gamcvaneba

კოვიდ-19-ის პანდემია სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა თანამედროვე საზოგადოებებისთვის. მსოფლიოში დაავადების სწრაფი გავრცელების შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, იზოლაციისა და კარანტინის გამო დაიხურა საზღვრები, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მძიმედ პანდემიამ ღარიბ მოსახლეობას დაარტყა და კიდევ უფრო გაზარდა სიღარიბე და უთანასწორობა, ისედაც უთანასწორო მსოფლიოში.

რა კავშირია პანდემიასა და გარემოსდაცვით პრობლემებს შორის?

ახალი ადამიანური დაავადებების წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების დეგრადაციასთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კლიმატის ცვლილებით, რესურსების ინტენსიური მოპოვებით, ურბანული და აგრარული ექსპანსიითა და დაბინძურებით[1].

კოვიდ-19-ის შესწავლამ[2] ნათლად დაგვანახვა, რომ არსებობს კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ვირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის. კვლევის თანახმად, 2.5 ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებით (PM 2.5-ით) ჰაერის დაბინძურების სულ მცირედი (1მკგ/მ.კუბ.-ით) მატება იწვევს Covid-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების რისკის ზრდას 15%-ით.

გაჩერებული წარმოებებისა და მასობრივად შემცირებული სატრანსპორტო ნაკადების ფონზე, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. სწორედ ეს არის საერთაშორისო თუ ეროვნული მედიის ლამის ერთადერთი პოზიტიური რეპორტაჟი ბოლო კვირების განმავლობაში. მედია გვამცნობს, რომ პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინდოეთის პენჯაბის შტატში ჰიმალაის მთების მწვერვალები დაინახეს, ხოლო თბილისის მოსახლეობამ გაიხსენა როგორია ჰაერი, რომელსაც არ სდევს ბენზინის ნამწვის სუნი. თებერვლისა და მარტის თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა სათბური გაზების ემისიები[3].

კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით, კოვიდ-19-ის პანდემიას ჯერჯერობით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მოუტანია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, მთლიანობაში, სათბური გაზების ემისია გლობალურად 2020 წლის განმავლობაში სულ რაღაც 0.3%-ით შემცირდება[4]. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს, სათბური გაზების ემისია შემცირდა 1.3%-ით, მაგრამ 2010 წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შედეგად გადაიფარა და მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, ისევე როგორც ფინანსური კრიზისის დროს, ემისიების შემცირება ადამიანთა ტრაგედიებზე იყო დაფუძნებული და არა სისტემის სტრუქტურულ ცვლილებაზე, რაც სოციალურ სამართლიანობასა და სამართლიან ტრანსფორმაციას გულისხმობს. 

სტატიის სრულად გასაცნობად მიჰყევით ბმულს.

სტატია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის და პირველად გამოქვეყნდა ფონდის ვებ-გვერდზე.