2006 წლის 25 დეკემბერს “მწვანე ალტერნატივა”-მ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ორგანიზაცია მოითხოვდა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1775-რს კანონის მე-20 მუხლის I ნაწილისა და 26-ე მუხლის I ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელი მომზადდა ორგანაზაცია ”კოსტიტუციის 42-ე მუხლი”-სა და “მწვანე ალტერნატივა”-ს მიერ. ასევე, ”კოსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს წევრები დაიცავენ “მწვანე ალტერნატივა”-ს ინტერესებს სასამართლოში.

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის აღნიშნული დებულებები ზღუდავენ ადამიანის უფლებას ფლობდეს დროულ და ზუსტ ინფორმაციას მისი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ასევე მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთ საკითხებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მის საცხოვრებელ გარემოზე. საზოგადოებას ერთმევა უფლება მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ლახავს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ ადამიანის უფლებებს. აღნიშნული მუხლები ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილს1, ასევე ორჰუსის კონვენციას2, რომლის თანახმად, დაუშვებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობაზე საზოგადოებისთვის გარანტირებული უფლებების შეზღუდვა.

16 იანვრის განმწესრიგელ სხდომაზე გადაწყდება მიიღებს და განიხილავს თუ არა აღნიშნულ სარჩელს სასამართლო.

1. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ‘’ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ”.

2. კონვენცია “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ”, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. ორჰუსის კონვენციის თანახმად, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ: “მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა ზომებს, აგრეთვე ღონისძიებებს, მათ შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ წინამდებარე კონვენციის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მონაწილეობის და მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის დებულებებს შორის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას.”

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: ყიფშიძის ქ. ¹5ა, მე-4 სად., მე-7სართ.
ტელ: 22 16 04, 22 38 74
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
მისამართი: ქ. თბილისი, შევჩენკოს ქ. ¹12
ტელ: 99 88 56
ელ.ფოსტა: rusa@article42.ge, kakhaber@article42.ge