2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-96 „შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე (1 ახალი წისქვილის მოწყობისა და ექსპლუატაციის) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.  

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 

„შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

2018 წლის 6 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის #2-96 ბრძანების ბათილად ცნობა.

ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის წერილის თანახმად, მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი საკუთარი მოსაზრებებისა და ადმინისტარციული წარმოების მასალების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 

ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.