abasTumani 1

ავტორი: ირაკლი მაჭარაშვილი,

"მწვანე ალტერნატივას" კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი


როგორ დაიწყო პროექტი

2018 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა „აბასთუმნის ექსპერიმენტის“ შესახებ – დაბა აბასთუმანში საწვავზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალებოდა და გადაადგილება მხოლოდ ელექტრომობილებით იქნებოდა შესაძლებელი. ამ „ექსპერიმენტის“ გამო, სამცხესა და იმერეთის დასაკავშირებლად საჭირო გახდა აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის შესახებაც ივანიშვილის იდეის გახმოვანებამდე საუბარი არ ყოფილა. ახალი ავტომაგისტრალის ინიცირებით შეჩერდა ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო, ხოლო მისი ღირებულება 3 997 087 ლარს შეადგენდა.

რა საფრთხეს უქმნის ბუნებას (ბიომრავალფეროვნებას) აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა

დაბა აბასთუმანს გარს აკრავს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები – ნაკრძალი და ეროვნული პარკი, სადაც მეფის რუსეთის დროიდან დაცვითი რეჟიმია დაწესებული და დაგეგმილი ავტომაგისტრალი (მისი ყველა ალტერნატივა) აუცილებლად გადაკვეთს მათ. ეს დაცული ტერიტორია ამავდროულად წარმოადგენს ,,ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ" კონვენციის (იგივე ბერნის კონვენციის) ეგიდით შექმნილ ,,ზურმუხტის ქსელის" უბანს (ზურმუხტის საიტი ბორჯომ-ხარაგაული GE0000010). დაგეგმილი გზა ძალიან ახლოს (360 მ) გადის ,,ზურმუხტის ქსელის" სხვა (ბორჯომი -ხარაგაული 2 – GE0000056) დამტკიცებულ საიტთან. „ზურმუხტის ქსელის“ ჩამოყალიბება და ამ გზით ევროპისათვის – და მაშასადამე საქართველოსთვისაც – მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ანუ ჰაბიტატების) დაცვა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მას ნაკისრი აქვს როგორც ბერნის კონვენციით, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.

აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა იქნება დაახლოებით 9 მეტრი სიგანის სიგრძივი ინფრასტრუქტურა და მოითხოვს მის მთელს სიგრძეზე (10-15 კმ) ტყისა და მცენარეული საფარის განადგურებას – გაკაფვის, აფეთქებებისა და საექსკავაციო სამუშაოების გამოყენებით, რაც გამოიწვევს სხვადასხვა სახეობების, მათ შორის „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების საბინადრო გარემოს განადგურებას, დეგრადაციას და ფრაგმენტაციას.

საფრთხის წინაშე დგებიან კანონმდებლობით დაცული ისეთი სახეობები, როგორებიცაა კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური სალამანდრა და სხვა. 

საავტომობილო გზის პროექტი, განსაკუთრებით, თუ ის მთა-გორიანი რელიეფის მქონე ხელუხლებელ, ტყიან ეკოსისტემებში გაჰყავთ, დაკავშირებულია სერიოზულ ზემოქმედებასთან. პირველ რიგში, ეს არის საბინადრო გარემოს დეგრადაცია და ფრაგმენტაცია. ამ დროს ეკოსისტემის ერთიანი ფართობი არა მარტო მცირდება ზომაში, არამედ, იყოფა ორ, ან მეტ ფრაგმენტად. ერთიან ეკოსისტემას დაყოფის შედეგად უფრო მეტი კიდე (საზღვარი) უჩნდება. თითოეული ფრაგმენტის საზღვარზე გარემო სერიოზულ ცვლილებებს განიცდის, რასაც ეკოლოგიაში კიდეების ეფექტი ეწოდება.

მაგალითად, ტყეში გზის გავლის შედეგად, ტყე ორ ნაწილად გაიყოფა, შუაგული ტყის ადგილზე გაჩნდება ორი ტყისპირი. ორივე ნაწილს გაუჩნდება კიდე (საზღვარი), რომლის მიკრო გარემოც განსხვავდება ტყის შიდა გარემოსაგან. მაგალითად, აქ უფრო მოჭარბებულია ქარი, ნაკლებია ტენი, მომატებულია ტემპერატურა და ეს ყველაფერი ტყის ხანძრის გაჩენის დიდ ალბათობას  ქმნის. მთელი გზის გასწვრივ, გზიდან გარკვეულ მანძილზე (რომელიც რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდეც შეიძლება ვარირებდეს) სახეობები აღარ სახლდებიან, ვინაიდან გაურბიან შეცვლილ ფიზიკურ გარემოს, ხმაურს, დაბინძურებას, ბრაკონიერებს.


ცხოველებს საკვების მოპოვების, შეჯვარებისა და მიგრაციის შესაძლებლობები უმცირდებათ. ზოგიერთ ფრაგმენტზე ვეღარ დასახლდებიან ის სახეობები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ამ გარემოში არსებობა. ამრიგად, ზემოქმედებას განიცდის არა მხოლოდ ეკოსისტემის ვიწრო ზოლი (სადაც გზა გაივლის), არამედ საკმაოდ დიდი მონაკვეთი ჩამოიჭრება ეკოსისტემიდან. გზა აჩენს ბრაკონიერების ადრე მიუვალ ადგილებზე შეღწევის შესაძლებლობას, იმატებს ტყის უკანონო ჭრა და უკანონო ნადირობა.


რა საფეხურები უნდა გაიაროს პროექტმა

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე სახის ნებართვის გაცემაა საჭირო: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე), „შესაბამისობის შეფასება“ და მშენებლობის ნებართვა. თითოეულ მათგანს საკუთარი პროცედურა აქვს, ხოლო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება სპეციფიკურ კვლევას საჭიროებს. მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ უნდა გამოაცხადოს ტენდერი პროექტის განმახორციელებელმა უწყებამ – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმ სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ზემოხსენებული ნებართვების პირობების გათვალისწინებით განახორციელებს პროექტს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პროექტები, რომლებმაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონიონ ბუნებრივ გარემოზე, საჭიროა გაიარონ ე.წ. გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემოკლებით – გზშ) და მის საფუძველზე გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. ეს პროცესი სამ საფეხურს მოიცავს:

  1. სკრინინგი: დგინდება, რამდენად მნიშნველოვანია პროექტით გამოწვეული ზემოქმედება და, თუ მნიშვნელოვანია, მიიღება გადაწყვეტილება გზშ-ს ჩატარების შესახებ. აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტისთვის სკრინინგი არ ჩატარებულა, ვინაიდან გზშ სავალდებულოა საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის[1].
     
  2. სკოპინგი: განისაზღვრება გზშ-ში განსახილველი ძირითადი საკითხები, მოსაპოვებელი ინფორმაცის შინაარსი და კვლევის მეთოდები. შედარებით მცირე მასშტაბის კვლევის საფუძველზე საქმიანობის განმახორციელებელი ამზადებს სკოპინგის ანგარიშს, ხოლო პასუხისმგებელი საჯარო უწყება ორგანიზებას უკეთებს მის საჯარო განხილვებს და ექსპერტული შესწავლის საფუძველზე ამზადებს  დასკვნას. სკოპინგის ეტაპზე სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ[2]. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ან გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მოცულობა მიუღებელია, შეუძლებელია გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენცია, ან/და შეუძლებელია გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება[3].
     
  3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება: სამინისტრო, საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული პირის მიერ ჩატარებული გზშ კვლევის საფუძველზე (რომლებიც სკოპინგის ეტაპზე დადგენილი მეთოდებით ტარდება), იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაგეგმილი პროექტის შესახებ – საქმიანობით დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, გარკვეული პირობების დაცვით, დაიწყოს დაგეგმილი პროექტი, ან მიზანშეწონილად არ თვლის მის განხორციელებას და უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს. უარის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საქმიანობის შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობასთან ან ძალიან მნიშვნელოვანი (მიუღებელი) გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მოცულობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციისა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა[4]

     

    შესაბამისობის შეფასება

    იმის გამო, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზა გაივლის „ზურმუხტის უბანს“, აუცილებელია ჩატარდეს კიდევ ერთი ტიპის შესწავლა – ე.წ. „შესაბამისობის შეფასება“ და მისი შედეგები შეთანხმდეს ბერნის კონვენციის სამდივნოსთან/ევროკომისიასთან.

ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია „ზურმუხტის უბანზე“ და უშუალოდ არ უკავშირდება მის მართვას (ანუ ბუნებისდაცვით საქმიანობას), ექვემდებარება შესაბამისობის შეფასებას. შესაბამისობის შეფასების მიზანია დადგინდეს, მოახდენს თუ არა ზეგავლენას პროექტი „ზურმუხტის ქსელში“ ჩართულ ტერიტორიაზე; უნდა განისაზღვროს, პროექტით გამოწვეული ზემოქმედების შესაბამისობა ევროკავშირის დირექტივების (კერძოდ, ჰაბიტატებისა და ფრინველების შესახებ დირექტივების) მოთხოვნებთან, ანუ უნდა შეაფასდეს ზემოქმედება ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე. შესაბამისობის შეფასება უნდა ჩატარდეს პროექტზე ნებართვის გაცემამდე. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დეტალურ სამეცნიერო შეფასებას და მტკიცებულებებს; გამოყენებული უნდა იქნეს საუკეთესო სამეცნიერო ცოდნა, რათა მიღებული იქნას ცალსახა, დასაბუთებული დასკვნა – ახდენს თუ არა პროექტი უარყოფით ზეგავლენას „ზურმუხტის ქსელზე“.

მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს „ზურმუხტის ქსელის“ დამაზიანებელ პროექტზე ნებართვა: როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა და, ამავდროულად, პროექტი „უპირატესი საჯარო ინტერესით გამოწვეულ აუცილებლობას“ წარმოადგენს.[5] ასეთი აუცილებლობა შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ სამ შემთხვევას: ჯანმრთელობა, ან საზოგადოების უსაფრთხოება; უმნიშვნელოვანესი დადებითი შედეგები გარემოსთვის; სხვა აუცილებლობა, თუ ეს შეთანხმებული იქნება ევროკომისიასთან.

  • მშენებლობის ნებართვა

  • პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა მშენებლობის ნებართვა, მისი მიღების წინაპირობაა ზემოხსენებული გზშ-ს ჩატარება და დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელიც ნებართვის მაძიებელმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს მშენებლობის ნებართვის გამცემ უწყებას[6]. შიდასახელმწიფოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისთვის მშენებლობის ნებართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს.[7]
     

"რა მოქმედებაა, რა ვითარებაა" ახლა

2019 წლის 21 აგვისტოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსახილველად  „აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიში“ წარუდგინა.

2019 წლის 17 სექტემბერს "მწვანე ალტერნატივამ" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ დაგეგმილი პროექტი კვეთდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს (კერძოდ, ტრადიციული გამოყენების ზონას), რაც კანონმდებლობის[8] უხეში დარღვევა იყო; შესაბამისად, სამინისტრო ვალდებული იყო სკოპინგის ეტაპზევე მიეღო გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

2020 წლის 6 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.

კანონმდებლობის უამრავი დარღვევიდან შეიძლება გამოიყოს რამდენიმე უმთავრესი:

1. აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა (ყველა ალტერნატივა) გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა  განკუთვნილია ბუნების დაცვისათვის და დაშვებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული მეთოდებით განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება - თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება… ხვნა-თესვა და მუდმივი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსებაც კი დაუშვებელია[9]. საავტომობილო გზის მშენებლობა ვერანაირი კრიტერიუმით ვერ განიხილება ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებად, ეს კანონმდებლობის დარღვევაა.

2. კანონმდებლობა კრძალავს დაცული ტერიტორიის შიგნით  ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევას და სახის შეცვლას; ასევე, რაიმე მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურებას, რღვევას, დაზიანებას, შეშფოთებას[10]. ნათელია, რომ დაგეგმილი საქმიანობა – აფეთქებების გამოყენებით მთისა და ტყის ეკოსისტემებში საავტომობილო გზის გაყვანა არის უკანონო.

3. დაცული ტერიტორიის ფარგლებში იკრძალება ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა[11]. პროექტის მიხედვით, აფეთქებები იწარმოებს მთელი იმ მონაკვეთის სიგრძეზე, რომელიც გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. მხოლოდ ეს კრიტიკული შეუსაბამობაც კი საკმარისი იყო, რომ სამინისტროს პროექტი შეეჩერებინა. თუმცა ნაცვლად ამისა, მან ასაფეთქებელი ნივთიერების მახასიათებლების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა დაავალა პროექტის განმახორციელებელს.

4. კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა[12]. ხელუხლებელ ეკოსისტემებში აფეთქებების მეშვეობით გზის გაყვანა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეიწირავს არაერთი იშვიათი სახეობის წარმომადგენელს  და გააუარესებს მათ საბინადრო გარემოს.

5. პროექტი საქართველოს კონსტიტუციასაც არღვევს, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უგულებელყო გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულება [13].

სკოპინგის დასკვნის გაცემისას ელემენტარული იურიდიული წესებიც კი არ დაიცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. სკოპინგის დასკვნა მინისტრს უნდა დაემტკიცებინა სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა[14]. სინამდვილეში, ადმინისტრაციული წარმოება თითქმის 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა (21.08.2019-დან 06.03.2020-მდე), თანაც ისე, რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების გახანგრძლივების შესახებ მიღებული არ ყოფილა.

როგორ ცდილობენ საჯარო უწყებები საერთაშორისო სკანდალის აცილებას და უშვებენ ახალ კანონდარღვევებს

საქართველოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ძალისხმევას არ აკლებენ, რომ როგორმე ბარიერები მოხსნან ბიძინა ივანიშვილის „ექსპერიმენტის“ განსახორციელებლად. თუმცა, ამ უკანონო პროცესის „გათეთრების“ მცდელობაში, უფრო მეტ შეცდომას უშვებენ და ზრდიან კანონდარღვევების რაოდენობას.

„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ — საგანგებო მდგომარეობა

2020 წლის 26 მარტს მთავრობამ შეიტანა ცვლილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებულ 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში, რომლითაც დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული სკოპინგის დასკვნები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საჯარო განხილვების გარეშე გაცემა დაუშვა. იმის ნაცვლად, რომ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობამ საზოგადოების მონაწილეობა შეზღუდა. ამით დაირღვა კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები, რომელთა შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია კონსტიტუციის 71-ე მუხლით. გარდა კონსტიტუციისა, მთავრობის ეს დადგენილება ეწინააღმდეგება "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის #1 დეკრეტს, რომლითაც შეიზღუდა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით განსაზღვრული ადამიანის უფლებები, თუმცა დეკრეტით დაწესებული შეზღუდვა არ შეხებია კონსტიტუციის 29-ე მუხლს.

24 მარტს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანამდე 2 დღით ადრე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების საჯარო განხილვები გადაიდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებამდე. თუმცა,  24 მარტსვე აბასთუმნის შემოსავლელი პროექტის განმახორციელებელმა – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლითაც ითხოვდა ამ პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (ნებართვის გაცემის) პროცესის დაწყებას. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, სამინისტრომ მაინც მიიღო წარმოებაში განცხადება, ხოლო 2 დღეში, ზემოხსენებული ანტიკონსტიტუციური დადგენილებით, მთავრობამ საჯარო განხილვები გააუქმა. აშკარაა, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა. ასეთ პრობლემურ პროექტი კი, რა თქმა უნდა, აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტია.

ბიძინა ივანიშვილის „ექსპერიმენტის“ შემადგენელი პროექტის მხარდასაჭერად ხელისუფლება არც ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას ერიდება და არც ქართული სასამართლოსი ეშინია. ერთადერთი, რაც მათ დისკომფორტს უქმნის, არის საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია „ზურმუხტის ქსელზე“ ზემოქმედების გამო, ვინაიდან იციან, რომ მოუწევთ საკითხის შეთანხმება (პროექტზე თანხმობის მიღება) ბერნის კონვენციის სამდივნოსთან. პრობლემა მხოლოდ ერთი „ზურმუხტის საიტის“ დაზიანებაში არ არის. საქმე ის არის, რომ კონვენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია – „ბიოგეოგრაფიული სემინარი“, რომელსაც შეფასებული აქვს,  სახეობებისა და ჰაბიტატების დაცულობისათვის რა ფართობები უნდა იყოს დაფარული „ზურმუხტის ქსელით“. „ზურმუხტის საიტი“ ბორჯომ-ხარაგაული GE0000010 დაარსებულია, როგორც ხელუხლებელი ტერიტორია. აბასთუმნის შემოვლითი ავტომაგისტრალის განხორციელების შედეგად, საჭირო გახდება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ზურმუხტის ქსელის“ გადახედვა.

საქართველოს, როგორც ბერნის კონვენციის მონაწილე ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობისაკენ მიისწრაფის, ამ საკითხების უგულებელყოფა სერიოზულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდება.

სკოპინგის დასკვნის განხილვისას, სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი (რომელიც ამავდროულად პასუხისმგებელია ბერნის კონვენციასთან ურთიერთობაზე და „ზურმუხტის ქსელის“ განვითარებაზე), ვერ მალავდა შეშფოთებას იმის გამო, რომ პროექტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რასაც საერთაშორისო დონეზე გართულებები მოჰყვებოდა[15]. დეპარტამენტმა სამინისტროს გაახსენა მწარე გამოცდილება და გააფრთხილა: „თუ ქვეყანას არ ექნება საკმაოდ მყარი დასაბუთება პროექტის სახელმწიფოებრივი და/ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის თაობაზე, სახელმწიფო დიდი ალბათობით აღმოჩნდება სერიოზული პრობლემის წინაშე, მითუმეტეს ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელებიდან მიღებული შედეგების გათვალისწინებით, როდესაც ბერნის კონვენციასთან სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“.

საქმის წარმოების მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის მიერ ატეხილი განგაშის შესაბამისად, ბერნის კონვენციის სამდივნოსთან გარდაუვალი გართულებების შესარბილებლად, სამთავრობო უწყებები ცდილობენ, როგორმე აჩვენონ:

თითქოს, გამოკვლეულია ყველა ალტერნატივა და გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ პროექტმა არ გაიაროს „ზურმუხტის საიტზე“;

თითქოს, პროექტი სტრატეგიულია და აქვს სახელმწიფოებრივი და/ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ან მისი განხორციელება დაკავშირებულია ქვეყნის/მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან;

თითქოს, კეთდება დაზიანებული ეროვნული პარკისთვის სრულფასოვანი საკომპენსაციო ღონისძიებები.

ამ „მტკიცებულებების“ მოსაპოვებლად 2019 წლის 18 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმართა თავდაცვის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს[16], სადაც სთხოვდა, როგორმე დაესაბუთებინათ საპროექტო გზის სტრატეგიული და სამხედრო მნიშვნელობა.

პასუხად, თავდაცვის სამინისტრომ 2019 წელის 23 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობა, რომ „ახალციხე-ბაღდათი-ქუთაისის დამაკავშირებელი გზა თავდაცვის სამინისტროსთვის წარმოადგენს სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. კერძოდ, აღნიშნული გზა საჭიროების შემთხვევაში განიხილება პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვისათვის“. 

როგორც ჩანს, ეს პასუხი არადამაჯერებლად მოეჩვენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და 24 ოქტომბერს კიდევ სთხოვა თავდაცვის სამინისტროს უფრო მყარი არგუმენტების გამოგზავნა.  ამ უკანასკნელმა, თითქმის ერთი თვის  ფიქრის შემდეგ, 2020 წლის 21 იანვარს ახალი წერილი მისწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებდა თავის 23 ოქტომბერის წერილს, მაგრამ დამატებული იყო მხოლოდ ერთი წინადადება: „შესაბამისად, მოცემული გზის არსებობას, წლის თორმეტი თვის განმავლობაში, ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა“.

მთელი ეს მიმოწერა მხოლოდ იმისთვის იყო გაჩაღებული, რომ სიტყვა „სტრატეგიული“ გამოჩენილიყო. თუმცა, ეს ყველაფერი ბერნის კონვენციის სამდივნოსთვის ნაკლებად დამაჯერებელი იქნება, ვინაიდან საუბარია „ერთ-ერთ“ და არა „ერთადერთ“ ალტერნატივაზე.

თავდაცვის სამინისტროს ასეთი არადამაჯერებელი არგუმენტის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს[17], გაუზიარა ინფორმაცია ბერნის კონვენციის სამდივნოსთან მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ და სთხოვა, რომ როგორმე უფრო დამაჯერებლად განეხილათ ყველა შესაძლო ალტერნატივა და დაეწერათ „დეტალური ინფორმაცია აბასთუმანის, როგორც კურორტის განვითარების ფინანსური, სოციალური და სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის შესახებ“.

საპასუხო წერილში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაიმეორა სკოპინგის ანგარიშში უკვე არსებული ინფორმაცია ალტერნატივების შესახებ. პროექტის საჭიროებისა და სტრატეგიულობის დასასაბუთებლად 2018 წელს შემუშავებული აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა დაიმოწმა (რომელიც ამ დროისთვის არ არსებობდა).

დეპარტამენტმა პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის „დასაბუთებისთვის“ კიდევ უფრო მეტი ფანტაზიას მოუხმო და ასეთი რამ შეთხზა: „გარდა სტრატეგიული სატრანსპორტო და სოციალური მნიშვნელობისა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე შეწყვეტილი მოძრაობის გამო, აღნიშნული გზა ინტენსიურად იქნა გამოყენებული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის მოძრაობის დამაკავშირებლად“.

აბასთუმნის შემოვლითი გზა იგეგმება უსიერ ტყეში, რომლის გაყვანა მხოლოდ აფეთქებებით არის შესაძლებელი. ბუნებრივია, რომ 2008 წლის ომის დროს ეს გზა ვერ იქნებოდა გამოყენებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობდა. თავისდაუნებურად, ამ „არგუმენტით“ შემოსავლელი გზის უაზრობას გაუსვეს ხაზი, ვინაიდან 2008 წლის ომის დროს მის გარეშე – აბასთუმნის გავლით მოძრაობდნენ მანქანები. დეპარტამენტის ამ „ბრძნულმა“ არგუმენტმა წყალში ჩაყარა თავდაცვის სამინისტროს წვალებაც, რომ როგორმე არგუმენტი შეექმნათ, თითქოს გზის მშენებლობა წარმოადგენს „უპირატესი საჯარო ინტერესით გამოწვეულ აუცილებლობას“.  

დაცული ტერიტორიების სააგენტო შეეცადა ემტკიცებინა[18], რომ გზის გაყვანის შედეგად ეროვნულ პარკზე მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიება ამ პროექტის იდეის მოფიქრებამდე 4 წლით ადრე მომზადდა (WWF-ის მიერ 2015-2016 წლებში მომზადებული პროექტი ეროვნული პარკისათვის 4377 ჰექტარის დამატების თაობაზე).  

ცხადია, ვერც ერთი ზემოხსენებული არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ბერნის კონვენციის სამდივნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტის გამო „ზურმუხტის ქსელზე“ მიყენებული ზიანი წარმოადგენს გადაუდებელი საჯარო ინტერესით გამოწვეულ აუცილებლობას.

კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა, რომელიც დაუშვეს საჯარო უწყებებმა, აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას უკავშირდება. ავტომაგისტრალის „სტრატეგიულობის“ შესახებ სამთავრობო უწყებების მთელი მტკიცება ეყრდნობა ამ გეგმას. სინამდვილეში, სკოპინგის ანგარიშის დამტკიცებისას ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მინისტრის ბრძანება ეყრდნობა არარსებულ იურიდიულ საფუძველს.

ამ შეცდომის გამოსასწორებლად ხელისუფლების ორგანოებმა ახალი შეცდომა დაუშვეს: ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 7 აპრილს დაამტკიცა „დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია-გენერალური და განაშენიანების გეგმები[19]. თუმცა ეს აქტი უკანონოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს[20]“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს“, რომლებიც მოითხოვენ, რომ ასეთ დოკუმენტებს დამტკიცებამდე უნდა ჩაუტარდეთ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. 

კიდევ ერთი საკითხი ვერ გათვალეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიჩქარეში: სკოპინგის დასკვნა გაიცა 2020 წლის 6 მარტს, ხოლო აქედან 18 დღეში, 24 მარტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამინისტროს ამ სკოპინგის დასკვნის დავალებების მიხედვით შესრულებული გზშ ანგარიში წარუდგინა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა მოითხოვა.

ანუ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სულ რაღაც 18 დღეში, ჩაატარა ისეთი კვლევა, რომელსაც საყოველთაო პრაქტიკით, საშუალოდ 6 თვე სჭირდება, ხოლო რთული პროექტების შემთხვევაში – რამდენიმე წელი. საყოველთაო პრაქტიკას რომ თავი დავანებოთ, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სკოპინგის დასკვნის პირობებით, გზშ ანგარიშის მოსამზადებლად მინიმუმ წლის ორი სეზონის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო სამეცნიერო კვლევები. 

ამრიგად, ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელებისათვის სხვადასხვა დონის საჯარო უწყებებმა ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა, რაც საფუძველს იძლევა, რომ უკვე ამ ეტაპზე სასამართლოებში გასაჩივრდეს მინისტრის მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა, ადიგენის საკრებულოს მიერ მიღებული აბასთუმნის გენგეგმა და ასევე საჩივარი იქნას შეტანილი ბერნის კონვენციაში. 

ჯერ-ჯერობით მხოლოდ "მწვანე ალტერნატივამ" შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 6 მარტის #2-208 ბრძანება.


[1] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, დანართი 1.

[2] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მე-9 მუხლი მე-8 ნაწილი

[3] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მე-14 მუხლი

[4] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მე-14 მუხლი

[5] Imperative reasons of overriding public interest (IROPI)  - ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივის მიხედვით.

[6] საქართველოს კანონი “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, 106-ე მუხლი, მე-5 ნაწილი

[7] „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილება

[8] „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი

[9] „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი

[11] „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი

12] „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი

13] საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი

[14] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილი

[15] დეპარტამენტის წერილი N769211, 12.09.2019

[16] წერილი N 10236/01, 18.10.2020

[17] წერილი N 1047/01,  28/01/2020   

[18] წერილი N 4587, 16.12.2019  

[19] ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილს №14 დადგენილება  „დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის- გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე

[20] მუხლი 10. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება: სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.