სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე და ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. მხოლოდ საზოგადოების სრულყოფილი მონაწილეობის საფუძველზე შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს ნებისმიერი სტრატეგია თუ ქმედება სოციალური სამართლიანობის, სიღარიბის დაძლევისა და ჯანმრთელი გარემოს შექმნისათვის. Dgvari

სამწუხაროდ, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეკონომიკის სრული ლიბერალიზაციის და დერეგულაციისათვის და სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლების ყველა შესაძლო საშუალებით გაზრდისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ინსტიტუციური თუ საკანონმდებლო რეფორმები გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე იგეგმება და ხორცილედება. კიდევ უფრო სავალალოა ის რომ, ამ პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანად შეზღუდა საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის არსებული შესაძლებლობები. ინფორმირებისა და მონაწილეობის უფლებების შეზღუდვის პარალელურად შეიზღუდა ასევე სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობები. 

ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად საქართველოს ხელისუფლებამ დაისახა სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზება. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი წლების მანძილზე კორუფციის ერთ-ერთი მთავარ წყაროს წარმოადგენდა საქართველოში. კორუფციის გამომწვევ მიზეზებს შორის კორუმპირებულ კადრებთან და არასრულყოფილ საკანონმდებლო ბაზასთან ერთად ყოველთვის იყო პრივატიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობა. 

ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, კორუფციის დონე გარკვეულ წილად შემცირდა, თუმცა პრივატიზაციის პროცესში გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობის ხარისხი სამწუხაროდ მაინც დაბალი რჩება. საბოლოო ჯამში ნაჩქარევად, გაუმჭირვალედ და ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და მათი საჭიროებების უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. 

HPIM1793პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას და მათი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას. 

პროგრამის ფარგლებში მწვანე ალტერნატივა აწარმოებს კამპანიებს გარემოს მსხვილი დამბინძურებელი საწარმოების საქმიანობის ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დასაცავად.