2018 წლის 13 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-152 „შპს „ენერგოტრანსი“-ს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.  

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 

„შპს „ენერგოტრანსი“-ს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2018 წლის 21 თებერვალს; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

ამასთანავე, განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სამინისტრომ, კვალავ, ნებართვა გასცა არასათანადოდ შესწავლილ პროექტზე და საქმიანობის განმახორციელებელს გადაწყევტილების მიღების შემდგომ დაავალა იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლთა განხილვის საფუძველზეც უნდა მიეღო გადაწყვეტილება.  

2018 წლის 29 მაისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის  #2-152 ბრძანების ბათილად ცნობა.

ადმინისტრაციული საჩივარი

ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, 2018 წლის 26 ივლისს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.