2018 წლის 19 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №2-257, რომლითაც „შპს „ქცია-94“-ს დაშბაში ჰესის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის უფლება მიენიჭა.

ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 

დაშბაშიჰესის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

2018 წლის 18 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის 2018 წლის 19 აპრილის N 2-257 ბრძანების  ბათილად ცნობა. ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, 2018 წლის 17 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.