blog_nenskra

მწვანე ალტერნატივას და СEE Bankwatch Network-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, სს ნენსკრა ჰიდროს მიერ გამოქვეყნებული  კვლევები, რომლებიც ასახავს  ნენსკრა ჰესის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთებისა და სხვა აქტივების აღწერას, შეიცავს უამრავ შეცდომასა და უზუსტობას. შესაბამისად, კომპანიის მიერ  წარმოდგენილი „მიწის შეძენის და საარსებო საშუალებების აღდგენის გეგმაში“ არსებული ნაკლოვანებები მნიშვნელოვნად დააზარალებს ზემო სვანეთის  მოსახლეობას.

სვანეთის მთებში დაგეგმილ პროექტს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება  ადგილობრივ თემებზე. ნენსკრა ჰესის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების დღიდან ადგილობრივები შეეცადნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას, მოეწყო არაერთი საპროტესტო აქცია პროექტისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ. 

პროექტის დაფინანსების მსურველი საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების შესრულებისა და ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების  მიზნით, სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდრომ“ ამა წლის მარტში გამოაქვეყნა  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (ბსგზშ). ვინაიდან, პროექტისთვის საჭირო ინვესტიციების 75% მოზიდვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაა დაგეგმილი, სრულყოფილი ბსგზშ ანგარიშის არსებობა საკვანძო საკითხს წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ბსგზშ დოკუმენტის ერთ-ერთი თავი ეძღვნება სწორედაც რომ „მიწის შეძენისა და საარსებო საშუალებების აღდგენის გეგმას, სადაც წესისამებრ წარმოდგენილი უნდა იყოს საპროექტო არეალში მოქცეული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღწერა და მოსახლეობის მიერ კუთვნილი აქტივების გამოყენების, საარსებო საშუალებებზე მოსალოდნელი ზემოქმედების  შესწავლა და ა.შ.

ა.წ. ივლისში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა (Bankwatch) და მწვანე ალტერნატივას მიერ განხორციელებულმა ერთობლივმა საველე გასვლამ მნიშვნელოვანი შეუსაბამობები გამოავლინა კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წარმოდგენილ მონაცემებსა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას შორის. ამასთან, არსებითი ნაკლოვანებები გამოვლინდა არამარტო შედეგებში, არამედ თავად იმ მეთოდოლოგიაშიც, რომლის გამოყენებით შეფასდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის მდგომარეობა.

ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სს. „ნენსკრა ჰიდროს“ ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის შედარებისას აღმოჩნდა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი იყო ან არასრული ან არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია, რამაც გამოიწვია უზუსტობები მოსახლეობის მოწყვლადობის სტატუსების, საძოვრების, ფინანსური მდგომარეობის, აქტივების გამოყენებისა და საკუთრებასთან მიმართებაში არსებულ მონაცემებში.

მაგალითისთვის, საპროექტო არეალში ცხოვრობს რამოდენიმე ოჯახი, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულნი მთის საძოვრებსა და  ქოხებზე. პროექტის გამო, ეს ოჯახები დროებით ან სამუდამოდ დაკარგავენ მათზე წვდომას.  აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე საძოვარსა და ქოხს ხშირად რამოდენიმე ოჯახი ერთდროულად იყენებს. თუმცა  Bankwatch-ის მიერ ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ  კომპანიის მიერ კომპენსაციები განისაზღვრა მხოლოდ ერთი და არა ყველა ოჯახისთვის, რომლებიც საერთო ქოხსა და საძოვარს იყენებენ. შესაბამისად, ასეთი ტიპის ქონების დაკარგვის შემთხვევაში, სხვა  ოჯახებისთვის კომპენსაციები გათვალისწინებული არაა. 

ხაზგასასმელია, რომ  კვლევაში დაშვებული მსგავსი შეცდომების კომბინაციის შედეგად, ზარალდება ყველაზე დაუცველი ოჯახები. ამის ნათელი მაგალითია ქალბატონ იზო ჩხვიმიანის ოჯახი.  ქალბატონი იზოს გარდაცვლილმა მეუღლემ წლების წინ თავად ააშენა ქოხი ოჯახის კუთვნილ იმ საძოვარზე, რომელზეც ოჯახი პროექტის გამო დროებით დაკარგავს წვდომას. თუმცა კომპანიის გამოქვეყნებულ მიწის შეძენისა და საარსებო საშუალებების აღდგენის გეგმაში ქალბატონი იზოს, როგორც ქოხის მესაკუთრის სახელი საერთოდ არ არის ნახსენები. მის ნაცვლად კი კომპანიამ კომპენსაცია შესთავაზა სულ სხვა ოჯახს, რომელიც ასევე იყენებს ამავე ქოხს და საძოვარს. ჩხვიმიანებისა და მის მსგავსად დაზარალებული სხვა ოჯახებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო ოდენობები კიდევ უფრო შემცირებულია, გეგმაში არსებული სხვა ნაკლოვანებებისა და მცდარი ინტერპრეტაციების შედეგად, მათ შორის:  

- არასწორედ არის დათვლილი ოჯახის წევრთა რაოდენობა;

- სვანეთში აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ ითვლებიან „მოწყვლად ჯგუფებად“. რაც ზღუდავს მათ უფლებას მიიღონ უკეთესი პირობები კომპანიისგან დასაქმების, ტრენინგის, კომპენსაციებისა და ა.შ. სახით;

- იძულებით გადაადგილებული პირებს მიუხედავად მათი ფინანსური და სოციალური მდგომარეობისა არ აქვთ მინიჭებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სტატუსი, რის გამოც ისინი მოკლებულნი არიან დამატებითი დახმარების მიღების შესაძლებლობას.

კომპანიისთვის ძირითადი კრიტერიუმი მოსახლეობის „ღარიბებად“ კლასიფიკაციისა ეფუძნება იმ ფაქტს, იღებს, თუ არა ესა თუ ის ოჯახი შემწეობას სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ ეს ოჯახები სახელმწიფოსგან იღებენ სხვა სახის შემწეობას, რომელიც გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. შესაბამისად, მათ აღარ აქვთ უფლება მიიღონ სიღარიბის შემწეობაც, რაც ავტომატურად ამ ოჯახებს ტოვებს კომპანიის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო ბადის გარეთ.

შეფასებებში დაშვებული შეცდომები

მიწის შეძენის და საარსებო საშუალებების აღდგენის დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარ მიზანს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის აღწერა  და გეგმის შესახებ ოჯახებთან  ინფორმაციის  ინტენსიური გაცვლა წარმოადგენს. თუმცა კვლევის დროს ცხადი გახდა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, არაფერი იცოდნენ, თუ რა სხვაობა იყო მათ რეალურ მდგომარეობას და კომპანიის მიერ გეგმაში ასახულ მონაცემებს შორის.  მათ არავინ აუხსნა, რომ განსხვავების დაფიქსირების შემთხვევაში, ჰქონდათ  საჩივრის შეტანის უფლება და თავს უსუსურად გრძნობდნენ პროექტის განმახორციელებელთა  ქმედებების წინაშე.  

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც განიხილავენ ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას, თავდაპირველად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროექტის ყველა ნაკლი აღმოფხვრილია, მანამ სანამ თავიანთი გადაწყვეტილებით ასობით მილიონი დოლარით დააფინანსებენ  პროექტს, რომელსაც  უამრავი ადამიანის ცხოვრების დანგრევა შეუძლია. 

ავტორი: მიჰქელ ანუსი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი, ესტონეთი.
დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივა

ბლოგი გამოქვეყნდა ვებ-პორტალზე: CEE Bankwatch network

დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა ლიბერალში