მოპასუხე მხარე: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2008 წლის 10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა 245-ე განკარგულება ქ.თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. ასევე, 2008 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №323 განკარგულება „ქ. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის #245 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. ვინაიდან, ეს განკარგულება ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ 2010 წლის ივნისში გახდა ცნობილი, როდესაც მწვანე ალტერნატივამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს შორის ხელშეკრულების ასლი აღმოაჩინა. პრეზიდენტის ეს განკარგულება რამდენჯერმეა მოხსენიებული ხელშეკრულებაში, როგორც საწარმოების გასაყიდი ფასის შემცირების საფუძველი.

პრეზიდენტის განკარგულების მოპოვება მწვანე ალტერნატივამ თავდაპირველად 2010 წლის დეკემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან სცადა. რადგან განკარგულების რეკვიზიტები უცნობი იყო, ორგანიზაციამ სამინისტროს სთხოვა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ასლი, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 22 დეკემბერს შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედთან“ დადებულ  ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად მწვანე ალტერნატივამ მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ წერილი რეაგირებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის გადაუგზავნა; თუმცა ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაგირება არ მოჰყოლია.

2011 წლის 30 მარტს, მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადამისამართებულ წერილზე პასუხის გაცემას, მწვანე ალტერნატივამ თავად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა „პრეზიდენტის ყველა იმ განკარგულების ასლი, რომლითაც ცვლილებები და/ან დამატებები შევიდა საქართველოს პრეზიდენტის „ქ. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ 2008 წლის 10 აპრილის N 245 განკარგულებაში“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაშვებ ვადაზე მეტად გაგრძელებული დუმილის შემდეგ, მწვანე ალტერნატივამ სასამართლოს მიმართა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

საქართველოს პრეზიდენტის შესაგებელი

საქალაქო სასამართლოში სარჩელი მწვანე ალტერნატივამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიტანა. მოწინააღდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის საქმეზე სათანადო მოპასუხე, რადგან „საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ამასთან „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის #562 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის ფუნქციაა“.

ფაქტიურად, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა ადმინისტრაციული უწყებაა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოსამართლე დაეთანხმა ზემოთმოყვანილ არგუმენტებს და არ დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას სარჩელი. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლეები: თ. ონიანი

2011 წლის 19 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მეორედ მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსს და მოითხოვა პრეზიდენტის ყველა იმ განკარგულების ასლის გადმოცემა, რომლითაც ცვლილებები და/ან დამატებები შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ქ.თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ 2008 წლის 10 აპრილის 245-ე განკარგულებაში. მოთხოვნილი მასალების მოპოვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მოითხოვა 2011 წლის 19 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მწვანე ალტერნატივას არ აცნობა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების შესახებ და არც მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გადასცა, 2011 წლის 24 ნოემბერს ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალოს 2008 წლის 10 აპრილის #245-ე განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყველა განკარგულების გადმოცემა, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედს“ შორის  2008 წლის 14 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

2012 წლის 20 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. სასამართლოს განმარტებით მოპასუხემ განახორციელა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქმედება – სრულად გასცა მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაცია, რის გამოც არ არსებობს დავის საგნის საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2012 წლის 20 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამოცხადებულმა მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისის #323 განკარგულება „ ქ.თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის #245 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნული განკარგულება არის ერთადერთი განკარგულება დოკუმენტის სახით.

საქალაქო სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: თ. ონიანი

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2012 წლის 10 აპრილს კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

მწვანე ალტერნატივას კერძო საჩივარი

2012 წლის 31 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება. სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაარღვია ორგანიზაციის უფლებები და არ გასცა საჯარო ინფორმაცია, უფრო მეტიც სრულიად უპასუხოდ დატოვა. ის ინფორმაცია, რომელიც სასამართლოზე გადასცა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ორგანიზაციის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, არ იყო სრულყოფილი. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, არც საქალაქო სასამართლომ და შემდგომ არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლეები: ნ. კობახიძე