დავა საქალაქო სასამართლოში

მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა

მოპასუხეები: საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი – შპს „ენერგოტრანსი“

საქმე განიხილა მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ.

2018 წლის 13 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-152 „შპს „ენერგოტრანსი“-ს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.  

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 

„შპს „ენერგოტრანსი“-ს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2018 წლის 21 თებერვალს; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

ამასთანავე, განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სამინისტრომ, კვალავ, ნებართვა გასცა არასათანადოდ შესწავლილ პროექტზე და საქმიანობის განმახორციელებელს გადაწყევტილების მიღების შემდგომ დაავალა იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლთა განხილვის საფუძველზეც უნდა მიეღო გადაწყვეტილება.  

2018 წლის 26 ივლისს მწვანე სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის  #2-152 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, „სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.


დავა სააპელაციო სასამართლოში

2019 წლის 13 მაისს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.