abra GA

საქართველოში ნახშირის საბადოები, ძირითადად სამ რეგიონშია განთავსებული (ტყიბულ-შაორი, ტყვარჩელი, ახალციხე) აგრეთვე, სხვადასხვა რეგიონშია ნახშირის პროგნოზული მარაგები. 158 წლის განმავლობაში, ნახშირის მოპოვება მიმდინარეობდა: ტყიბულ-შაორში 1847, ტყვარჩელში 1929 და ახალციხეში 1947 წლებიდან.

საქართველოში ნახშირის ორი ტიპის საბადოა ცნობილი: ქვანახშირის და მურა ნახშირის (ლიგნიტი). ქვანახშირის საბადოები განლაგებულია კავკასიონის სამხრეთ ფერდზე და ოკრიბაში, ხოლო ლიგნიტი დამახასიათებელია სამცხე-ჯავახეთისათვის, სადაც იგი, ძირითადად, ვალე-ახალციხის საბადოზეა თავმოყრილი. სახელმწიფო ბალანსზე აყვანილია 402 მილიონი ტონა ქვანახშირი და 82 მილიონი ტონა მურა ნახშირი.

ორმოცდაათიანი წლების დასასრულისათვის, ქვეყანაში ნახშირის წლიურმა მოპოვებამ 3 მლნ ტონას გადააჭარბა და იმპორტთან ერთად, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში 4 მლნ. ტონაზე მეტი იქნა გამოყენებული. ნახშირი გამოიყენებოდა სახვადასხვა სფეროში: ელექტროენერგეტიკა, მეტალურგია, საშენ მასალათა ინდუსტრია, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო სექტორი, სოფლის მეურნეობა და სხვა.

საქართველოში ხშირად არა, მაგრამ მაინც გაიგონებთ, რომ მნიშვნელოვანია  ქვეყნის არსებული ქვანახშირის მარაგების ათვისება. მართალია, მთავრობის პოლიტიკის ძირითადი ფოკუსი მიმართულია დიდი ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავენ ქვანახშირის რესურსების ათვისებასაც.

მაგალითისთვის, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია  გეგმავს, გარდაბნის თბოელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, რომლის შედეგადაც  გარდაბანში 160 მეგავატი სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ენერგობლოკი დაემატება.  კომპანია უკვე ამუშავებს 2 ბუნებრივ აირზე მომუშავე ენერგობლოკს.  კომპანიის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, თბოელექტროსადგური გამოიმუშავებს დამატებით 1.1 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას წელიწადში. ყურადსაღებია, რომ ასეთი პროექტები იგეგმება იმისდა მიუხედავად, რომ გაზის თბოელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრეების ათვისება წყალმცირობის პირობებშიც კი არ ხდება.

2014 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, წარმოადგინა 100-150 მგვტ სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის პროექტი. განცხადების თანახმად, არა უგვიანეს 2015 წლის 15 დეკემბრისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვება და დაასრულოს მშენებლობა, არა უგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა[1].  


[1] http://www.energy.gov.ge/projects/pdf/pages/Energodaijesti%2001092014%20842%20geo.pdf