მწვანე ალტერნატივამ, შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და მოითხოვეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული აქტით მინისტრმა „შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ  ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ავტორებს უარი ეთქვათ საჩივრის განხილვაზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას განმარტებით, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორცილებელს უფლება აქვს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს. მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წერილში არ არის განმარტებული საქმიანობის განმახორცილებლის ეს უფლება რა კავშირშია საჩივრის განხილვასთან, თუმცა, ამ საფუძვლით მწვანე ალტერნატივას, შოთა ბუჩუკურისა და ზაზა წიკლაურის საჩივარი განუხილველი დარჩა.