დავა საქალაქო სასამართლოში

მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა

მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოსამართლე: ნათია ბუსკაძე

დავის არსი: 2018 წლის 24 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა „ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის“ სკოპინგის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა  „ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის“ პროექტზე სავალდებულო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის აუცილებელი კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის და წარმოსადგენი დოკუმენტაციის საკმაოდ ვრცელი  ჩამონათვალი. თუმცა, როგორც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის ეტაპზე გაირკვა საავტომობილო გზების დეპარატამენტმა არ უზრუნველყო პროექტის ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესამოწმებლად კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეთხოვა ნებართვის მაძიებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ან უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები. 

ყოველივე აღნიშნულის გამო, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის #2-354 ბრძანების ბათილად ცნობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა შესაგებელი.

2019 წლის 26 სექტემბერს 11.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება საქმის მოსამზადებელი სხდომა.