დავა საქალაქო სასამართლოში

მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა

მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი: სს „ონის კასკადი“

მოსამართლე: მერი გულუაშვილი

დავის არსი: 2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება „ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, სს ,,ონი კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი -122 .4 მგვტ; ონი 2 ჰესი- 83.7 მგვტ), მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან  ირკვევა რომ სს“ ონის კასკადმა“ არ უზრუნველყო პროექტის ადამინების ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, განხილვის პროცესში დაშვებული არაერთი კანონდარღვევით გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.  ამასთანავე, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად იყო უგულებელყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

ყოველივე აღნიშნულის გამო, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, სს ,,ონი კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი -122 .4 მგვტ; ონი 2 ჰესი- 83.7 მგვტ), მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის N2-256 ბრძანების ბათილად ცნობა.