2016 წლის 21 აპრილს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის  მე-5 პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი პუნქტთან წინააღმდეგობის შემოწმება.

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე. დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“.

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით (2016 წლის 14 დეკემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი) სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებული იქნა მოთხოვნის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2017 წლის 22 მარტს დაიწყო და 20 აპრილს გაგრძელდა სარჩელის არსებითი განხილვა (არსებითი განხილვის ოქმი). 2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით (საოქმო ჩანაწერი) კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2017 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და 2018 წლის 29 მარტს დასრულდა სარჩელის არსებითი განხილვა (სხდომის ოქმი).