი იყო. ჩაქვის მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ ახალი ნაგავსაყრელის მათ სიახლოვეს მოწყობას[1]; მათი არგუმენტები კი შემდეგი იყო:

  • ნაგავსაყრელის არსებობა დასახლებების სიახლოვეს უარყოფითად აისახებოდა ადგილობრივი  მოსახლეობის შემოსავლებზე, რომელთათვისაც დასვენებასა  და  ტურიზმზე  ორიენტირებული  ბიზნესი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მოსახლეობის განმარტებით,  ნაგავსაყრელთან სიახლოვე არამიმზიდველს გახდიდა მიმდებარე დასახლებებს დამსვენებელთა და ტურისტებისთვის;
  • ნაგავსაყრელის არსებობა უარყოფითად იმოქმედებდა მიმდებარე დასახლებების ტერიტორიაზე  არსებული უძრავი ქონების ფასზე, რაც ასევე გამოიწვევდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას; 
  • ნაგავსაყრელის მშენებლობასა და ფუნქციონირებას მოჰყვება უარყოფითი ზეგავლენა მოქალაქეთა  ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე. ჩაქველების აზრით, არ არსებობდა იმის გარანტია, რომ პროექტი სათანადოდ განხორციელდება, მოხდება ნაგავსაყრელის სწორად მართვა  და უზრუნველყოფილი იქნება უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება. 

ახალი ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემურ საკითხებს შორის განიხილებოდა ასევე შედეგი: (1) პროექტი ითვალისწინებდა ნაგავსაყრელის ოპერირებისას წარმოქმნილი აირების (მეთანისა და ნახშირორჟანგის) შეგროვებას და დაწვას – პროექტის კონსულტანტები არ იხილავდნენ აირების ელექტროენერგიად გარდაქნის შესაძლებლობას; (2) პროექტი არ ითვალისწინებდა, ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პარალელურად, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას; და (3) არ იყო შესწავლილი პროექტის ზეგავლენა ნარჩენების შეგროვების მომსახურების ტარიფებზე და შესაბამისად, არ იყო შემუშავებული ღონისძიებები სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე პროექტის ზეგავლენის შესამსუბუქებლად.DSC04919

მოგვიანებით, პრობლემურ საკითხთა რიცხვს დაემატა კიდევ ერთი – აჭარაში დაიგეგმა ახალი პროექტი – აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელსაც აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი. ამ პროექტის მიხედვით, შემოვლითმა გზამ უნდა გაიაროს ჩაქვის დაგეგმილი სანიტარული  ნაგავსაყრელიდან  30-35  მეტრის დაშორებით. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ არ იყო შესწავლილი ამ ორი პროექტის (ნაგავსაყრელისა და საავტომობილო გზის) კუმულაციური ზეგავლენა მოსახლეობასა და გარემოზე და შესაბამისად, არ იყო დადგენილი ასეთი ზეგვლების პრევენციის და/ან შერბილების ღონისძიებები. 

ადვოკატირების კამპანია და მისი შედეგები

საწყისი ეტაპიდანვე მწვანე ალტერნატივა მონიტორინგს უწევდა პროექტის შემუშავების პროცესს, აანალიზებდა საჯაროდ ხელმისაწვდომ თუ სხვაგვარად მოპოვებულ პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მოეწყო არაერთი საველე გასვლა საპროექტო ადგილზე, ასევე შეხვედრები პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან დაგეგმილი პროექტის შესახებ მათი ინფორმირებისთვის, მათთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისთვის და ასევე იმ საშუალებების / მექანიზმების გასაცნობად, რომლებიც შესაძლებელს ხდიდა მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.  პროექტის განმახორციელებლები და კონსულტანტები არ წევდნენ საკმარის ძალისხმევას იმისათვის, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობა ყოფილიყო ინფორმირებული და ჰქონოდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი აზრი პროექტის შესახებ. 2008-2009 წლების განმავლობაში აჭარაში ჩატარებულ საჯარო განხილვებზე ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ეფექტური მონაწილეობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მწვანე ალტერნატივას მიერ წარმოებული მოსახლეობის ინფორმირების კამპანიის შედეგად.  

გარდა აღნიშნულისა, მწვანე ალტერნატივა იყენებდა ყველა შესაძლებლობას, რათა პროექტის განმახორციელებელი, მისი კონსულტანტები, დამფინანსებელი ორგანიზაციები, ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება და გადაწყვეტილებების მიმღები მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებული ყოფილიყვნენ ზემოთ აღწერილი პრობლემების თაობაზე და მხედველობაში მიეღოთ ისინი პროექტზე მუშაობისას თუ პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას. მოეწყო არაერთი შეხვედრა, მომზადდა და შესაბამის პირებს გაეგზავნათ შენიშვნები საპროექტო დოკუმენტაციის სხვადასხვა ვარიანტზე, გავრცელდა განცხადებები და პოზიციის გამომხატველი დოკუმენტები, გამოქვეყნდა სტატიები და გადაიცა სიუჟეტები ადგილობრივ და ნაციონალურ მედიაში. 2009 წლის ოქტომბერში მწვანე ალტერნატივამ და მწვანე ალტერნატივას დახმარებით, ჩაქვის 1078-მა მოსახლემ მიმართეს გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოითხოვეს ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციულ პროცედურაში ჩართვა.

DSC04912ადვოკატირების კამპანიის შედეგად, პროექტის შემუშავების გვიან ეტაპებზე გათვალისწინებულ იქნა მწვანე ალტერნატივას მიერ დაყენებული ყველა პრობლემური საკითხი, გარდა ერთისა, რომელიც ასევე ძალზე აღელვებდა ადგილობრივ მოსახლეობას – ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა. ამჟამად ვითარება შემდეგია: პროექტის განმახორციელებელს ჯერჯერობით არ მიუმართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად. შესაბამისად, მწვანე ალტერნატივაც და ჩაქვის მოსახლეობაც ელიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, რათა კიდევ ერთხელ დააყენონ ნაგავსაყრელისთვის შერჩეული ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი.