khudoni_hpp

საერთაშორისო განმარტებით, დიდ კაშხლად მოიაზრება კაშხალი რომლის სიმაღლე 5 ან 15 მეტრზე მეტია და რომლის რეზერვუარიც  3 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება.[1]

მთელი რიგი კვლევებით დადასტურებულია, რომ დიდი ჰიდრო-კაშხლების მშენებლობა, არ შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე, დრამატულად ცვლიან სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას. 1997 წელს საფუძველი ჩაეყარა კაშხლების მსოფლიო კომისიას (მსოფლიო ბანკისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ეგიდით),  რომელმაც შეისწავლა არსებული და მშენებარე დიდი კაშხლების ზემოქმედება სოციალურ, კულტურულ და ბუნებრივ გარემოზე.

კაშხლების მსოფლიო კომისიამ 2000 წლის ანგარიშში, ხაზი გაუსვა, რომ კაშხლებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანია, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში, ამ სარგებლის მისაღებად ადგილობრივი მოსახლეობა და გარემო ძალიან დიდ მსხვერპლს იღებს.

მაგალითად, 48 000 დიდი კაშხლის მშენებლობის  შედეგად, 80 მილიონზე მეტი ადამიანი ძალით გამოასახლეს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან. გადასახლებულთა უმეტეს ნაწილს არ მიუღია კომპენსაცია, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღუდგინეს საცხოვრებელი გარემო. კომისიის დასკვნით, უცნობია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც დაკარგა ხელმისაწვდომობა ბუნებრივ რესურსებზე, ვისაც შეერყათ ჯანმრთელობა  კაშხლის  ზეგავლენის შედეგად, თუმცა სინამდვილეში მილიონობით ასეთი ადამიანია დაზარალებული.

დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად, იტბორება ტყეები, ხმელეთისა და მდინარისპირა ეკოსისტემები, მათ შორის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები. ეს კი იწვევს დინების ბუნებრივი მახასიათებლების დათრგუნვას, რაც ფუნდამენტურია წყლის ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის. აღარ ხდება ნატანის ჩამოტანა, რაც იწვევს მდინარის ქვედა ბიეფში არხებისა და ნაპირების ეროზიას, აფერხებს სახეობათა მიგრაციას და ამცირებს მდინარისპირა არეალების, დეტრიტებისა და ჭალების პროდუქტიულობას.

2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დიდი კაშხლების/ჰეს-ების უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (იძულებითი გადასახლება, ტრადიციების დაკარგვა, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ლანდშაფტისა და ლოკალური კლიმატის შეცვლა) იმდენად ძლიერია, რომ ისინი უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის ნაწილად[2].

ამასთან, წარმოდგენა, რომ  დიდი კაშხლები ფინანსურად მომგებიანია გადაჭარბებული აღმოჩნდა. კაშხლების მსოფლიო კომისიის 2000 წლის დასკვნის მიხედვით, დიდი კაშხლების მშენებლობის დანახარჯების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საშუალოდ, დანახარჯები 89%-ით აჭარბებდა დაგეგმილს. 81 კაშხალზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხარჯებმა 56%-ით გადააჭარბეს დაგეგმილს (ოფიციალური მონაცემებით – 21%-ით). 1996 წელს მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ ბანკის მიერ დაფინანსებულ 66 ჰიდროენერგეტიკულ პროექტში, საშუალო დანახარჯებმა 27%-ით გადააჭარბეს დაგეგმილს (ამასთან, ოთხი კაშხალი, სადაც დაფიქსირდა ხარჯების  ყველაზე დიდი გადაჭარბება, არ იქნა შეყვანილი ამ ანალიზში). საკითხის შემსწავლელმა კომისიამ შეაგროვა ფაქტები, სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდანაც; შედეგად, კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად სოციალური და გარემოსდაცვითი დანახარჯების გაუთვალისწინებლობისა, მრავალი კაშხალი თავიდანვე  აჩვენებდა ძალზე მცირე მოგებას[3].

ევროპარლამენტმა, 2011 წლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიო ბანკი, დიდი კაშხლების მშენებლობის მხარდაჭერისათვის და მოუწოდა, მხარი დაეჭირა ალტერნატიული, მცირე მასშტაბის ენერგო-პროექტებისათვის[4].

აღსანიშნავია ისიც, რომ  2014 წელს ოქსფორდის ახალი ანგარიშის  „უნდა ავაშენოთ თუ არა მეტი დიდი კაშხლები? ჰიდროენერგეტიკაში მეგაპროექტების განვითარების ჭეშმარიტი ფასი“ თანახმად, დიდი კაშხლების მშენებლობის ხარჯები არაეკონომიკურია და არ იძლევა მოგებას, მაშინაც კი თუ არ გავითვალისწინებთ  გარემოსდაცვით და ადამიანურ გარემოზე ზემოქმედების ხარჯებს. ამასთან, კვლევის თანახმად, დიდი კაშხლების მშენებლობა მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს და არაეფექტურია ენერგოკრიზისის დასაძლევად.  მარტივად რომ ვთქვათ, დიდი კაშხლები, არა მხოლოდ ანადგურებს გარემოს და აზიანებს ადგილობრივ თემებს, მათ ასევე არ გააჩნიათ ეკონომიკური მიზანშეწონილობა. [5]

კვლევის თანახმად,  დიდი კაშხლის მშენებლობისას ხარჯების გადინების მოცულობა 70- იანი წლებიდან არ შემცირებულა. მთლიანი ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ჩვეულებრივ, დიდი კაშხლის მშენებლობა თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაზე 90%-ით მეტი ჯდება. მაგალითად, თუ კაშხლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონი დოლარია, პროექტის განხორციელებისას მისი ღირებულება თითქმის ორმაგდება. ამიტომაც, ღირებულება უფრო მაღალია, ხოლო სარგებელი – გაცილებით დაბალი"[6] 

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იბრძვის დიდი კაშხლების მშენებლობის წინააღმდეგ: მეთევზეები – პაკისტანში, ფერმერები – ტაილანდში, მკვიდრი მოსახლეობა – გვატემალაში, უნივერსიტეტის პროფესორები – იაპონიაში, ადამიანის უფლებათა დამცველები – უგანდაში. ისინი იბრძვიან მოსახლეობის საარსებო წყაროსა და ბუნებრივი რესურსების დასაცავად; იბრძვიან, რათა ხალხს ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

 

[1] http://wwf.panda.org/what_we_do/footprint/water/dams_initiative/quick_facts/
[2] იხ. www.dams.org
[3] იხ. www.dams.org
[4]იხ.http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?type=TA&reference=P7-TA-2011-0067&language=EN&ring=B7-2011-012
[5] http://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=2406852
[6] IBID