DSC_0176

 

 

'In Brazil, when the poor steal they go to jail.
When the rich steal, they become ministers'.
Luiz Inacio Lula da Silva, 1988

 

„ღარიბები, ქურდობისთვის, ციხეში ხვდებიან; მდიდრები კი, მინისტრებად ინიშნებიან'“.
ეს სიტყვები ლუის ინასიუ ლულა და სილვამ 1988 წელს წარმოთქვა;
მაშინ ის პროფკავშირებს წარმოადგენდა.

კვირაზე მეტია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ბრაზილია, სადაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას (Luiz Inacio Lula da Silva) პროკურატურამ კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენა. ბრაზილიის ამჟამინდელ პრეზიდენტს დილმა რუსეფს (Dilma Rousseff) 2005-2010 წლებში, ლულა და სილვას პრეზიდენტობისას (2003-2011), მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა (ეს თანამდებობა ითვლება მთავრობის უმაღლეს თანამდებობად, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების შემდეგ). დღეს ცნობილი გახდა, რომ ამჯერად დილმა რუსეფმა დანიშნა ლულა და სილვა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. ამ დანიშვნას გასულ კვირას ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ და როგორც ჩანს, არ შეცდნენ. გავრცელებული მოსაზრებით, რუსეფი, ლულა და სილვას ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნით, ცდილობს გაართულოს ლულა და სილვას სამართლებრივი დევნა (ბრაზილიაში მთავრობის წევრის სამართლებრივი დევნა შესაძლებელია მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თანხმობით). მართალია, დილმა რუსეფი უარყოფს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მფარველობას და ბარიერების შექმნის მცდელობას, მაგრამ ნათელია, რომ ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული როგორც თანამდებობრივი, ისე, შესაძლოა, კორუფციული კავშირებით.

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის დეკემბერში ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. პროცესის დაწყება, მედიის ცნობით, უკავშირდება სახელმწიფო ნავთობ-კომპანიაში Petrobras-ში 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კორუფციული სქემის გამოძიებას. 2003-2010 წლებში დილმა რუსეფი Petrobras-ში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში წაუყენეს ბრალდება, წელს, 10 მარტს, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ლულა და სილვასაც.

ამტკიცებენ, რომ დეველოპერული კომპანიები, Petrobras-ისგან სასურველი კონტრაქტების მოსაპოვებლად, ქრთამს უხდიდნენ ნავთობ-კომპანიის ჩინოსნებს (ე.წ. „ატკატი“ სამშენებლო კონტრაქტის 3%-ს შეადგენდა). ხელოვნურად იზრდებოდა, ასევე, მშენებლობის ფასებიც. Petrobras-ის საქმის გამოძიებისას დაკავებულ იქნა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, თანამდებობის პირები დილმა რუსეფის უახლოესი წრიდან, ასევე, ისეთი წამყვანი საინჟინრო კომპანიების ხელმძღვანელი პირები როგორიცაა, Odebrecht, Andrade Gutierrez და OAS. ეს კომპანიები უდიდეს წილებს ფლობენ კონსორციუმში, რომელიც საყოველთად ცნობილ ბელო მონტეს (Belo Monte) ჰესს/კაშხალს აშენებს ბრაზილიაში, ამაზონის ერთ-ერთ შენაკადზე – მდინარე შინგუზე.  

კორუფციული სქემის გამოძიებისას შედგა საპროცესო გარიგება სენატორ დელსიდიუ დუ ამარალთან (Delcidio do Amaral), მმართველი მშრომელთა პარტიის ყოფილ ლიდერთან;  სენატორის ჩვენების თანახმად, დილმა რუსეფმა არათუ იცოდა სახელმწიფო კომპანიის ტენდერებში არსებული თაღლითური სქემებისა და მექრთამეობის შესახებ, არამედ ცდილობდა კიდეც შეეჩერებინა ანტიკორუფციული გამოძიება. ამარალის მტკიცებითვე, კორუფციული სქემის გამოყენებით, ბელო მონტეს კაშხლის მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან 45 მილიონი რეალი (9 მილიონი ფუნტი) იქნა მიმართული ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად.

ბელო მონტეს კაშხალი, დასრულების შემდეგ (დაგეგმილია 2019 წელს), მსოფლიოში მესამე იქნება სიდიდით, სამი ხეობის კაშხლისა (ჩინეთი) და იტაიპუს (ბრაზილია) კაშხლების შემდეგ. კაშხლის მშენებლობა არაერთხელ დაყოვნდა გარემოსდაცვითი დავებისა და ამაზონის აუზში მცხოვრებ  თემთა წინააღმდეგობის გამო.

გაიგე უფრო მეტი:

! ვინ იღებს სარგებელს და ვინ განიცდის დანაკარგს კაშხლების მშენებლობის გამო? – კაშხლები, მდინარეები და ჩვენი უფლებები: სახელმძღვანელო კაშხლების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემებისთვის (მწვანე ალტერნატივა, 2011)

ენერგო-პროექტები და კორუფცია საქართველოში (მწვანე ალტერნატივა, 2013)

! ბელო მონტეს კაშხლისა და წინააღმდეგობის შესახებ:

International Rivers on Belo Monte dam

Amazon Watch on Belo Monte dam

ავტორი: ქეთი გუჯარაიძე