DSC09059

2014 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის პროექტი. განცხადების თანახმად, არა უგვიანეს 2015 წლის 15 დეკემბრისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვება და დაასრულოს მშენებლობა არა უგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა[1].

საინტერესოა, რომ კომპანია უკვე ფლობს 2011 წელს აშენებულ ქვანახშირის ნარჩენზე მომუშავე 13 მგვტ-ს სიმძლავრის თბოსადგურს[2]. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, „2011 წლის 28 ოქტომბერს, ქ. ტყიბულში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოში პირველი ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგური. სადგური შედგება ორი თანაბარი ბლოკისგან, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 13.2 მეგავატს. წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშვება აღწევს 100 მილიონ კვ.სთ-ს, რომელიც მიეწოდება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ცენტრალურ სისტემას. თბოსადგურის სიახლოვეს არის ტყიბულის ქვანახშირის საბადო, საიდანაც ხდება ნახშირით მომარაგება, რაც მკვეთრად ამცირებს ტრანსპორტირების დანახარჯებსა და ელექტროენერგიის თვითღირებულებას.“

საინტერესოა, რომ მშენებლობის დასრულების შემდგომ,  სადგურმა მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავა, შემდეგ კი დაიხურა. ამის მიზეზად ინჟინერ-ტექნიკოსების არასწორი გათვლები და მოძველებული ტექნიკა-დანადგარები დასახელდა.[3] საქართველოს 2012 წლის ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით ტყიბულის თესის გამომუშავება ნულის ტოლი იყო[4].

კომპანიაში არ განმარტავენ მიზეზს, თუ რატომ არ ამუშავებენ თეს-ს. კომპანიის განცხადებით „მოქმედი ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 345 მეგავატს, სადაც ჰიდროელექტროსადგურების წილი 45 მეგავატია, ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების – 300 მეგავატი, ხოლო დანარჩენი კი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის. ელექტროენერგიის საშუალო გამომუშავება შეადგენს 800 გიგავატი/წელიწადში.“.

2011 წელს შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია"-მ საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა "ქ. ტყიბულში 300 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის" ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტი.

დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა ქ. ტყიბულში, ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, 300 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სხვა პრობლემებთან ერთად წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ  დოკუმენტში არ იყო  მითითებული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თბოელექტროსადგურის ნარჩენის განთავსება.

საჯარო განხილვაზე გაირკვა, რომ მართლაც არსებობს მიტოვებული შახტა, თუმცა, იქ მისასვლელი სამანქანო გზა ძალზე ცუდი ხარისხისაა, შესაბამისად, ნაცრის გადატანა ზამთრის პირობებში იქ შეუძლებელი იქნება. განხილვაზე ასევე აღინიშნა, რომ ზამთარში მოხდება ნარჩენების სხვაგან (ოღონდ გაურკვეველია სად) დასაწყობება, ხოლო ზაფხულში მოხდება მისი გადატანა საბოლოო განთავსების ადგილზე.

ამასთან, თავისთავად, მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქვანახშირის წვის შედეგად მიღებული ნარჩენების მიტოვებულ თუ მოქმედ შახტებში განთავსების პრაქტიკა არ არის გამართლებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების ძალზე მაღალი რისკის გამო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ამგვარი პრაქტიკის შედეგად ძალზე ხშირია წყლის დაბინძურების და ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევები.[5]

ტყიბულის  თბოელექტროსადგურის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები

13 მგვტ-ს თბოსადგურის მშენებლობამ ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ტყიბულის მოსახლეობას, რომელიც ისედაც წლების განმავლობაში განიცდიდა მაღაროს ექსპლუატაციის შედეგად გარემოსდაცვით და სოციალურ პრობლემებს.  ქვანახშირის ნარჩენები რომელიც თბოსადგურისთვის იყო განკუთვნილი ქალაქის ცენტრში საწყობდება. მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენებმა გამსახურდიასა და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს დიდი პრობლემები შეუქმნა, როგორც დამტვერიანების ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მიუხედავად, პროტესტისა კომპანია ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში აცხადებდა რომ „ტერიტორია კერძო საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებენ[6]“

2014 წლის 5 მაისს ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაწყობებულმა, გადამუშავებული ქვანახშირის პირველადმა ნარჩენებმა აალება დაიწყო. ამ ფაქტის გამო და წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემით შეწუხებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა და გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.[7]

რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, 23 მაისს ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პირველადი გადამუშავებული ქვანახშირის ნარჩენების აალებადი კერის სალიკვიდაციო ღონისძიებებს განხორციელება დაიწყო. მოსახლეობა მოითხოვდა ნარჩენების ქალაქიდან გატანას, თუმცა კომპანიამ დროებით ღონისძიებად ნარჩენის ძველ სანაყაროზე გატანა და მისი მეორადი გადამუშავება ღია ცის ქვეშ მოწყობილ მცირე პერიკონიკის გადამამუშავებელ ფაბრიკაში  განახორციელა.[8]

[1] http://www.energy.gov.ge/projects/pdf/pages/Energodaijesti%2001092014%20842%20geo.pdf
[2] http://www.gig.ge/ge/news-release?n=10&i=14
[3] http://www.argumenti.ge/?p=4491
[4]http://www.energy.gov.ge/projects/pdf/news/2012%20Tslis%20Elektroenergiis%20Balansi%20334%20geo.pdf
[5]http://www.greenadvocacy.net/photos/3812-Tkibuli_coal_power_station_comments_on_ESIA_draft_report.pdf
[6] http://goo.gl/lqxilq
[7] http://goo.gl/heu108
[8] http://goo.gl/TwvX00