2013 წლის 19 ნოემბერს  მწვანე ალტერნატივამ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2013 წლის 11 ნოემბერს  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული ერთი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "მწვანე ალტერნატივის უაზრო გაკეთებულ განცხადებებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, ეს არის რადიკალური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის განვითარებას“.

TV3-ის სიუჟეტი "კალაძის ერთი წელი" 11.11.2013

მინისტრის ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა გაზეთის "24 საათი", 2013 წლის 12 ნოემბერის გამოცემაში სათაურით – „"მწვანე ალტერნატივა" რადიკალების ჯგუფია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ეწინააღმდეგება". გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერთი წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა: "“მწვანე ალტერნატივა“ რადიკალური ჯგუფია, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ისინი ფულს იღებენ იმაში, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთდეს. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, რას წარმოადგენენ".

ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემა news.ge-ს ვებ-გვერდზე, სათაურით – "კახა კალაძე: "მწვანე ალტერნატივა" ფულს იმაში იღებს, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთდეს".

მწვანე ალტერნატივა ითხოვს, დაევალოს კახა კალაძეს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პატივის, ღირსებისა და  საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და ორგანიზაციის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 აშშ დოლარის ექვივალენტი  ლარის ოდენობით.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

2013 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, წარმოადგინა შესაგებელი მწვანე ალტერნატივას სარჩელზე. შესაგებელში აღნიშნულია: “მოსარჩელის განცხადება, რომ კახა კალაძის მიერ მას-მედიის საშუალებებში (ტელეკომპანია TV3, ინტერნეტ მედია საშუალება News.ge, „გაზეთი 24 საათი“) გაკეთებული განცხადებები არის ცილისმწამებლური, მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებლი, არის უსაფუძვლო. მოპასუხის განცხადება არ არის მიზანმიმართული მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ, იგი წარმოადგენს მხოლოდ პასუხს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და არ შეიძლება ჩაითვალოს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის“ პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცილისმწამებლურ განცხადებად. აღვნიშნავთ, რომ „მწვანე ალტერნატივა“ თავისი დაუსაბუთებელი განცხადებებით აშკარად ეწინააღმდეგება ენერგეტიკის სამინისტროს მნიშვნელოვან წამოწყებებს და ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრს ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებაში, მოსახლეობის ზეწოლაში და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს, რაზეც მეტყველებს მასმედიის საშუალებებში მოსარჩელის მიერ გამოქვეყნებული არაერთი სტატია და გაკეთებული შეფასება, მათი მონაწილეობით ჩატარებული ქუჩის აქციები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია აქცია – „არა ხუდონჰესს და სხვა დიდ ჰესებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს ასოციაციის მიერ წამოწყებულ აშკარა რადიკალურ კამპანიაზე, რაც სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელების ხელშეშლაში გამოიხატება“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შესაგებელი

დავას განიხილავს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე.

2013 წლის 18 დეკემბერს, 14.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა სასამართლოს პირველი სხდომა.

2014  წლის 11 მარტს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა სასამართლოს მეორე  სხდომა.

მწვანე ალტერნატივას ახსნა-განმარტება

მოპასუხეს ახსნა-განმარტება

2014 წლის 25 მარტს, 10.00 საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგება სასამართლოს მესამე  სხდომა. 

მოპასუხეს საპაექრო სიტყვა

საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.