მოპასუხე მხარე: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)

მესამე პირი:  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

2010 წლის 26  ოქტომბერს სემეკმა მიიღო დადგენილება, რომლითაც  შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის გაიზარდა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ კი, არ გამოქვეყნებულა სემეკის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; განსახილველი დოკუმენტები; ასევე, არ გამოქვეყნებულა ცნობა ზეპირი მოსმენის ჩატარების დროის, ადგილისა და დაინტერესებული მხარეების დასწრების შესაძლებლობის შესახებ.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2011 წლის 10 ნოემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სემეკის 2011 წლის 26 ოქტომბრის N18 დადგენილების ბათილად ცნობა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

სემეკის შესაგებელი

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაგებელი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და სემეკის 2008 წლის 29 აგვისტოს N18 დადგენილებით გათვალისწინებულ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

აქვე აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება №24.13 „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ სემეკის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ ყოფილა განთავსებული კომისიის ვებ-გვერდზე. მწვანე ალტერნატივას გააჩნია 2011 წლის ოქტომბერში კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული გადაწყვეტილებების სიის ნაბეჭდი ვერსია, რომელშიც აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოდგენილი არ ყოფილა. მწვანე ალტერნატივა ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისასაც მიუთითებდა და მოსამართლეც თავად დარწმუნდა აღნიშნულში კომისიის ვებ-გვერდის დათვალიერების შედეგად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლოს მხრიდან სრულიად უარყოფილი იქნა მოცემული ფაქტები სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2012 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის  გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სემეკის 2011 წლის 26 ოქტომბრის N18 დადგენილების ბათილად ცნობა.

სააპელაციო საჩივარი

სემეკის სააპელაციო შესაგებელი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის  განჩინებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და  უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით სემეკი-ს 2011 წლის 26 ოქტომბრის N18 დადგენილების პროექტი და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა კომისიის ფოიეში და ვებ-გვერდზე იყო განთავსებული. ცნობაში აღნიშნული იქნა, რომ სემეკში, კომისიის 2011 წლის 6 ოქტომბრის N24/13 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ სემეკის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად. ამასთან დაინტერესებულ მხარეებს ეთხოვათ წარმოედგინათ წინადადებები აღნიშნულთან დაკავშირებით, 2011 წლის 25 ოქტომბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში საჯარო წარმოების დაწყების შესახებ პოსტფაქტუმ შეტანილი იქნა ცვლილება და დამატებულ იქნა ბმული „დანართთან“. სწორედ ასეთი სახით წარმოადგინეს მხარეებმა ცნობა საჯარო წარმოების შესახებ სააპელაციო სასამართლოში  წარდგენილ შესაგებელთან ერთად. აღასანიშნავია, რომ დამატებულ ბმულზე დოკუმენტი განთავსებული არ იყო. 

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტი, რომ თავად კომისიის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში, საჯარო წარმოების დაწყების შესახებ ცნობა ძველი ვერსიით, ანუ დანართის გარეშეა წარმოდგენილი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ განცხადებაში ცვლილება საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ არის შეტანილი და არავითარი დანართი განცხადებას არ ჰქონია.

გარდა ამისა, სემეკის ფოიეში ცნობა მართლაც რომ ყოფილიყო განთავსებული, როგორც მოპასუხე მხარე ამტკიცებს, დაინტერესებული პირი საშვის გარეშე ვერ მოახერხებდა სემეკის შენობაში შესვლას, რასაც ადასტურებს ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი სემეკში, რომელიც საშვის გარეშე ფოიეშიც კი არ შეუშვეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება - მოსამართლეები: თ. სიხარულიძე, ხ. ხომერიკი და მ. სირაძე

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2012 წლის 15 მაისს უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის  განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი

2012 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების თანახმად, მწვანე ალტერნატივას მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და არც სააპელაციო სასამართლოს განუხილავს საქმე იმდენად მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომ ამას არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. 

უზენაესი სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ლ. მურუსიძე და ნ. ქადაგიძე