shenishvnebi

მეტალურგიული საწარმო „ჰერკულესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის თანახმად, პროექტი გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში, სამრეწველო ზონაში, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოქმედი ობიექტის ტერიტორიის ნაწილზე, მეტალურგიული საწარმო „ჰერკულესის“ ექსპლუატაციას. პროექტის მიზანია რკინის ჯართის გადამუშავებით საარმატურე და კონსტრუქციული ფოლადის წარმოება. საწარმოს საპროექტო წარმადობაა 100 000 ტ/წ. ფოლადის გამოდნობა. საქმიანობის დასრულების ვადა დადგენილი არ არის. საქმიანობის განმახორციელებელია შპს „ევრაზიან სტილი“. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, შპს „ევრაზიან სტილის“ დაკვეთით, სავარაუდოდ, მოამზადა კომპანიამ „გარემოსდაცვითი ლაბორატორია“ (გზშ ანგარიშში ავტორი არ არის ნათლად მითითებული). 

ყურადსაღებია, რომ მეტალურგიული საწარმო „ჰერკულესი“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა, საწარმოს დღემდე არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს (სწორედ ამ ნებართვის მოსაპოვებლად მომზადდა განსახილველად წარმოდგენილი გზშ ანგარიში). საწარმოს ფუნქციონირება არაერთხელ გახდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მღელვარების საბაბი. კერძოდ, მოსახლეობა აპროტესტებს საწარმოს უკონტროლო მავნე გამონაბოლქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. 2011 წლის სექტემბერში საპროტესტო აქციები გამართეს საწარმოში დასაქმებულებმაც; პროტესტის საგანი, ამ შემთხვევაში, იყო არასათანადო სამუშაო პირობები, კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვა და თანამშრომლების უკანონოდ დათხოვნა

მწვანე ალტერნატივასა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი შენიშვნები და კომენტარები მეტალურგიული საწარმო „ჰერკულესის“ საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე