„შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი“ ერთ–ერთი მსხვილი ინიციატივა იყო, რომელიც დაიგეგმა 2008 წლის 22 ოქტომბერს გამართული ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში. პროექტით ითვალისწინებდა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია-მშენებლობას; უფრო ზუსტად, გარდაბანი-ახალციხის, ზესტაფონი-ახალციხის, ახალციხე-თურქეთის საზღვრის  მონაკვეთების რეაბილიტაცია-მშენებლობას და 500 კვ-იანი ქვესადგურის (მუდმივი დენის ჩანართით) მშენებლობას. მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციების ფონდიდან გამოიყო 8 მილიონი ევრო გრანტის სახით. უშუალოდ მშენებლობისათვის  დაგეგმილია  250 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მიერ. პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომლის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.  


პრობლემური საკითხები

17აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო და ნაწილობრივ განხორციელდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და შეწყდა 1992 წელს. 2009 წელს შემოთავაზებული საპროექტო გადაწყვეტით, ელექტროგადამცემ ხაზს უნდა გადაეკვეთა რამოდენიმე დაცული ტერიტორია: ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი და გარდაბნის აღკვეთილი. ჩამოთვლილთაგან, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე სამუშაოები საბჭოთა პერიოდში იყო განხორციელებული, ხოლო დანარჩენი დაცული ტერიტორიების გადაკვეთას დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა. განსაკუთრებული პრობლემა წარმოიშვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მიმართებაში. საქმე ისაა, რომ პროექტით შემოთავაზებული იყო ბორჯომის ხეობის გადაკვეთის სამი ალტერნატიული მარშრუტი. პირველი ალტერნატივის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზი ეროვნულ პარკს კვეთდა 11.5-კილომეტრიან, ტყით დაფარულ მონაკვეთში, მეორე ალტერნატივის შემთხვევაში – ტყით დაუფარავ 4.7 კილომეტრიან მონაკვეთში, ხოლო მესამე ალტერნატივის შემთხვევაში, გვერდს უვლიდა ეროვნულ პარკს, თუმცა, გაივლიდა ყველაზე მეტ ტყით დაფარულ ტერიტორიას და სხვა მოწყვლად ეკოსისტემებს. ამდენად, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება ყველაზე ნაკლები მეორე ალტერნატივის შემთხვევაში იქნებოდა.

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და გარემოზე ზემოქმედების შესწავლისათვის დაქირავებული კონსულტანტიც ემხრობოდნენ მეორე ალტერნატივას. მიუხედავად ამისა, პროექტის განხორციელებით დაინტერესებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, პროექტის რეალიზაციისას გამოეყენებინა, მათი აზრით, ყველაზე იაფი ალტერნატივა, რომელიც გულისხმობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ყველაზე მეტ ზემოქმედებას (პირველი ალტერნატივა).

პროექტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის: „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონს, რომლის მე–5 მუხლში მოცემული გარემოს დაცვის პრინციპების, კერძოდ, "პრიორიტეტულობის პრინციპის" თანახმად, "ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს". ირღვეოდა ასევე „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონიც, ვინაიდან ანძები და მაღალი ძაბვის ხაზები უნდა განლაგებულიყვნენ დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში; გადამცემი ხაზის მთელ პერიმეტრზე პირწმინდად უნდა გაკაფულიყო ტყე, მშენებლობის პროცესში ადგილი ექნებოდა სახეობების შეწუხებას; მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, მოიმატებდა ტყის ხანძრების საშიშროება და ლანდშაფტი ვიზუალურად დაბინძურდებოდა. ვიზუალური დაბინძურების, ანუ ლანდშაფტის დამახინჯების გამო, ეროვნული პარკი ნაკლებად მიმზიდველი გახდებოდა ტურიზმისათის, რაც აისახებოდა ეროვნული პარკის შემოსავლებზე. ამრიგად, გარდა კანონმდებლობის დარღვევისა და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე ზემოქმედებისა, პროექტს ექნებოდა ხანგრძლივვადიანი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი38 მიუძღვის გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს. ას წელზე მეტია, აქ სხვადასხვა ფორმით უწყვეტად ხორციელდება დაცვის რეჟიმი. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული პარკია რეგიონში, რომელიც გაერთიანებულია ეროვნული პარკების საერთაშორისო ქსელში, PAN-Park-ში. პარკის ტერიტორია მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 1 პროცენტზე მეტს; პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოში კავკასიური ირემი შემორჩენილია მხოლოდ სამ ადგილას: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ასევე აღნიშნული პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი დაცული ტერიტორიების – გარდაბნის აღკვეთილისა და ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის, ფარგლებში.


ადვოკატირების კამპანია და მისი შედეგები


2009 წლის მაისში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიში და ამავე წლის ივნისში გამართა საჯარო კონსულტაციები ამ დოკუმენტზე. მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა და სამინისტროს წარუდგინა შენიშვნები აღნიშნულ ანგარიშზე. ამასთანავე, "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის" შედეგად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ზეგავლენის შესამცირებლად, ორგანიზაციამ წამოიწყო აქტიური კამპანია. მწვანე ალტერნატივამ ლობირების პროცესში ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები (Pan Parks Foundation, WWF Caucasus PO, CEE Bankwatch Network) ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა მიმართეს პროექტის დონორების EBRD-ის, EIB-ის და KFW-ს დირექტორებს. კამპანიის ფარგლებში ფონდის „ღია საზოგადოება–საქართველოს“ ოფისში მოეწყო შეხვედრა, რომელზეც მწვანე ალტერნატივამ წარმოადგინა პროექტის განხორციელების მისაღები გადაწყვეტა. მწვანე ალტერნატივამ დაასაბუთა, რომ პროექტის განხორციელების ის მარშრუტი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებდა ეროვნული პარკს, ამავდროულად ეკონომიკურადაც ყველაზე მისაღები იქნებოდა გრძელვადიან პერსპექტივში, მისი ექსპლუატაციის სიიაფისა და საავარიო სიტუაციებთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, დონორების, სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

მწვანე ალტერნატივას მიერ ინიცირებული კამპანიიის შედეგად, დონორებმა ჩაატარეს დამატებითი საველე კვლევები, დამატებით იქნა ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლილი ალტერნატიული მარშრუტები. შედეგად, ევროკომისიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებდა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ალტერნატივის სასარგებლოდ, რომელსაც ასახელებდა მწვანე ალტერნატივა, ის მზად იყო დაეფარა ფასთა შორის სხვაობა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ შეთავაზებას დაეთანხმა. საბოლოოდ, ევროკავშირმა საქართველოს დამატებით 3 მილიონი ევრო გამოუყო გრანტის სახით, ხოლო გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო მწვანე ალტერნატივას მიერ შეთავაზებული, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე უსაფრთხო მარშრუტით. მოგვიანებით, მარშრუტმა მცირე კორექტირება განიცადა, მაგრამ კვლავ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო მიმართულებით.