მწვანე ალტერნატივა თბილისის წყალმომარაგების სისტემის საპრივატიზებო  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ამსახველი ანგარიშის ასლს ითხოვს

მოპასუხე მხარე:  ქ. თბილისის მთავრობა

2010 წლის აგვისტოში, მწვანე ალტერნატივამ  თბილისის მთავრობას მოსთხოვა თბილისის წყალმომარაგების საპრივატიზებო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. 

თბილისის მთავრობამ წერილი რეაგირებისათვის თბილისის მერიის სსიპ-ის ქონების მართვის სააგენტოს გადაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ საკითხი არ შედიოდა სააგენტოს კომპეტენციაში და შესაბამისად, არც სააგენტოს გამოუჩენია წერილზე პასუხის გაცემის  განსაკუთრებული მონდომება. ამიტომ, 2010 წლის 15 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიაწოდა თბილისის მთავრობამ მწვანე ალტერნატივას მოთხოვნილი ინფორმაცია, ორგანიზაციამ მხოლოდ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მიიღო. კერძოდ, თბილისის მთავრობა ამტიკიცებდა, რომ ხელშეკრულების პიროებების შესრულების ანგარიში ხელშეკრულების მუხლით არის გასაიდუმლოებული. „დღეის მდგომარეობით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს სწორედ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინფორმაციას, რომელიც იზიარებს ძირითადი ხელშეკრულების ბედსა და სამართლებრივ სტატუსს. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ხელშეკრულების ტექსტთან, ასევე წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციას იმ ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც იმყოფება შეზღუდულ სამართლებრივ რეჟიმში და აღნიშნული ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში, ვინაიდან იგი ორგანულ კავშირშია ხელშეკრულებასთან, მხარისათვის ცნობილი გახდება ასევე ხელშეკრულების ტექსტი და დანართები, რომელიც დაუშვებელია, რომ ხელშეკრულების ყოველი მხარის თანხმობის გარეშე გახდეს ცნობილი მესამე მხარისათვის“ – აღნიშნულია თბილისის მთავრობის მიერ საქალაქო სასამართლოსათვის წარდგენილ შესაგებელში.

საინტერესოა, რომ 2010 წლის 10 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტის ქართული და  ინგლისურენოვანი ვერსია განთავსდა. თბილისის მთავრობა სასამართლოზე აცხადებდა, რომ ხელშეკრულება საჯარო რეესტრის დაუდევრობის გამო განთავსდა ვებ-გვერდზე, ამიტომ დოკუმენტი კვლავ გასაიდუმლოებულ ინფორმაციად ითვლებოდა. როდესაც მთავრობის წარმომადგენელისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს დოკუმენტი საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი, მისი მტკიცებით მათ არ მიუღიათ კომპანიის წერილობითი თანხმობა, ამიტომ უწყებისთვის დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოებად რჩებოდა.  

ზემოაღწერილი გარემოებების მიუხედავად, 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ მწვანე ალტერნატივას სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, თბილისის მთავრობას დაევალა მწვანე ალტერნატივასათვის გადაეცა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შეიცავს თუ არა ხელშეკრულება მყიდველის ვალდებულებებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;

- სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით „მყიდველის“ მიერ  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; და რაში გამოიხატება აღნიშნული;

- ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებები.

მწვანე ალტერნატივას დანარჩენი მოთხოვნები საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანმაც გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შესრულების ჯერ კიდევ არ შექმნილი ანგარიშები მხარეების შეთანხმებით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს, წინასწარ იქნა მიჩნეული კომერციულ საიდუმლოებად.

თბილისის მთავრობის შესაგებელი

სასამართლო სხდომის ოქმი 22/12/2010

სასამართლო სხდომის ოქმი 11/01/2011

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლე: თ. ონიანი

საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დავის ორივე მხარემ გაასაჩივრა: მწვანე ალტერნატივამ მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ორგანიზაციის მოთხოვნები, ხოლო თბილისის მთავრობამ იმ ნაწილის, რომლითაც დაევალა საჯარო ინფორმაციის გაცემა.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი

2011 წლის 30 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლე ნათია ქუთათელაძის გადაწყვეტილებით, მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის მთავრობის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის მთავრობას დაევალა მწვანე ალტერნატივასათვის მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადაცემა. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში მოსამართლე წერს: „პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება მყიდველის ვალდებულებებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ შეიცავს, მიეთითოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის კონკრეტული ვალდებულებები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში და სრულდება თუ არა მდ.მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით "მყიდველის" მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული – წარმოადგენს წყლის ხარისხის ამსახველ და შესაბამისად, გარემოსდაცვით ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად“.

მწვანე ალტერნატივას შესაგებელი

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლე: ნ. ქუთათელაძე

სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში კასაცია თბილისის მთავრობამაც წარადგინა და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებაც, რომლითაც  დაევალა ინფორმაციის გაცემა იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება მყიდველის ვალდებულებებს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი

თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი

2012  წლის 9 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარეს,  ქ. თბილისის მთავრობას, დაევალა ინფორმაციის გაცემა – საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს რუსთავწყალკანალის, მცხეთაწყალკანალის, საქწყალკანალისა და თბილისის წყალის 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით „მყიდველის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული.

თბილისის მთავრობის საკასაციო შესაგებელი

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლე: ლ. მურუსიძე, მ. ვაჩაძე და პ. სილაგაძე