დავა საქალაქო სასამართლოში

მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა

მოპასუხე: სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოსამართლე: მერი გულუაშვილი

დავის არსი: 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას აცნობეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა, სააგენტოს თვალსაზრისით, კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო.

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა გარემოდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის  ამოღებას და ყველა დანარჩენ კომპონენტზე, მათ შორის ადამიანზე ზემოქმედებას გულისხმობს. ერთდროულად 100 სარგებლობის ლიცენზიის აუქციონზე გამოტანის გადაწყვეტილება არის გეგმა, რომელსაც აუცილებლად მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარემოზე. „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ე.წ. ორჰუსის კონვენცია მხარეებს ავალდებულებს უზრუნველყონ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადების მონაწილეობა.

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ არ უზრუნველყო არათუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, არამედ პროცესის შესახებ ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია და უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა საზოგადოებას.

გარდა ამისა, გეგმის ფარგლებში არაერთი ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონი კანონდარღვევით არის გამოცხადებული. 

ყოველივე აღნიშნულის გამო, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შესწავლა – მოპოვების ლიცენზიების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის № 156/ს ბრძანების ბათილად ცნობა.