დავა საქალაქო სასამართლოში

მოსარჩელე: ზაზა წიკლაური, შოთა ბუჩუკური და ააიპ მწვანე ალტერნატივა

მოპასუხე; საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მესამე პირი: შპს ,,ენერგოტრანსი”, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ.

მწვანე ალტერნატივამ, შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა წარადგინეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს:

1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანება, რომლითაც მინისტრმა „შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ  ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის #37068 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივას", ზაზა წიკლაურის, შოთა ბუჩუკურის ადმინისტრაციული საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

სარჩელი

დანართი #1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიურ ექსპერტიზისთვის წარდგენილი მასალები

დანართი #2. შეხვედრის ოქმი და ვიდეო ჩანაწერი 

დანართი #3. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, შეხვედრის ოქმი და ვიდეო ჩანაწერი

დანართი #4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

დანართი #5. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება #ი-260

დანართი #6. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 14 ივნისის # 4656 წერილი

დანართი #7. 2016 წლის 14 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი

დანართი #8. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის #37068 გადაწყვეტილება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაგებელი

საქართველო მთავრობის შესაგებელი

2017 წლის 24 იანვარს ჩატარებულ მოსამზადებელ სხდომაზე მწვანე ალტერნატივამ წარადგინა შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 5 აგვისტოს #6572 წერილი – წერილში სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავჯდომარე დეტალურად აღწერს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ადამიანებისათვის დაწესებულ შეზღუდვებს, არსებულ საფრთხეებსა და რისკებს. 

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს მიერ ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და ინსპექტირებაში” ფარგლებში შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორული გზამკვლევი – ელექტროგადამცემი ხაზები - დოკუმენტი ვრცლად აღწერს სამინისტროს ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომზადდეს ელექტროგადამცემი ხაზის გარემოზე ზემოქმედების შეფასება და რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი გზშ-ის ანგარიშში. გზამკვლევის თანახმად, „ადამიანის ჯანმრთელობაზე მაგნიტური და ელექტრული ველის ზემოქმედების შესახებ ხანგრძლივი კვლევების  მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ცალსახა პასუხი. 2009 წელს შვეიცარიაში განხორციელებულმა მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა წლების მანძილზე მაღალი ძაბვის საჰაერო გადამცემი ხაზიდან 50 მეტრი დაშორების ფარგლებში მცხოვრები ალცჰეიმერით დაავადებული ადამიანების სიკვდილიანობის ზრდის მნიშნველოვანი დამოკიდებულება დასხივების ხარისხზე. ამასთან, სხვა მკვლევარებმა დაამტკიცეს მაგნიტურ და ელექტრულ ველსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უქონლობა და განაცხადეს, რომ არ არსებობს გადამცემი ხაზებიდან და ელექტრო დანადგარებიდან გამოსხივებული მაგნიტური და ელექტრული ველის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების ცდებით დადასტურებული მონაცემები. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოების ფართო ინტერესის საგანს, მაგნიტურ და ელექტრულ ველსა და ადამიანის  ჯანმრთელობას შორის კავშირი წარმოადგენს. რადგან, გზშ-ის პროცესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის ერთგვარი პლათფორმაა, ის საკითხები რომლებიც საზოგადოების ინტერესის საგანს წამოადგენს სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს. ამ თვალთახედვით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინდახედულობის მიდგომა. ეს მიდგომა გულისხმობს მაგნიტური და ელექტრული ველის გახანგრძლივებული ზემოქმედების არსებული ან ახალი სიტუაციის დარეგულირებას. ეს შეიძლება მოიცავდეს არსებული დასახლებების სიახლოვეს ახალი გადამცემი ხაზების და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან საცხოვრებელი სახლების მშენებლობის აკრძალვას ან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან უკვე მცხოვრები ხალხისთვის რეგულაციების შემოღებას. ელექტრული დენისა და ძაბვის მიხედვით საცხოვრებელი პუნქტიდან დაშორების მანძილი შეიძლება მერყეობდეს 30 და 200 მეტრის ფარგლებში“.

2017 წლის 3 აპრილს სხდომაზე დაიწყო საქმის არსებითი განხილვა.

22 მაისის სხდომაზე „მწვანე ალტერნატივამ“ წარადგინა შუამდგომლობა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტიკეცებულებების დართვის თაობაზე, კერძოდ:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 მაისის #4310 წერილი, რომლიდან ირკვევა, რომ  შპს  „ენერგოტრანს“ არ აქვს შესრულებული არცერთი პირობა, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 მაისის წერილი #3888, რომელის თანახმად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ენერგოტრანსს“ სამინისტროსთვის მშენებლობის დაწყების თაობაზეც კი არ უცნობებია.

3. შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის 2017 წლის 11 მაისის #376 წერილით წარდგენილი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესრულების სტატუსი“. 

4. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, 2017 წლის  23 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაისხევის დასახლება ბანცურიანთკარში დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი.

5. საინფორმაციო ონლაინ-გამოცემა „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟი პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებები დართვის თაობაზე.

ამავე სხდომაზე, ასევე, მომჩივანმა ზაზა წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის,  2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით მინისტრმა „შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ  ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

სასამართლომ მიიჩნია, მინისტრის ბრძანების მოქმედების შეჩერების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

სასამართლოს განჩინების თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ნავარაუდევი ზიანი (მეწყერსაშიშ ფერდობებზე მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა, უნებართვოდ ტყის გაჩეხვა, პროექტის მარშრუტის დარღვევა, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაუცველობა და სხვ.) ვერ იქნება აღმოფხვრილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებით, ვინაიდან უშუალოდ იგი არ ანიჭებს პროექტის განმახორციელებელ პირს მშენებლობის უფლებას და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ავტომატურად არ გამოიწვევს მშენებლობის პროცესის შეჩერებას. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეესაბამება სასამართლოში სადღეისოდ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნას“.

საქმის განსახილველად ორი მოსამზადებელი და ექვსი მთავარი სხდომა ჩატარდა. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას, ზაზა წიკლაურისა და შოთა ბუჩუკურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.


დავა სააპელაციო სასამართლოში

2017 წლის 2 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ, ზაზა წიკლაურმა და შოთა ბუჩუკურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით საჩივარი წარადგინეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.  

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე – მერაბ ლომიძე, მოსამართლეები – თეა ძიმისტარაშვილი და მირანდა ერემაძე.


დავა უზენაეს სასამართლოში

2018 წლის 7 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ, ზაზა წიკლაურმა და შოთა ბუჩუკურმა საკასაციო საჩივრით მიმართეს უზენაეს სასამართლოს.

უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქმეს განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძე.