2009 წლის მარტში შპს “საქართველოს რკინიგზამ” (აქციათა 100%-ს სახელმწიფო ფლობს) მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს 350 მილიონი ევროს ღირებულების თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასაფინანსებლად.

პროექტის მთავარი მიზანია, სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სახიფათო ტვირთის (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების) სატრანზიტო გადაზიდვების მჭიდროდ დასახლებული დედაქალაქის ცენტრიდან ქალაქის ფარგლებს გარეთ გადატანა. პროექტით გათვალისწინებულია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზება. პროექტის თანახმად, გამოთავისუფლებული ტერიტორიების ხელახალი განაშენიანება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის განვითარებას შეუწყობს ხელს. DSC08120


პრობლემური საკითხები

პროექტი ითვალისწინებს 18-20 მეტრი სიმაღლის მიწაყრილის მოწყობას ავჭალის მჭიდროდ დასახლებულ დასახლებაში, სადაც იმოძრავებენ სახიფათო ტვირთებით (ნავთობი და ნავთობპროდუქტები) დატვირთული მატარებლები. პროექტში საერთოდ არ არის განხილული მარშრუტის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები და ასევე, არ არის შესწავლილი მუხრუჭების გამოყენებით მოძრავი მატარებლების მიერ გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება ავჭალის მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოზე.

საპროექტო რკინიგზის მინიმალური დაშორება თბილისის ზღვიდან 900 მეტრს შეადგენს. საინჟინრო პროექტის მიხედვით, სარკინიგზო მონაკვეთის დიდი ნაწილი განლაგებული იქნება თხრილში და ნავთობის დაღვრის შემთხვევაში, ნავთობი ჩაედინება თბილისის ზღვაში. თუნდაც ნახევარი ცისტერნის, ანუ 30 ათასი ლიტრი ნავთობის დაღვრა გამოიწვევს წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის დაახლოებით 50%-ის გაუვარგისებას, რაც სასმელი წყლის გარეშე დატოვებს თბილისის სამი რაიონის მოსახლეობას და გარდაბნის რაიონის დაახლოებით 20 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს. გარდა ამისა, საპროექტო რკინიგზა თბილისის ზღვის გასწვრივ კვეთს მთელ რიგ მცირე და დიდ მშრალ ხევს, თუმცა პროექტი არ ითვალისწინებს ამ ხევებში, წყლის მოვარდნის შემთხვევაში, სარკინიგზო მარშრუტის დატბორვის თავიდან აცილების ღონისძიებებს.

საპროექტო რკინიგზა კვეთს ასევე თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენებისა და ვიზიტორთა ზონას, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა – საქართველოს კანონმდებლობით, რკინიგზის მშენებლობა არ განეკუთვნება იმ საქმიანობებს, რომელთა განხორციელება დაშვებულია ეროვნული პარკში.

DSC08088 პროექტის შედგენისას იგნორირებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პროექტის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების სათანადო განთავსება და რკინიგზასთან დაკავშირებული ენერგო-ობიექტების განლაგება (მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ტრანსფორმატორები, ა.შ) და გარემოზე მათი შესაძლო ზემოქმედება. არ არის ასევე დადგენილი სამშენებლო დერეფნის საზღვრები. არ არის დადგენილი მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების ოდენობა და მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები.

და ბოლოს, პროექტის საზოგადოებრივი განხილვის ადრეულ სტადიაზე დაწუნებულ იქნა პროექტის მარშრუტის შემოთავაზებული ალტერნატივები; მიუხედავად ამისა, სხვა ალტერნატივები არ იქნა შესწავლილი პროექტის შემუშავების არცერთ შემდგომ ეტაპზე.  

2010 წლის აპრილში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარემოსდაცვით ნებართვა გასცა. მწვანე ალტერნატივას მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი შენიშვნები სრულად იქნა გაზიარებული და აისახა ნებართვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებში. მოგვიანებით, ნებართვით განსაზღვრული პირობების შესასრულებლად, „საქართველოს რკინიგზამ“ დაიქირავა ახალი საკონსულტაციო კომპანია.

მიუხედავად პროექტთან დაკავშირებული არაერთი პასუხგაუცემელი კითხვისა და სადავო საკითხისა, 2010 წლის მაისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მაინც დაამტკიცა  პროექტი. ამდენად, მწვანე ალტერნატივამ წარადგინა საჩივარი ბანკის „საჩივრების განხილვების მექანიზმში“ (Project Complaint Mechanism, PCM) და მოითხოვა პროექტთან დაკავშირებული პრობლემური გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევის შესწავლა, ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. მწვანე ალტერნატივა ასევე დაეხმარა პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას და ბანკში წარადგინა მოსახლეობის ორი საჩივარი.

 ამჟამად მიმდინარეობს სამივე საჩივრის შეფასება. საჩივრების გამო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩაატარა პროექტის შიდა აუდიტი, რათა დაზუსტებულიყო რამდენად შეესაბამება პროექტი ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს. ყურადსაღებია ასევე, რომ ბანკმა გადადო პირველი ტრანშის გამოყოფა „საქართველოს რკინიგზისთვის“.