2017 წლის 4 სექტემბერს შოთა ბუჩუკურმა, მწვანე ალტერნატივას დახმარებით, სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქსანი-სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობა. კერძოდ, შოთა ბუჩუკურმა მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 23 მარტის #54-04 ბრძანება “ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაანამდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდას“ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე;

2. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის #121-04 ბრძანება “ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაანამდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდას“ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

3. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 7 ოქტომბრის #179-04 ბრძანება „დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფერ ოქრუაანიდან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჩხოტამდე „ქსანი-სტეფანწმინდას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ.327+44-დან – პკ.950+18-მდე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ;

4. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის #204-04 ბრძანება სოფელ ოქრუანიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჩხოტამდე, ,,ქსანი­სტეფანწმინდას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ327+44 და ნპკ.950+18- მდე) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ასევე, შოთა ბუჩუკურმა მოითხოვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით შოთა ბუჩუკურის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებაზე არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 12 ოქტომბერს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი.

2018 წლის 2 მარტს სასამართლოს შესაგებელი წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

2018 წლის 23 მარტს კი, შესაგებელი წარადგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

მოპასუხეები: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირები: შპს ''ენერგოტრანსი'', საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

საქმეს განიხილავს მოსამართლე ანა ჩხეტია.

საქმის განხილვისთვის უკვე ორი მოსამზადებელი სხდომა შედგა: 2017 წლის 18 დეკემბერს და 2018 წლის 14 თებერვალს. 2018 წლის 16 აპრილს გამართული მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა საქმის არსებით განხილვაში; სხდომას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ დაესწრო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელი.

საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება 2018 წლის 4 ივნისს 17.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 34-ე დარბაზში.