მწვანე ალტერნატივამ  წერილით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მოითხოვა 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციის რეესტრი.

ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას აცნობა, რომ 2017-2018 წელს სამინისტროში შემოსული და გასული კორესპონდენციის შესახებ სრული ინფორმაცია დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის პროგრამულ ბაზაში; ამასთან, კორესპონდენციის რეესტრი წარმოადგენს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას რომლის დიფერენცირება პროგრამულად არ არის შესაძლებელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციას გადაეცა მხოლოდ შემოსული და გასული კორესპონდენციის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

2020 წლის 23 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მოითხოვა: (1) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და (2)მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის  გაცემა.

2020 წლის 8 ივლისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.

2020 წლის 20 ივლისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N2-635 „ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივას 2020 წლის 23 ივნისის № 9315 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“. ბრძანების თანახმად, (1) არ დაკმაყოფილდა  მწვანე ალტერნატივას საჩივრის მოთხოვნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ წერილის უკანონოდ ცნობის ნაწილში და (2) დაკმაყოფილდა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში და სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს მწვანე ალტერნატივას მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.