ხუდონის ჰიდროელექტროსადგური

საქართველოს მთავრობისა და კომპანია Trans Electrica (ინდოეთი) განცხადებით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმობს 200 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხლისა და 650 მეგავატი სიმძლავრის მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას სვანეთში. პროექტი ითვალისწინებს 530 ჰა ფართობის ტერიტორიის დატბორვას, რის გამოც შეიქმნება 3.5 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური რეზერვუარი. 

Khudoniხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მიუღებელია შემდეგი ფაქტორების გამო:

ძლიერი ზემოქმედება მკვიდრ მოსახლეობაზე 

იძულებით გადასახლებას დაექვემდებარება არამარტო სოფელი ხაიშის, არამედ მისი მიმდებარე მცირე დასახლებების მოსახლეობა, დაახლოებით 525 ოჯახი. დღეს ზემო სვანეთის (მესტიის მუნიციპალიტეტის) მოსახლეობა სულ 14 591 კაცს შეადგენს. 1500-2000 კაცის გადასახლება სვანეთისთვის მეტად დიდი დარტყმა იქნება; მცირერიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფისთვის ასეთი ფრაგმენტაცია (რომელიც მან ახლო წარსულში უკვე განიცადა სტიქიური მოვლენების გამო), გადასახლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინების გარეშეც კი, დამანგრეველ ზეგავლენას იქონიებს.  

გადასასახლებელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გადასახლების წინააღმდეგია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის ნაწილი უკვე იყო გადასახალებული, თუმცა გადასახლებულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ გაძლო და კვლავ დაუბრუნდა თავის პირვანდელ საცხოვრისს. ამ ოჯახებისთვის მეორედ გადასახლება კიდევ უფრო რთული და მიუღებელია.

ამასთან, საქართველოში არ არსებობს განვითარების პროექტების შედეგად დაზარალებულთა გადასახლების პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა გადასახლებულთა ცხოვრების ადექვატურ დონეს, როგორც ეს მოთხოვნილია გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კოვენანტში (11 მუხლი). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ექსპროპრიაციის შესახებ, რომელიც გადასახლებისას გამოყენებადი ერთადერთი ინსტრუმენტია (იმ შემთხვევაში, თუ პროექტში არ არის ჩართული ესა თუ ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), არ იცავს დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს .

პროექტის სარგებელი ქვეყნისთვის

პროექტი არ არის მომგებიანი საქართველოსთვის. ამასთან, პროექტთან დაკავშირებული ხარჯები არ არის ინტეგრირებული პროექტის საერთო ღირებულებაში (მათ შორის, გზები, ეროზიის საწინააღმდეგო გეგმები). IMG_0948

პროექტი ხორციელდება „აშენება, ფლობა, ოპერირება“ (Build, Own, Operate) პრინციპით. კომპანია Trans Electrica-სთან დადებული ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობა იღებს ბევრ სხვადასხვა სახის ვალდებულებას, მათ შორის, პროექტისთვის საჭირო მიწის გადაცემას სიმბოლურ ერთ დოლარად, მატერიული დანაკარგების ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, აგრეთვე არ მოითხოვს პროექტიდან რაიმე დამატებით ბონუსსა თუ წილს, თუნდაც უფასო ელექტროენერგიის სახით, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჰიდროენერეგეტიკული პროექტების განხორციელებისას. მაგალითად, ინდოეთში კომერციული პროექტების განხორციელებისას 12-30% გამომუშავებული ენერგიისა შეადგენს ადგილობრივი თუ ფედერალური პროექტის წილს და თან ეს არ გამორიცხავს დამატებითი ბონუსების მოთხოვნას სახელმწიფოს მხრიდან.

საქართველოს მხარეს აქვს უფლება, ხუდონ-ჰესის პროექტის პირველი ათი წლის განმავლობაში, ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დასაფარად შეიძინოს წინასწარ დადგენილი ოდენობით ელექტროენერგია, რომლის შესასყიდი ფასი არ უნდა იყოს 5.84 აშშ ცენტზე ნაკლები ერთ კილოვატ/საათზე (ამასთან, ფასის ზედა ზღვარი არ უნდა იყოს თბოლექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მეტი).

გარემოზე ზემოქმედება 

ხუდონ-ჰესის მშენებლობა გააძლიერებს ბუნებრივი ჰაბიტატების, ტყეებისა და მდინარის ბინადარ სახეობათა დაკარგვის პროცესს, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხლისა და რეზერვუარის) ზედა ბიეფში წყალშემკრები ტერიტორიების დეგრადაციას.. 

ხუდონ-ჰესის გარდა, დაგეგმილია სხვა ჰესების მშენებლობაც ხუდონ-ჰესის ზემოთ, მდ. ნენსკრასა და მდ. ენგურზე. შესაბამისად, არსებულ ენგურ-ჰესთან ერთად გარემოზე კუმულაციური ზემოქმედება საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს და თევზის ზოგიერთი სახეობის სრულ გაქრობა გამოიწვიოს . 

მდინარე ენგურის აუზის ზედა ნაწილში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და მდელოები, ასევე ალპური ტუნდრა. ეს ტერიტორია ცნობილია თავისი ენდემური ბიომრავალფეროვნებით; აქ გავრცელებულია მტაცებელ ფრინველთა ისეთი სახეობები, როგორიცაა: ოქროს არწივი, ორბი, ბატკანძერი; ასევე ენდემური სახეობები: კავკასიური შავი როჭო, კავკასიური შურთხი და კავკასიური ყარანა; ამ მიდამოებში ასევე გავრცელებულია ჯიხვი, არჩვი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, შველი და გარეული ღორი. ხუდონ-ჰესის პროექტი გამოიწვევს ცხოველთა ამ სახეობების ჰაბიტატების  მნიშვნელოვან და შესაძლოა, შეუქცევად ცვლილებას. 

ხუდონისა და ენგურის წყალსაცავების ფუნქციონირება აისახება წყლის ხარისხზე, წყალდიდობების ბუნებრივ რეჟიმსა და მდინარის ბინადართა შემადგენლობაზე. 

გარდა აღნიშნულისა, პროექტს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ კლიმატზე. ხუდონის წყალსაცავის მშენებლობა გამოიწვევს ღრუბლიანობისა და ნალექების კლებას, მდგრადი გავლენა გავრცელდება 5 კმ-ს რადიუსში, თუმცა ზეგავლენა ექნება მთლიანად სვანეთზე. კვლევები ადასტურებენ, რომ „2001 წლის მონაცემებით, ენგურის მშენებლობის შედეგად, ჰაერის ტემპერატურის საშუალოთვიური მნიშვნელობები 10 თვის (VII-IV) განმავლობაში აღმოჩნდა ნაკლები, ხოლო მაისში და ივნისში მეტი წინა პერიოდის (1959-1979) შესაბამის მნიშვნელობებზე. ტემპერატურის მნიშვნელობებს შორის განსხვავების სიდიდე მაქსიმალურია მარტში და აპრილში (-0,6). საშუალოწლიური ტემპერატურა უკანასკნელ პერიოდში წინა პერიოდთან შედარებით ჯვარში და ხაიშში დაეცა 0,2-ით, მესტიაში 0,1-ით, ხოლო გალში მოიმატა 0,4 გრადუსით“. „სოფელ ხაიშში წყალსაცავის გამაგრილებელ ეფექტს ადგილი აქვს ნოემბერ-თებერვლის, მესტიაში ოქტომბერ-აპრილის, გალში კი ნოემბერ-იანვრის განმავლობაში“. ეჭვგარეშეა, რომ ხუდონის წყალსაცავის აშენების შემთხვევაში ჰაერის ტემპერატურის ცვლილება გახდება უფრო ინტენსიური. 

წყალსაცავის მშენებლობის გამო გზის 18-30 კმ-ით დაგრძელებამ შეიძლება კიდევ უფრო მოწყვიტოს ზემო სვანეთი დანარჩენ საქართველოს (ზამთარში ჯვარიდან მესტიამდე ასვლას 2-4 საათი სჭირდება, რაც შესაძლოა გაიზარდოს 5 საათამდე). ამან, შესაძლოა, ერთის მხრივ, მძიმე ზეგავლენა იქონიოს რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეუშალოს ფართოდ რეკლამირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. 

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ძლიერი ზემოქმედება ექნება ზემო სვანეთში არსებულ და დიდწილად ჯერ კიდევ შეუსწავლელ კულტურულ მემკვიდრეობაზე. მართალია უშუალოდ სოფელი  ხაიში არ არის წარმოდგენილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში, აქ განლაგებულია რამოდენიმე შუასაკუნოვანი ისტორიული ძეგლი, ხაიშის ციხე, შუასაუკუნოვანი სასაფლაო და ეკლესია. გარდა ამისა, ხაიშში აღმოჩენილია ჯერ კიდევ შეუსწავლელი არქეოლოგიურ ძეგლი, რომელიც თარიღდება I საუკუნით. 

ვინ აშენებს ხუდონ-ჰესს?

Leburtskhila7ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ხუდონ-ჰესის მშენებელი კომპანიის კომპეტენცია. Trans Electrica LTD-ს დაარსებიდან დღემდე არცერთი პროექტი განუხორციელებია; ხუდონ-ჰესის პროექტი კომპანიის პირველი პროექტია.

კომპანია Trans Electrica LTD დარეგისტრირებულია 2010 წლის 25 იანვარს ვირჯინის კუნძულებზე და წარმოადგენს 2008 წლის 2 მაისს დაფუძნებული „კონტინენტალ ენერჯი ლიმიტედის“ უფლებამონაცვლეს. მისი საწესდებო კაპიტალი 200 მლნ ლარია; კომპანიის ყველა აქცია Trans Electrica-ს ეკუთვნის. კომპანიას ჰყავს ორი ინდოელი და ორი ქართველი დირექტორი. 

კომპანიის ზოგიერთ დაქირავებულ ექსპერტს აქვს სხვადასხვა ინდურ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება და ამ პროექტთა ნაწილს Trans Electrica LTD თავის ვებ-გვერდზე საკუთარ პროექტებად წარმოაჩენს.

კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის, პაატა წერეთელის განცხადებით, პროექტის მშენებლობისათვის Trans Electrica LTD დაიქირავებს სხვა კომპანიას.