2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის  შემდგომი კრიზისის დასაძლევად დონორმა ქვეყნება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს აღუთქვეს 4,55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფა. ამ თანხის დიდი ნაწილი განკუთვნილი იყო ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლად. დონორებისადმი საქართველოს მთავრობის შეთავაზებულ ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენდა ქ. თბილისისა და შიდა კახეთის დამაკავშირებელი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული იყო მსოფლიო ბანკისგან 60 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის აღება. DSC03314

2009 წლის ივლისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების” ანგარიშის პროექტი და განაცხადა საჯარო განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. პროექტის თანახმად, საავტომობილო გზა იწყებოდა ვაზიანის დასახლებასთან და სოფლების უჯარმას, პალდოს, ოთარაანთ კარის, სასადილოს, გომბორის, კობაძის და თეთრწყლების გავლით მთავრდებოდა ქ. თელავში. ის 45-ე კმ-ზე კვეთდა გომბორის უღელტეხილს 1620 მ სიმაღლეზე; გზის საერთო სიგრძე 66 კმ-ს შეადგენდა. საავტომობილო გზის დერეფნის სიგანედ აღებული იყო 20 მეტრი, ხოლო მიწის ვაკისის სიგანედ 10.5 მეტრი. პროექტით გათვალისწინებული იყო ოთხი ახალი ხიდის მშენებლობა, საერთო სიგრძით 348 მეტრი. პროექტს,  მსოფლიო ბანკის პროექტების კატეგორიზაციის სისტემის მიხედვით, მიეკუთვნა A კატეგორია (მნიშვნელოვანი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე).


პრობლემური საკითხები

პროექტის წარმოდგენილი სახით განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება.  კერძოდ, გზის გაფართოების შედეგად საჭირო იქნებოდა რამდენიმე სოფლის გზისპირად მცხოვრები ოჯახების იძულებითი გადასახლება. ამასთანავე, პროექტის მიერ შეთავაზებული კომპენსაციის პირობები საკმაოდ მწირი და არასამართლიანი იყო; ასევე, გზის გაფართოება გამოიწვევდა ტყეების და სხვა ეკოსისტემების ნაწილის, ასევე სასოფლო–სამეურნეო სავარგულების განადგურებას. შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებდა გზის ასფალტის საფარის ბეტონით შეცვლას, რაც თავის მხრივ, დაკავშირებული იქნებოდა მდინარეთა კალაპოტებიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალების მოპოვებასთან. 

მწვანე ალტერნატივამ შეისწავლა პროექტის დოკუმენტაცია, მოახდინა საველე გასვლები და შეისწავლა პროექტის შესაბამისობა მსოფლიო ბანკის მოთხოვნებთან. მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ პროექტის მომზადება სერიოზული პროცედურული (იგულისხმება მსოფლიო ბანკის A კატეგორიის პროექტისთვის დაწესებული პროცედურები) დარღვევებით მიმდინარეობდა. არ იყო ასევე დასაბუთებული პროექტის წარმოდგენილი სახით განხორციელების საჭიროება (გზის გაფართოება, ოთხი ახალი ხიდის მშენებლობა, ბეტონის ტექნოლოგიის გამოყენება).

gzaპროექტის შესახებ ძალზე მწირი წარმოდგენა ჰქონდათ პროექტის უშუალო გავლენის ქვეშ მყოფი სოფლების მაცხოვრებლებს. მათ მხოლოდ მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომ შეეძლოთ პროექტის თაობაზე შენიშვნების წარდგენა. მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს და განუმარტეს მათი უფლებები და ამ უფლებების დაცვის საშუალებები. ამ შეხვედრების შემდეგ, მათ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საჯარო განხილვაში; მოსახლეობის ნაწილმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ ზეგავლენის მოხდენას, საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულება პროექტის შესახებ წერილობით დააფიქსირა და კოლექტიური განცხადების სახით, წარუდგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. განცხადების ასლი მწვანე ალტერნატივამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებსაც მიაწოდა. 

ამასთანავე, მწვანე ალტერნატივამ პროექტთან დაკავშირებული თავისი შენიშვნები წარადგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკში. შედგა არაერთი შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

მწვანე ალტერნატივას პოზიცია შემდეგი იყო: პროექტი მისაღები იქნებოდა, თუ სოფლებში გამავალ მონაკვეთებზე არ მოხდებოდა გზის სავალი ნაწილის გაფართოება. ამ გადაწყვეტას გააჩნდა შემდეგი დადებითი მხარეები: აცილებული იქნებოდა სოფლების მაცხოვრებელთა იძულებითი გადასახლება; შემცირდებოდა კომპენსაციების საჭიროება და შესაბამისად, ოდენობა; ასევე შემცირდებოდა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ეკო-კომპენსაციების მოცულობა. საერთო ჯამში, მოიკლებდა პროექტის ღირებულება და სოფლების მონაკვეთებზე გაიზრდებოდა გზის უსაფრთხოებაც. გასათვალისწინებელი იყო ასევე ის, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გადის გეოლოგიურად ძალზე რთულ გომბორის უღელტეხილზე, რომელიც სტიქიური გეოლოგიური მოვლენების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. აქ განვითარებული მეწყერების სირთულისა და სიღრმის გამო, ზედაპირის სტაბილიზაცია შეუძლებელია; ამდენად, განიერი და ძვირი ტექნოლოგიებით აგებული გზაც მოკლე პერიოდში დაზიანდებოდა მეწყერების გამო. მწვანე ალტერნატივას აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, რაც შეიძლება მარტივი ტექნოლოგიით მომხდარიყო გზის რეაბილიტაცია, რათა ყოველწლიური შეკეთება, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად მომხდარიყო. DSC03419

მსოფლიო ბანკმა გაიზიარა მწვანე ალტერნატივას და ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. შედეგად, ბანკმა უარი თქვა წარდგენილი სახით პროექტის დაფინანსებაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკან გამოითხოვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურიდან ნებართვის მისაღებად წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია. მოგვიანებით დეპარტამენტმა მოამზადა პრაქტიკულად ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად მოხდა არსებული გზის რეაბილიტაცია გაფართოების გარეშე, ასფალტის ტექნოლოგიის გამოყენებით.

ადვოკატირების კამპანიის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული მოსახლეობის იძულებითი გადასახლება,  მშენებლობამ კი, მინიმალური ზეგავლენა იქონია ტყის ეკოსისტემაზე. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, პროექტისათვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობა, მთავრობის შეთავაზებასთან შედარებით, ორჯერ შემცირდა და შეადგინა 30 მილიონი აშშ დოლარი. გარკვეულწილად გაუმჯობესდა პროექტის საჯარო განხილვების ხარისხიც.

ამრიგად, გამოვლენილი შეუსაბამობების დროულად გახმოვანებამ, მიზანმიმართულმა ლობირებამ და მოსახლეობის გააქტიურებამ მოიტანა ხელშესახები შედეგები პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გაუმჯობესებისა და ხარჯვის ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით.