gardabani

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, მიმდინარე პროექტად განიხილავს გარდაბნის ნახშირზე მომუშავე ბოილერს (160 მეგავატი), რომელიც წარმოადგენს გარდაბნის თბოელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს. კომპანია, გარდაბნის ელექტროსადგურში უკვე ამუშავებს, ბუნებრივ აირზე მომუშავე ენერგობლოკებს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ თბოელექტროსადგური გამოიმუშავებს დამატებით 1.1 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას წელიწადში[1].

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის  განცხადებით -  „თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება, ხოლო ენერგოსისტემაში უკვე 2014 წლიდან ჩაირთვება ადგილობრივ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური, რომელიც იმპორტირებულ გაზთან შედარებით ეკონომიურია და იაფ დენს გამოიმუშავებს. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მსოფლიოში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები შენდება და არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით, დაბინძურების ან სხვა სახის რისკები მინიმუმადეა შემცირებული“[2].

დღესდღეობით, გარდაბნის სრესის შემადგენლობაში 6 სითბური ენერგობლოკია, თითოეული – 150 მგვტ-ის ნომინალური სიმძლავრის. მათგან მხოლოდ ორია (მე-3 და მე-4) მოქმედი და ბუნებრივ გაზზე მუშაობს.

დაგეგმილი მოდიფიკაცია შეეხება ერთ-ერთი მათგანის გაზზე/მაზუთზე მომუშავე, ადრე არსებული ბოილერის/ორთქლის ქვაბის შეცვლას ე.წ. “მდუღარე ფენის” (fluidized bed combustion – FBC) ნახშირის ბოილერით, რომელიც, სავარაუდოდ ტყიბულის ნახშირზე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ნახშირს ახასიათებს დაბალი კალორიულობა,  მაღალი ნაცრიანობა და წვრილფრაქციულობა, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს მის გამოყენებას ენერგეტიკულ დანადგარებში. ამასთან, ტყიბულშაორის საბადოს ნახშირის თბოუნარიანობა ცვალებადობს 3000-5000 კკალ/კგ ფარგლებში. ნახშირის საშუალო ნაცრიანობა უდრის 27-30%-ს, ტენიანობა 1-10%-ს, აქროლადი ნივთიერებების გამოსავალი 30-50%-ს,  გოგირდის შემცველობა – 1,5%-ს. ამ საბადოს ნახშირი თვითაალებადია და ძირითადად  გაზიან ნახშირებს მიეკუთვნება [3].

შესაბამისად, ზოგიერთი ექსპერტის გათვლით, პროექტით გათვალისწინებული ბოილერ-ტურბინის, ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტი, ვერ გადააჭარბებს 34%, რაც  ტყიბულის ქვანახშირის შემთხვევაში მოითხოვს 90-100 ტ ნახშირის დაწვას საათში, ანუ 0.6 კგ – კვტსთ მოხმარებას[4]. შესაბამისად, საჭირო იქნება ტყიბულის წარმოების გაზრდა და დიდი ოდენობით ქვანახშირის ტრანსპორტირება, რომ არაფერი ვთქვათ ნარჩენების  განთავსებაზე, რაც  უზარმაზარ  გარემოსდაცვით და სოციალურ პრობლემებს შექმნის. საინტერესოა ისიც, თუ რა იქნება 1 კვტ გამომუშავებული ენერგიის ფასი, თუ გავითვალისწინებთ ყველა არსებულ დანახარჯს.

საინტერესოა, რომ არც საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია და არც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ განიხილავს ალტერნატიულ პროექტებს. მათ შორის გარდაბნის ენერგობლოკების გადაირაღებას თანამედროვე გაზტურბინებით (2×125 მგვტ ან ერთი 250 მგვტ), ნარჩენი სითბოს გამოყენებით, ორთქლის გენერატორების დაყენება და სხვ. რათა მოხდეს ენერგობლოკების მუშაობა კომბინირებული ციკლის რეჟიმში. შედეგად, მივიღებთ 350-365 მგვტ-ის სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს, რომელიც იმუშავებს თანამედროვე ტქნოლოგიების გამოყენებით და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება 48-54% (შერჩეული გაზტურბინების მიხედვით).

300 მგვტ-ს კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა იქნება უფრო მცირე, ვიდრე არსებული ენერგობლოკების, რომ არაფერი ვთქვათ ნახშირის ბოილერზე. წარმოდგენილი ალტერნატივა გამოყოფს დაახლოებით 130 ტონა CO2 ყოველ საათში, ხოლო არსებული ბლოკები 210 ტონა CO2-ს ყოველ საათში. შესაბამისად, პროექტი მარტივად თანხვდება გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სუფთა განვითარების მექანიზმის მიერ დასაფინანსებელი (clean development mechanism – CDM) პროექტების კრიტერიუემებს და დაზოგილი ემისიების სერტიფიცირებისა და გაყიდვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული თანხების მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის იანვარში საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით გარდაბანის სრესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. თბოელექტროსადგურის ენერგოეფექტურობა 54%-ს შეადგენს და არსებულ თბოლოელექტროსადგურებთან შედარებით, იგი 40 პროცენტით ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. პროექტის მთლიანი ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია და გამოიმუშავებს 1.8 მლრდ კვ/საათს ენერგიას წლიურად[5].

 

[1] www.gig.ge

[2]http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2287%3A2012-03-05-12-20-20&catid=945%3A2011-12-20-02-05-02&Itemid=126&lang=ka

[3] http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000097/Disertacia.pdf

[4] http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=14472

[5] http://www.amcham.ge/diary/rtable_2013-12-04/PF-Presentation.pdf