nenskra_2019

ნენსკრა ჰესის პროექტი ჭიანურდება, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD), სულ უფრო უჭირთ, ამ პროექტში ჩართულობას გამართლება მოუძებნონ.

საქართველოს მთავრობა სვანეთში   30-ზე მეტი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უჭერს მხარს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ზემო სვანეთში მიმდინარე პროექტი  – ნენსკრა ჰესია.

მთავრობა დიდი ენთუზიაზმით განაგრძობს ნენსკრა ჰესზე მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ მას ჰესების მშენებლობის მწარე გამოცდილება უკვე აქვს – და არა მხოლოდ დარიალისა და ხუდონის მაგალითებზე. საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ  საერთაშორისო ინვესტორები ნენსკრა ჰესის მშენებლობის ღირებულების 75 პროცენტს დაფარავენ.  

თუმცა, პროექტი გაჭიანურდა; ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), სულ უფრო უჭირთ, ნენსკრას მშენებლობაში მონაწილეობას გამართლება მოუძებნონ.   

1.მთავარი ფინანსური ვალდებულება

2018 წლის თებერვალში მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ ჰესებზე გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების თაობაზე მომზადებულმა ფინანსურმა ანალიზმა  სერიოზული ეჭვები გააჩინა ნენსკრა ჰესის შესახებ.  2041 წლისათვის, ნენსკრას ფისკალური ხარჯები 1.8 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს გიგანტური პროექტი საქართველოს სახელმწიფო ხაზინას უდიდეს ტვირთად დააწვება.

მსოფლიო ბანკის მონაცემები ეხმიანება „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გაფრთხილებას: 2017 წელს სავალუტო ფონდი საქართველოს ფისკალურ სტაბილურობაზე ნენსკრას სახიფათო გავლენაზე საუბრობდა.

2. პროექტი, რომელზეც საინვესტიციო ბანკები ყოყმანობენ

საერთაშორისო ბანკებმა ნენსკრა ჰესის  მხარდაჭერა დააფიქსირეს, თუმცა, პროექტს მათგან ფული ჯერ არ მიუღია.  

2018 წლის თებერვალში, რამდენიმეჯერ გადავადების შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ნენსკრას 150 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა, თუმცა, ამის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილი ჯერ არ არის. პროექტში ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის ბანკებს; პირველი მათგანი 214 მილიონის, მეორე კი – 100 მილიონი აშშ დოლარის სესხს განიხილავს.  

2018 წლის იანვარში ნენსკრა ჰესს EBRD-მა 214-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა, თუმცა, ბანკმა დაახლოებით 9 თვის მერე სესხის გაცემის პროცესი დროებით შეაჩერა.   ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნენსკრა იტალიურმა მშენებელმა კომპანიამ “სალინი იმპრეჯილომ“ დატოვა.    

3. მთავრობის  სასოწარკვეთილი ნაბიჯები და დარღვევები

იმისათვის, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, ნენსკრა ჰესის პროექტში სხვადასხვა დროს არაერთი  ცვლილება შეიტანეს. ეს გადაწყვეტილებები ტექნიკური და ტექნოლოგიური ხასიათის იყო და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან  ნაბიჯებს,  როგორებიცაა პროექტის დიზაინის, ჰესის კაშხლის ტიპის და ადგილმდებარეობის შეცვლა. პროექტში ამგვარი ცვლილებები, კანონის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული დოკუმენტის მომზადებას მოითხოვდა. თუმცა, ეს კანონი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ დაარღვია: 2019 წელს, შეცვლილი პროექტისთვის, ნენსკრა ჰესს გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მოსთხოვა.  ამის საპასუხოდ, ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „მწვანე ალტერნატივამ“ და  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC)  სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.  

4. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი

წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა პროექტს აპროტესტებს. ისინი ღელავენ, რომ „ნენსკრა ჰესი“ მათ შემოსავლის წყაროს მოუსპობს. სვანეთის მკვიდრმა მოსახლეობამ,  რომლების საპროექტო არეალის  მიმდებარედ ცხოვრობენ არაერთი საპროტესტო აქცია  გამართა  და  პროექტის სავალალო შედეგები და მათი ინტერესების უგულვებელყოფა გააპროტესტა . ამასთან, ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოსახლეობის მიერ დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საჩივრების განხილვა, რომლებიც აზიის განვითრების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)  და EBRD-ის სახელზეა შეტანილი.  

5. ისტორია მეორდება

ბოლო 10 წელიწადში EBRD-ის რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პრობლემატური პროექტის დატოვება მოუწია. ბულგარეთში, ილიინას მდინარეზე მშენებარე 1.24 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის გეგმა ჩაიშალა – მას მხარს EBRD-ის მიერ მართული  Kozloduy International Decommissioning Support Fund-ი უჭერდა. 2013 წლის მაისში, EBRD-მა ხორვატიაში წინააღმდეგობრივი მშენებლობის – ომბლას ჰიდროენერგეტიკული პროექტისთვის გამოყოფილი 123 მილიონი ევროს ღირებულების სესხი  გააუქმა. პროექტი გულისხმობდა, მიწისქვეშა ჰიდროელექტორსადგურისა და კაშხლის მშენებლობას,   გლობალური მნიშვნელობის მქონე დაცული ბუნებრივი ჰაბიტატის –  კარსტული მღვიმის – გვერდით იგეგმებოდა. 2017 წლის იანვარში, EBRD-მა გააუქმა 65 მილიონი ევროს  დამტკიცებული სესხიც, ჩრდილოეთ მაკედონიაში, პრობლემური ბოშკოვ მოსტის პროექტისთვის. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა  ქვეყნის უდიდეს და  უძველეს ეროვნულ პარკში იყო დაგეგმილი, რასაც  სამოქალაქო საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

უფრო მეტიც, EBRD-ი  იძულებული გახდა, საკუთარი სტანდარტებისთვის გადაეხედა ჰიდროენერგეტიკის სფეროში.  ეს შარშან, დასავლეთ ბალკანეთში, უდიდესმა საერთაშორისო კამპანიამ გამოიწვია, რომელსაც საერთაშორისო კორპორაცია „პატაგონია“ ედგა სათავეში. კამპანია მიმართული იყო დასავლეთ ბალკანეთში ხელუხლებელი მდინარეებისთვის ზიანის მომტანი ჰიდროენერგეტიკული პროექტების  წინააღმდეგ, რომლებშიც განვითარების ბანკებიც იღებდნენ მონაწილეობას. კამპანიის საერთაშორისო პეტიციას 120 000 ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

ვიდრე საქართველოს მთავრობა ამ წინააღმდეგობრივი პროექტის ხელშეწყობას განაგრძობს, კარგი იქნება, EBRD-მა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები გაითვალისწინოს და  გადახედოს მონაწილეობას პროექტში,  რომლის სარგებელი, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  

ჯერ არ არის გვიან, ვაღიაროთ, რომ ნენსკრა ჰესი ტოქსიკური ინვესტიციაა, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ.

ავტორი: იდო ლივენი, მედია ოფიცერი, Bankwatch

ბლოგი გამოქვეყნდა ვებ-პორტალზე: CEE Bankwatch network