პროექტის შესახებ

დარიალის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) პროექტი ითვალისწინებს მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობას. ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა და რუსეთის ენერგო-სისტემებს. პროექტს ახორციელებს კომპანია „დარიალი ენერჯი“. 


darialiმდინარე თერგისა და დარიალის ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა
დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას.

დარიალის ხეობა სწორედ მდინარე თერგითაა გამორჩეული; სწორედ ეს მდინარე წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ილია ჭავჭავაძისთვის, ალექსანდრე ყაზბეგისთვის, გრიგოლ ორბელიანისა და სხვა ცნობილი მწერლებისა და პოეტებისთვის. სწორედ ეს მდინარე და მისი მიმდებარე ლანდშაფტი იზიდავდა მოგზაურებს და დღემდე იზიდავს ტურისტებს. დარიალის ჰესის პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში, ხეობა დაკარგავს იმ ფასეულობას, რის გამოც ის დღესაც იზიდავს ტურისტებს, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე.


მდინარის ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის შეუსწავლელობა
დარიალის ჰესის პროექტი ისე დაიგეგმა, დამტკიცდა და ხორციელდება, რომ შეუსწავლელია მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. მდინარე თერგის საშუალო წლიური ხარჯის მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ 1928-1940 და 1953-1986 წლების დაკვირვების შედეგებს – არ არსებობს უკანასკნელი 25 წლის მონაცემები. გარდა ამისა, მდ. თერგის მყარი ხარჯის (მყარი და ფსკერული ნატანის) შესახებ გათვლები ეფუძნება მხოლოდ 1928-1940 წლების მონაცემებს. საერთოდ არ გამოკვლეულა და არ არის წარმოდგენილი თერგის შენაკადების, მდინარეების ჩხერისა და ყუროს საშუალო წლიური ხარჯისა და მყარი ხარჯის მონაცემები.

აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით მდინარეში დარჩება წყლის ნაკადის მხოლოდ 10 პროცენტი, კიდევ უფრო ზრდის როგორც დარიალის ხეობისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენების, ისე ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხეს.  

 

უარყოფითი ზემოქმედება ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე
პროექტის განხორციელების შედეგად, შეუქცევადი და ძლიერ უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდება ხეობის ფლორა და ფაუნა.DSC_0168

ჰესის მშენებლობას და ოპერირებას მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობაზე, კალმახზე. პროექტის ზეგავლენის შესარბილებად შემოთავაზებული ღონისძიება – თევზსავალის მოწყობა – ვერ გააუმჯობესებს ნაკადულის კალმახის ჰაბიტატს, ვინაიდან მდინარეში დატოვებული წყლის 10% ვერ უზრუნველყოფს თევზის ჰაბიტატის შენარჩუნებას მდინარეში და გამოიწვევს ამ პოპულაციის გაქრობას. 

მდინარის კალაპოტში დატოვებული მცირე მოცულობის წყალი (მდინარის 10%) ზამთრის განმავლობაში გაიყინება, რის შედეგადაც მდინარის ეკოსისტემასთან დაკავშირებული უხერხემლო ცხოველები (განსაკუთრებით, წყალში მცხოვრები) მთლიანად ამოწყდებიან და მდინარე უსიცოცხლო გახდება. მდინარის გაქრობა ძლიერ ზეგავლენას მოახდენს მცენარეულ თანასაზოგადოებაზე, ასევე, ცხოველთა პოპულაციების გავრცელებისა და მიგრაციის კანონზომიერებებზე. აღნიშნული ზეგავლენის გამო, პროექტის ამ სახით განხორციელება ეწინააღმდეგება არაერთ გარემოსდაცვით საერთაშორისო შეთანხმებას.


მშენებლობა ნებართვების გარეშე
ჰესის მშენებლობა „დარიალი ენერჯიმ“ 2011 წლის სექტემბერში შესაბამისი ნებართვების გარეშე დაიწყო. მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს მიმართა, რათა მათ შეესწავლათ სამშენებლო სამუშოების კანონიერება და მიეღოთ შესაბამისი ზომები. თავდაპირველად, ორივე უწყების პასუხი იყო, რომ შეისწავლიდნენ საკითხს. მიმართვიდან ორი თვის შემდეგ კი, მას მერე რაც შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფოდ გასცეს საჭირო ნებართვები, ორივე სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები. ყურადსაღებია, რომ ნებართვის გარეშე ჰესის მშენებლობის დაწყება, ისევე როგორც ამ დარღვევის რეაგირების გარეშე დატოვება, საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

ვინაიდან არცერთმა უწყებამ კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა, არსებობს ძალზე დიდი ალბათობა იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები მომავალშიც დახუჭავენ თვალს მშენებლობისა და ოპერირების პროცესში „დარიალი ენერჯის“ მიერ ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოჩენილმა ლოიალობამ, „დარიალი ენერჯის“ უბიძგოს სხვა სამართალდარღვევების ჩადენისკენ და აღებული გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების შეუსრულებლობისკენ. ამ ვარაუდს განამტკიცებს ასევე საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობაში 2012 წლის მარტში შეტანილი ცვლილება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებელს ხდის კანონდამრღვევსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის  შეთანხმების დადებას, რომლითაც სამინისტრო, კანონდამრღვევის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ, მის უკანონო ქმედებებს კანონიერად გამოაცხადებს. 


მშენებლობა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე
საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია ჰესის  მშენებლობა. მიუხედავად ამისა, დარიალის ჰესის პროექტი დაიგეგმა იმგვარად, რომ საპროექტო არეალმა მოიცვა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილი.

kintrishi2011 წლის ნოემბერში „დარიალი ენერჯიმ“ გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინა დარიალის ჰესის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიში – ამ ანგარიშის წარდგენა აუცილებელია სამინისტროსგან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ანუ პროექტის განხორციელების ნებართვის) მისაღებად. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ჰესის საპროექტო არეალი მოიცავდა ყაზბეგის ეროვნული პარკის 2.64 ჰა ფართობის ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრომ მაინც გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე და ამით დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები.

მოგვიანებით, კვლავ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმების დარღვევით, მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დარიალის ჰესის საჭიროებისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებიდან 8.7737 ჰა ტერიტორიის ამოღებას. მწვანე ალტერნატივამ პარლამენტს მიუთითა როგორც პროცედურულ დარღვევებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს უკანონო ქმედებაზე, ისე ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებიდან 8.7737 ჰა ტერიტორიის ამოღების დაუსაბუთებლობაზე; თუმცა, პარლამენტმა არ გაითვალისწინა მწვანე ალტერნატივას არგუმენტები და 2012 წ. 13 მარტს მაინც მიიღო კანონი. უფრო მეტიც, კანონის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკიდან ამოღებულ იქნა არა 8.7737, არამედ ბევრად მეტი – 20.3633 ჰა ფართობის ტერიტორია.

მწვანე ალტერნატივა დღემდე ითხოვს ორგანიზაციის არგუმენტების გაუთვალისწინებლობის და ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20.3633 ჰა ფართობის ტერიტორიის ამოღების მიზეზების დასახელებას, თუმცა უშედეგოდ – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ორგანიზაციის მოთხოვნას რეაგირების გარეშე ტოვებს.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ყაზბეგის რაიონში სამი ტერიტორიისათვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება ჰესის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაციად წარმოაჩინოს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს – შეუძლებელია ამ ღონისძიებამ შეამსუბუქოს მდინარის დაშრობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

აღსანიშნავია, რომ დარიალის ხეობაში ჰესის აშენება საბჭოთა პროექტი იყო. სწორედ ამ პროექტისაგან დარიალის ხეობის დასაცავად, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ინიციატივით, შეიქმნა ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი, რამაც კომუნისტური მთავრობის ხელყოფისაგან იხსნა ხეობა.