2018 წლის 1 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-117 „შპს „თათლის“ მიერ ამორტიზირებული აკუმულატორებიდან ტყვიის სადნობი და დნობისას წარმოქმნილი ტყვიის შემცველი წიდის დროებითი დასაწყობების საწარმოს (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.  

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 

„შპს „თათლის“ მიერ ამორტიზირებული აკუმულატორებიდან ტყვიის სადნობი და დნობისას წარმოქმნილი ტყვიის შემცველი წიდის დროებითი დასაწყობების საწარმოს ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2018 წლის 7 თებერვალს; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

2018 წლის 18 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის  #2-117 ბრძანების ბათილად ცნობა.

ვინაიდან თვენახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

მოპასუხეები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა