2015 წლის 20 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ონის ჰესების კასკადების“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობას, სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს", სს "სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და სს "ონის კასკადს" შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმება.

მწვანე ალტერნატივას მოთხოვნის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მემორანდუმი საქართველოს მთავრობის სახელით მხოლოდ ინგლისურ (არასახელმწიფო) ენაზეა გაფორმებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით საქმეზე დადგინდა ხარვეზი. სასამართლომ მიიჩნია, რომ “მოსარჩელე მხარეს უნდა დაევალოს მის მიერ გასაჩივრებული 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი წარმოადგინოს ნათარგმნი სახელმწიფო ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით“; ანუ, მწვანე ალტერნატივას დაევალა საქართველოს მთავრობის მიერ არასახელმწიფო ენაზე დადებული მემორანდუმის სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების უზრუნველყოფა.

მწვანე ალტერნატივამ სასამართლოს წარუდგინა დამატებითი განმარტება იმის თაობაზე, რომ, სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ორგანოსა და საქართველოს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის დადებულია მხოლოდ ინგლისურ ენაზე და სწორედ ამ საფუძვლით ითხოვდა შეთანხმების ბათილად ცნობას. სასამართლოს მხრიდან ამ პირობებში ხარვეზის დადგენა იმის შესახებ, რომ წარმოსადგენია ქართულ ენაზე შესრულებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უსაფუძვლოა, კანონსაწინააღმდეგო და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს სამართლიანი სასამართლოს შესახებ.

პასუხად, სასამართლომ მხოლოდ ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

საბოლოოდ, კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ.

2015 წლის 27 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა. საქმე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე – თეა ძიმისტარაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და საქმე  მწვანე ალტერნატივას სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმე კვლავ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ განიხილა. სასამართლომ კვლავ დაადგინა ხარვეზი და მწვანე ალტერნატივას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოსთხოვა. მწვანე ალტერნატივამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა: „დაევალოს მოპასუხეს  – საქართველოს მთავრობასა და სს "ონის კასკადს" შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის  „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წარმოდგენა ნათარგმნი სახით, სახელმწიფო ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით“. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი და ახალი განჩინებით მწვანე ალტერნატივას კვლავ მიეცა დრო ხარვეზის აღმოსაფხვრელად.  საბოლოოდ, 2016 წლის 28 ივნისს, სასამართლომ კვლავ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.