2013 წლის 2 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის #31 ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას მოთხოვნაზე პასუხად აცნობა, რომ სამინისტროდან გადმოეგზავნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება კანონით არის დასაშვები, ამასთანავე ორგანიზაციას განემარტა, რომ "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

მწვანე ალტერნატივამ კვლავ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა: 1. "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის მისაღებად სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილების ასლების მოწოდება; 2. მწვანე ალტერნატივას მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიის შესახებ ინფორმაცია; 3. ზემოაღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. ამ მოთხოვნაზე პასუხად, მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროს არ მიუმართავს ინფორმაციის მესაკუთრისათვის თანხმობის მიღების მიზნით, რადგან ამის ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს არ ეკისრება და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მითითების შემთხვევაში სამინისტრო მზად არის გამოითხოვოს მოცემული თანხმობა. ასევე, მწვანე ალტერნატივას განემარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტების საიდუმლოობა "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლით პირდაპირ არის გათვალისწინებული და რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე მოთხოვნილი დოკუმენტების საიდუმლოდ მიჩნევის შესახებ.

მწვანე ალტერნატივას მიჩნია, რომ სამინისტროს მიერ უხეშად დაირღვა ორგანიზაციის კანონიერი უფლებები და ინტერესები. დარღვეული უფლების დასაცავად, 2013 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4