დავა საქალაქო სასამართლოში

მომჩივანი: ზაზა წიკლაური

მოპასუხეები: საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მესამე პირი: სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე

2016 წლის 15 აგვისტოს ზაზა წიკლაურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი 110“ რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის #ი-11 ბრძანება;

2. ბათილად იქნეს ცნობილი „სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 110  კილოვატიანი (220 კილოვატიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალის“ რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 19 თებერვლის N#ი-91 ბრძანება;

3. ბათილად იქნეს ცნობილი  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #1555 განკარგულება, რომლითაც ზაზა წიკლაურს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქმის წელიწადნახევრის განმავლობაში განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა  ზაზა წიკლაურის სარჩელი.


დავა სააპელაციო სასამართლოში

აპელანტი: ზაზა წიკლაური

მოპასუხეები: საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მესამე პირი: სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“

მოსამართლე: ირაკლი შენგელია

2018 წლის 6 მარტს ზაზა წიკლაურმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით ზაზა წიკლაურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.


დავა უზენაეს სასამართლოში

2018 წლის 9 ივლისს ზაზა წიკლაურმა საჩივარი წარადგინა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლომ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ზაზა წიკლაურის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.