დავა საქალაქო სასამართლოში

მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა

მოპასუხე: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

მოპასუხე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი

საქმე #: 3/2647-20

დავის არსი: ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საავტომობილო გზების დეპარატამენტმა არ წარადგინა კანონით დადგენილი ინფორმაცია, თუმცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა მშენებლობის ნებართვა და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა შეფასებულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი რისკი.

2019 წლის 26 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ და გიგა ჩოხელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს და  ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის #188-04 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჩივრის ზეპირი მოსმენა ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ, საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორებისთვის  არ აცნობა. ამიტომ 2020 წლის 13 აპრილს მწვანე ალტერნატივამ და გიგა ჩოხელმა სარჩელი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს:

1. ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის #188-04 ბრძანების ბათილად ცნობა; და
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების (ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას და გიგა ჩოხელის ადმინისტრაციული საჩივარი.