მოპასუხე მხარე: საქართველოს მთავრობა

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2010 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს გამოცემული #415, #416, #417, #418, #419, #420, #421, #422, #424, #425, #426, #427, #428, #429, #430, #431, #433 და #434 განკარგულებების ასლების, ასევე იმავე განკარგულებების მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ასლების გადაცემა. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ 2010 წლის 16 აგვისტოს წერილით აცნობა, რომ საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური დოკუმენტის  – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომ ინფორმაციათა კატეგორიის განსაზღვრის მიზნით დაცული უნდა იქნეს ამ სახის დოკუმენტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-52-ე პირველი პრიმა მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთანავე, მისი თქმით გაურკვეველი იყო განცხადებაში დაყენებული საკითხი აქტის მიღების აუცილებლობის „დამასაბუთებელი“ ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმავე პირმა, 2010 წლის 10 სექტემბრის წერილით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას 2010 წლის 7 სექტემბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საქართველოს მთავრობის განკარგულებებისა და მათი მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ასლებთან დაკავშირებით შეეძლო მიემართა იმ სამინისტროებისა და უწყებებისათვის, რომლებმაც განახორციელეს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების ინიცირება.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჯარო ინფორმაციის მოპოვების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობას დაევალოს  -  საქართველოს მთავრობის  2010 წლის  #415, #416, #417, #418, #419, #420, #421, #424, #425, #431, #433 განკარგულებების ასლების, მათი გამოცემის აუცილებლობის დამადასტურებელი განმარტებითი ბარათებისა და 2010 წლის #416, #417, #432 განკარგულებების მხოლოდ განმარტებითი ბარათების, როგორც საჯარო ინფორმაციის ორგანიზაციისათვის გადაცემა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

საქართველოს მთავრობის შესაგებელი 25.10.2010

საქართველოს მთავრობის შესაგებელი 28.11.2010

2011 წლის 17 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება. სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით პასუხი გაცემული იქნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, რომლის ქმედებაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელეს არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლებამოსილება – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსთან. აღნიშნული საკითხის განხილვა შედის საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში.

საქალაქო სასამართლოს განჩინება - მოსამართლეები: ნ. შარაძე

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2011 წლის 19 აპრილს კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განჩინების, სარჩელის წარმოების შეწყვეტის შესახებ,  გაუქმება და კერძო საჩივარის წარმოებაში მიღება.

მწვანე ალტერნატივას კერძო საჩივარი

2011 წლის 30 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განჩინება. სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: მ. ლომიძე

2011 წლის 4 აპრილს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2010 წლის #415, #418, #420, #421, #424, #425 და #431 განკარგულებების ასლების და ასევე ამ აქტების მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ასლების, ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #416, #417 და 2010 წლის 10 აპრილის #432 განკარგულებების მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტების ასლების გადმოცემა.

საქართველოს მთავრობის  იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2011 წლის 15 აპრილის წერილით ირკვევა, რომ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანცელარიას მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რის შესახებაც მწვანე ალტერნატივას ეცნობა 2010 წლის 10 სექტემბრის წერილით.

ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს მთავრობაში 2011 წლის 15 მაისს და მოითხოვა დაევალოს საქართველოს მთავრობას გადასცეს მწვანე ალტერნატივას 2011 წლის 4 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილის 2011 წლის 10 ივნისის წერილით ორგანიზაციას ეცნობა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასამართლოში. გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ მოცემულ საკითხზე საქართველოს კანცელარიას მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რის გამოც ზაკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

აღნიშნული განკარგულებების მოპოვების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მწვანე ალტერნატივამ 2011 წლის 8 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას საქართველოს მთავრობის 2010 წლის #415, #418, #420, #421, #424, #425 და #431 განკარგულებების ასლების და ასევე ამ აქტების მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ასლების, ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #416, #417 და 2010 წლის 10 აპრილის #432 განკარგულებების მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტების ასლების გადმოცემა; საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2011 წლის 15 აპრილისა და 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაგებელი

2012 წლის 4 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2011 წლის 10 ივნისისათვის უკვე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლეები: ი. კვაჭანტირაძე

2012 წლის 29 ივნისს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

2012 წლის 16 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება - მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

2012 წლის 16 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარ

2012 წლის 20 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის #9029 წერილით  მწვანე ალტერნატივას გადაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, ამიტომ  ორგანიზაციამ გამოიხმო საკასაციო სარჩელი. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მწვანე ალტერნატივას განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს განჩინება - მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ლ. მურუსიძე და მ. ვაჩაძე