mdinareTa_delta

მსოფლიოს ყველაზე დიდი მდინარეების ნილოსის, მეკონგის, ირავადის, განგისა და ბრაჰმაპუტრას დელტები წარმოადგენენ მნიშვნელოვანი დასახლებებისა და ბრინჯის პლანტაციების ადგილსამყოფელს. დელტა, რომელიც აკავშირებს ზედაპირული წყლებისა და ზღვის ეკოსისტემებს ერთმანეთთან, ქმნის უაღრესად მნიშვნელოვან ეკოსისტემას. დღეს, როდესაც სანაპირო ზონები განიცდიან სერიოზულ უარყოფით ზემოქმედებას კლიმატის ცვლილების შედეგად, მდინარეთა დელტები დამატებით ახალ-ახალი კაშხლების მშენებლობას ეწირება.

უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ არსებულ დელტათა უმრავლესობა კატასტროფულად მცირდება ზღვის დონის მატების გამო. თუმცა დელტის შემცირებაში დამნაშავე მხოლოდ კლიმატის ცვლილება არაა. რამოდენიმე სამეცნიერო კვლევის თანახმად, ზღვის დონის მატების მიზეზი მდინარეთა დელტების დონის დაწევაცაა. შეიძლება ითქვას, რომ მდინარეთა დელტები ფაქტობრივად იძირება, მცირდება და ბევრი მათგანი გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას უახლოეს მომავალში. ყოველივე ეს უარყოფითად ისახება მილიონობით ადამიანზე, როგორც საკვების უსაფრთხოების კუთხით, ისე  ღირებული ეკოსისტემების გაქრობის შედეგად.                                                                         

დელტის გაქრობის მთავარ მიზეზს მდინარის ზედა ბიეფში კაშხლების არსებობა განაპირობებს, რომლებიც აფერხებენ ნატანის მოძრაობას, რაც თავის მხრივ, ფიტავს მდინარის დელტას  და  შედეგად დელტა ქრება.  

კაშხლებს შეუძლიათ მდინარეთა ჩამოტანილი ნატანის 80%-მდე შეკავება, რაც წელიწადში დაახლოებით 40 კუბურ კილომეტრს აღწევს. ხოლო აღნიშნული ნატანი გროვდება კაშხლებში და თავის მხრივ, ამცირებს სასარგებლო მოცულობას იმ წყალსაცავებისა, რომელთა მშენებლობამაც ნეგატიური ზემოქმედება იქონია როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ გარემოზე. ამასთან, კაშხლის ქვედა ბიეფში ნატანისაგან თავისუფალი  მდინარე მდინარის ნაპირების გარეცხვის ხარჯზე ახორციელებს კიდევ უფრო მეტი ნატანის ტრანსპორტირებას ზღვაში. ეს წარმოშობს დამატებით პრობლემებს მდინარეების ნაპირების ეროზიის კუთხით. დათვლილია, რომ მდინარეთა დელტებს დაახლოებით 73 მილიონი კუბური კილომეტრის მოცულობის ნატანი მაინც აკლდება ყოველწლიურად.

ისეთი მდინარეების დელტებში, როგორიცაა მდ. ჩაო პრაია, მდ. კოლორადო, მდ. ნილოსი, მდ. პო, მდ. იანძე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს კაშხლების მშენებლობა, პრაქტიკულად აღარ შეიმჩნევა ნატანის მომატება. სამხრეთ აზიაში, გასული საუკუნის განმავლობაში  მაგ. მდ. ინდუსის დელტაში ნატანის ჩადინება შემცირდა 94%-ზე მეტით, ხოლო მდ. განგა-ბრაჰმაპუტრას დელტაში 30%-ზე მეტით, ხოლო მდ. ნარმადას დელტაში 95%-ით.

დელტების დაძირვასთან ერთად იმატებს ზღვის დონეც. კვლევებით დადასტურებულია, რომ ზღვის დონის მატება და კაშხლების მიერ ნატანის შეკავების  პროცესი ურთიერთდაკავშირებულია. მდინარეთა დელტის დონის დაწევის სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია კაშხლების მიერ  წყლის დერივაცია, გრუნტის წყლების ამოღება, ნავთობისა და გაზის კვლევა – მოპოვებითი სამუშაოები. კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო პანელის პროგნოზით, 2070 წლისთვის ზღვის დონე მოიმატებს 21-დან 71 სმ-მდე, საუკეთესო სცენარის შემთხვევაში საშუალოდ 44 სმ-ით მსოფლიო მასშტაბით. რაც კიდევ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას იქონიებს მდინარეთა დელტების დონის კლებაზე.

მართალია, მასშტაბური  წყალდიდობების დროს ხშირად ხდება დიდი ოდენობის ნატანის ჩატანა მდინარეთა დელტებში, მაგრამ ამ  შემთხვევაშიც კი ნატანის საკმარისი ოდენობა მაინც ვერ აღწევს მდინარეთა დელტებამდე.  2007-2008 წლებში მდ.განგის, მდ.მეკონგის, მდ.ირავადში დაფიქსირებული წყალდიდობების შედეგად  100 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ხოლო  მილიონამდე ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. თუმცა საკმარისი ოდენობით ნატანი  მაინც არ ჩავიდა  დელტებამდე. ამასთან ზოგიერთი კვლევის  დასკვნით,  წყალდიდობის შედეგად, ნატანის უდიდესი  მოცულობა დაილექა სწორედ დიდი კაშხლების რეზერვუარებში.

მდინარის მიერ ნატანის ტრანსპორტირება ნელი პროცესია, რის გამოც მდინარეთა დელტაზე კაშხლის ზემოქმედების შედეგების გამოვლენას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა დღეს მდგომარეობა უკვე საგანგაშოა. თუ არ განხორციელდება შემარბილებელი ღონისძიებები  და ნატანის მოძრაობის შეფერხება კვლავ გაგრძელდება, 2050 წლისთვის 8.7 მილიონ ადამიანზე მეტი და 28000 კვ კილომეტრზე მეტი ფართობის მიწა მდინარეთა 33 დელტაში (მათ შორის განგა-ბაჰამუტრა, ინდუსი, კრიშნა და გოდავარი) აღმოჩნდება პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ გახშირებული წყალდიდობებისა და სანაპირო ზოლების ეროზიის გამო. კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორ ჯეიმს სივიტსკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წყალდიდობებისადმი მოწყვლადი მდინარეთა დელტის ფართობები გაიზრდება 50%-ით 21 საუკუნეში ზღვის დონის მატების არსებული პროგნოზის შემთხვევაში. აღნიშნული პროგნოზი შეიძლება გაუარესდეს  იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მდინარეთა ზედა ბიეფებში ნატანის ტრანსპორტირების შეფერხება.            

მდინარეთა დელტის დონის დაწევისა და ზღვის დონის ზრდის შედეგად  პირდაპირი ზემოქმედება მოიცავს სანაპირო ზონის დატბორვას, მარილიანი წყლის შეჭრას სანაპირო ზონაში, სანაპირო ზონის ეროზიას, შტორმების გახშირებას, აგრეთვე მოიცავს იმ პრობლემებსაც, რომლებიც იქმნება და უკავშირდება საკვების უსაფრთხოებას, მილიონობით ადამიანისთვის წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას და ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას. აღნიშნული საფრთხეები ზემოქმედებას ახდენს, როგორც ასობით მილიონ ადამიანზე, რომლებიც ცხოვრობენ მდინარეთა დელტის რეგიონებში, ასევე ეკოლოგიურად სენსიტიურ ჭარბტენიან ტერიტორიებსა და მანგროს ტყეებზე. საერთაშორისო გეოსფერო-ბიოსფეროს პროგრამის თავმჯდომარის,  პროფესორ სივიტსკის განაცხადებით, „ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკეთესად კეთება.“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მთელი რიგი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში კაშხლების ზემოქმედება მდინარეთა დელტებზე საერთოდ არ განიხილება, ხოლო აღნიშნული საკითხის იგნორირება კაშხლების მშენებლობისას საკმაოდ მძიმე შედეგებით მთავრდება, რომლის ფასსაც იხდიან აქ მცხოვრები ადამიანები და ფასი მუდმივად მზრადია.  

პარინეტა დანდიკაარი არის სამხრეთ აზიის კაშხლების, მდინარეთა  და მოსახლეობის ქსელის SANDRP კოოორდინატორი. ბლოგი წარმოადგენს მოკლე რეზიუმეს ანგარიშისა „დელტების დაპატარავება და დაძირვა: კაშხლების მიზეზით“, რომელიც გამოსცა SANDRP-მ.

ფოტოს ავტორი - პიტერ ბოსჰარდი