2018 წლის 1 იანვარს ამოქმედებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომლებითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორებში.

კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, „სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ“.

2020 წლის 8 აპრილს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა „დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილის #14 დადგენილება. დამტკიცებულ დოკუმენტს არ ჩატარებია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და არც სამინისტროს მიუღია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება.

ამიტომ, 2020 წლის 27 აპრილს მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და საკითხის შესწავლა და შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა.

საჩივრის წარდგენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ – 2020 წლის 21 მაისს, მინისტრის მოადგილემ ნინო თადილაშვილმა საჩივარი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გაუგზავნა და წერილში დასმული საკითხის განხილვა და პასუხის სამინისტროსა და მწვანე ალტერნატივასათვის გაგზავნა სთხოვა.

კიდევ ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 25 ივნისს მივიღეთ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, ზაქარია ენდელაძის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება მოხდა 2015 წელს საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული დაბა აბასთუმნის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე. წერილიდან ნათელია, რომ მერმა კარგად იცის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, თუმცა კანონის მოთხოვნების შესრულების მიმართ თავისებური დამოკიდებულება აქვს. კერძოდ მერის წერილში აღნიშნულია:

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე ითვალისწინებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) შესაბამისი პროცედურების დაწყებას, კერძოდ, კოდექსის მიხედვით, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, რათა სგშ-ს განხორციელებამ შეასრულოს მისი რეალური ფუნქცია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან, ამ შემთხვევაში უკვე 2015 წელს არსებობდა დაბა აბასთუმნის სტრატეგია და განსაზღვრული იყო დაბის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ჩაითვალა რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი სგშ-ს ჩატარების მოთხოვნას არ საჭიროებდა. ამასთან, ქალაქთმშენებლობითი გეგმებით გათვალისწინებული გეგმარებითი ცვლილებები არ ახდენს გარემოზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან, უარყოფით ზემოქმედებას. ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფცია ფაქტიურად იმეორებს და გარკვეულად აზუსტებს დაბა აბასთუმნის 2015 წლის სტრატეგიის განვითარების ძირითად პრინციპებს და ხედვებს“.

რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჟღერდეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის განმარტება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ის საკმაოდ დამჯერებელი აღმოჩნდა. 2020 წლის 8 აგვისტოს ჩვენი საჩივრის საფუძველზე სამინისტროს მიერ კანონდარღვევის აღკვეთისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად, სამინისტრომ გვაცნობა, რომ „,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე. ამასთან, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი სგშ-ის სკრინინგის გადაწყვეტილების/სკოპინგის დასკვნის/სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს დამგეგმავი ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაცია“. რეაგირების ამსახველი დოკუმენტაციის სახით კი, კვლავ, მინისტრის მოადგილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წერილები გადმოგვეცა. 

შედეგად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს კანონი, რომელითაც  სავალდებულოა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება სტრატეგიული დოკუმენტისთვის, თუმცა აღსრულება მოთხოვნის არ ხდება; ხოლო ადმინისტრაციული ორგანო რომლის კომპეტენციასაც მიეკუთვნება საკითხის რეგულირება, თავს არიდებს პასუხისმგებლობას.

2020 წლის 11 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართა.