მოსარჩელე: შოთა ბუჩუკური

მოპასუხე: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირი: შპს ,,ენერგოტრანსი''

საქმე განიხილა მოსამართლე ნათია ბუსკაძე.

2017 წლის 4 სექტემბერს შოთა ბუჩუკურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა (1) ქსანი სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ სსიპ ტექნიკური და  სამშენებლო  ზედამხედველობის სააგენტოს  უფროსის 2017  წლის 10  მაისის N94­4 ბრძანების ბათილად ცნობა და (2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილება შოთა ბუჩუკურის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილვევლად დატოვების შესახებ.

2017 წლის 25 მაისს შოთა ბუჩუკურმა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შპს „ენერგოტრანსის“ 500კვ-იანი ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი.  

პასუხად, შოთა ბუჩუკურს ეცნობა, რომ შპს „ენერგოტრანსის“ მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული შემდეგი ადმინისტრაციული წარმოების მასალები:

- მშენებლობის პროექტი;
- პროექტის რეკონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები;
- საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სტეფანწმინდას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე;
- საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სტეფანწმინდას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე;
- საექსპერტო დასკვნა 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის ქსანი-სტეფანწმინდას ტექნოლოგიურ ნაწილზე;
- კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები; და
- პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.

როგორც დამატებით გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან გაირკვა შპს ენერგოტრასმა  2017 წლის 4 მაისს (პროექტის პირველ მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 19 ივლისს; ხოლო მეორე მონაკვეთზე – 2016 წლის 1 დეკემბერს) მიმართა სსიპ ტექნიკური და  სამშენებლო  ზედამხედველობის სააგენტოს  უფროსს და მოითხოვა ზემოთჩამოთვლილი მასალების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად წერილში მითითებულია ორი გარემოება:
1. „დოკუმენტაცია შეიცავს როგორც პერსონალურ მონაცემებს, ასევე პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას და აღნიშნული დოკუმენტების მესამე პირთათვის გადაცემა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“;
2. „(KFW)-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამისად იერარქიულად წარმოადგენს ზემდგომ დოკუმენტს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულება პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცემას KFW-სთან  შეუთანხმებლად კრძალავს“.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის 6 მარტს გამართულ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ენერგოტრანსმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია საკუთარი პოზიციის გასამყარებლად:  

1. პროექტისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევად დაქირავებული გერმანული კომპანია „ფიხტნერის“ წარმომადგენლის ელექტრონული წერილი, რომლითაც კომპანია „არსებული მდგომარეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქციელის გათვალისწინებით“ ენერგოტრანსის წარმომადგენელს სთხოვს კონფიდენციალურობის დაცვას;
2. KfW-ს წარმომადგენლის ელექტრონული წერილი ენერგოტრანსის წარმომადგენელს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბანკი თანახმაა „ინფორმაციის გამოქვეყნებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს სამართლებრივი ვალდებულება, ან სასამართლოს, ან სახელმწიფო ორგანიზაციის ბრძანება“; და მოუწოდებს ენერგოტრანსს იხელმძღვანელოს ფიხტნერთან დადებული საკონსულტაციო ხელშეკრულების 1.12 მუხლით, რომელიც კომპანიას ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვას ავალდებულებს. 

სარჩელის ავტორები ვთვლით, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი პროექტის (V კლასის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისას არ ყოფილა დაცული  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

შოთა ბუჩუკურის სარჩელი

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაგებელი

13 თვის განმავლობაში 9 სხდომის ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 20 დეკემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შოთა ბუჩუკური საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ:
- სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N94-04 ბრძანება და დაავალა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

- სასამართლომ, ასევე, ბათილად სცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შოთა ბუჩუკურის 2017 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება.


დავა სააპელაციო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 აპრილს გაასაჩივრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.