2013 წლის 18 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის, წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2013 წლის 19 სექტემბერს 14:05:15 საათზე რადიო კომერსანტისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა:  „„მწვანე ალტერნატივა“   არასამთავრობოების რადიკალურ ფრთას განეკუთნება. ყოველთვის უპირისპირდება ყველა იმ  წამოწყებას, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. … ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს რომ თავს იდებენ,  ნუ ჩაერევიან, თორემ ყველამ ყველაფერი  კარგად ვიცით, ვიცით ვის რა ინტერესები ამოძრავებს. … რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იქნება. საჯარო განხილვაზე თვითონ “მწვანე ალტერნატივა“ იყო, მისი წარმომადგენელი  ძალიან გამაღიზიანებლად იქცეოდა. ეს ორგანიზაცია იყო იმ ჯგუფში, რომელმაც ამ პროექტის  ცვლილებები შეიმუშავა და  კონტრაქტორს მიაღებინა. არასამათავრობო ორგანიზაციები ყველა ჩართული იყო და ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ. რაც შეეხება ამ ადამიანების ინტერესებს, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, ამას პრემიერ–მინისტრიც ამბობს. ამ ადამიანებს წინა მთავრობის პირობებში რა ბედი ეწეოდათ, წარმოგიდგენიათ? სახელმწიფოს ჰუმანურობა არ უნდა მივიღოთ სახელმწიფოს სისუსტედ. დაშინების და მუქარის ენით სახელმწიფოსთან ვერავინ ვერ ილაპარაკებს, ეს გამორიცხულია. ეს უნდა გაითვალისწინოს გინდა სამთავრობომ, გინდა არასამთავრობომ“.

მწვანე ალტერნატივა ითხოვს, დაევალოს ილია ელოშვილს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პატივის, ღირსებისა და  საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალების მეშვეობით და ორგანიზაციის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 აშშ დოლარის ექვივალენტი  ლარის ოდენობით.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

2013 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილიმა, წარმოადგინა შესაგებელი მწვანე ალტერნატივას სარჩელზე. შესაგებელში აღნიშნულია: “მოსარჩელის განცხადება, რომ ილია ელოშვილის მიერ რადიო „კომერსანტ“-თან მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება არის ცილისმწამებლური, მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებლი, არის უსაფუძვლო. მოპასუხის განცხადება არ არის მიზანმიმართული მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ, იგი წარმოადგენს მხოლოდ პასუხს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და არ შეიძლება ჩაითვალოს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის“ პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცილისმწამებლურ განცხადებად.

აღვნიშნავთ, რომ „მწვანე ალტერნატივა“ თავისი დაუსაბუთებელი განცხადებებით აშკარად ეწინააღმდეგება ენერგეტიკის სამინისტროს მნიშვნელოვან წამოწყებებს და ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრს ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებაში, მოსახლეობის ზეწოლაში და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს, რაზეც მეტყველებს მასმედიის საშუალებებში მოსარჩელის მიერ გამოქვეყნებული არაერთი სტატია და გაკეთებული შეფასება, მათი მონაწილეობით ჩატარებული ქუჩის აქციები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია აქცია – „არა ხუდონჰესს და სხვა დიდ ჰესებს“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის შესაგებელი

დავას განიხილავს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე.

2013 წლის 18 დეკემბერს, 14.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა სასამართლოს პირველი სხდომა.

2014  წლის 11 მარტს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა სასამართლოს მეორე  სხდომა.

მწვანე ალტერნატივას ახსნა-განმარტება

მოპასუხეს ახსნა-განმარტება

2014 წლის 25 მარტს, 10.00 საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგება სასამართლოს მესამე  სხდომა. 

მოპასუხეს საპაექრო სიტყვა

საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.