მწვანე ალტერნატივა ითხოვს სემეკის გადაწყვეტილების ბათილობას,  საიდუმლოდ მიჩნეული საჯარო ინფორმაციის განსაიდუმლოებასა და ინფორმაციის გადაცემას

მოპასუხე მხარე: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)

2010 წლის ნოემბერში პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სემეკმა "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ" დადგენილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომხმარებელთათვის იზრდებოდა წყალმომარაგების ტარიფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მწვანე ალტერნატივამ წერილობით მიმართა სემეკის თამჯდომარეს და მოითხოვა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოთხოვნილი ტარიფის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება და ტარიფის დასადგენად წარმოდგენილ განაცხადს დართული ყველა საჯარო დოკუმენტის ასლი.

2011 წლის 9 მარტს, სემეკიდან საჯარო ინფორმაციის – კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების მოპოვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სემეკის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომისიისათვის საიდუმლოდ მიჩნეული საჯარო ინფორმაციის განსაიდუმლოება და მწვანე ალტერნატივასათვის გადაცემის დავალდებულება. მწვანე ალტერნატივას აღნიშნული მოთხოვნები ემყარებოდა კომისიის 2011 წლის 7 თებერვლის წერილს, რომლის თანახმად, კომისიის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სემეკში წარდგენილი წყლის სატარიფო განაცხადი და თანდართული მასალები, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად და აქედან გამომდინარე, კომპანიის თანხმობის გარეშე მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა კომისიის მიერ დაუშვებელი იყო.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

სემეკის შესაგებელი

სემეკმა სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც კომპანიის მოთხოვნა და ვერც კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული საჯარო წარმოებისას განხილული ინფორმაცია. ასევე, გაურკვეველი დარჩა, რა განიხილა სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით; თუ სატარიფო განაცხადი სრულად გასაიდუმლოებული იყო, რისთვის აკეთებდა განაცხადს სემეკ-ი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და კომენტარების წარდგენის შესაძლებლობის შესახებ; რატომ არ გამოცხადდა საჯარო მოსმენა დახურულად, თუკი განსახილველ საკითხთან დაკავშირებული  ინფორმაცია სრულად იყო გასაიდუმლოებული.

აღნიშნულის მიუხედავად, 2010 წლის 14 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სემეკში წარდგენილი წყლის სატარიფო განაცხადი და თანდართული მასალები შეიცავდა როგორც მისი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში მყოფი სხვა პირების ფინანსების ამსახველ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია მიეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას.

სხდომის ოქმი 14.03.2011

სხდომის ოქმი 06.04.2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლე: გ. აბუსერიძე

2011 წლის 23 მაისს მწვანე ალტერნატივამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოთხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

სემეკის სააპელაციო შესაგებელი

2011 წლის 7 ივლისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და  უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: ხ. ხომერიკი, გ. ქირია და თ. სიხარულიძე

2011 წლის 5 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი

2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.

უზენაესი სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: ლ. მურუსიძე და ნ. სხირტლაძე