OLYMPUS DIGITAL CAMERA

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია თბილისის მერს და ქალაქის საკრებულოს: განხილულ იქნეს ეკოლოგიისა და გამწვანების და მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი
 


ქ. თბილისის მერს, ბატონ გიგი უგულავას

ქ. თბილისის საკრებულოს

თბილისი, 2013 წლის 5 აპრილი

გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ მძიმე და სახიფათო მდგომარეობის გამო, რომელიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში შეიქმნა. არსებული პრობლემები რამდენიმე ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

  • ქალაქი თბილისში არსებული არადამაკმაყოფილებელი  ეკოლოგიური მდგომარეობა (ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება ჩამდინარე წყლებით, ხმაურით და ვიზუალური დაბინძურება და ა.შ)
     
  • ქალაქის მწვანე საფარის საგანგაშო მდგომარეობა
     
  • გამწვანების სფეროში წარმოებული შესყიდვების პროცესში არსებული პრობლემები, რაც ტენდერების ჩატარებისას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და კორუფციის მაღალ რისკს წარმოშობს.


ჩვენი აზრით, ზემოხსენებული პრობლემების ძირითადი მიზეზი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაა, კერძოდ:

1.       ბოლო წლებში სამსახურს საზოგადოებისთვის არ წარუდგენია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით ჩატარებული საქმიანობის ანგარიში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამგვარი სამუშაო უბრალოდ არ ტარდება.

2.       ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების თანახმად (მუხლი 7), სამსახურის ფუნქციები მოიცავს დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას და ქ. თბილისის მერის მიერ საკრებულოში წარსადგენად მათი მომზადებას. სამსახურს დღემდე არ გამოუქვეყნებია ამ სახის დოკუმენტები და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც ჩაუტარებია ასეთი სამუშაო. შედეგად, დღეისათვის არ არსებობს არც თბილისის გამწვანების ერთიანი პოლიტიკა და კონცეფცია და არც ამ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელი დეტალიზებული ნორმები. თბილისის მწვანე საფარის მდგომარეობა და ხარისხი სავალალოა, ხოლო ისედაც არასაკმარისი ფართობი დღითიდღე მცირდება.

3.       ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად შეუზღუდავი დისკრეციით სარგებლობს თავისი წლიური საქმიანობის, მათ შორის შესაბამის სფეროში მუნიციპალური შესყიდვების, დაგეგმვის კუთხით, რადგანაც  არ არსებობს გამწვანების პოლიტიკის კონცეფტუალური ჩარჩო და შესაბამისი ნორმატიული აქტები. შედეგად, სახეზეა მაღალი რისკი იმისა, რომ ქალაქის ბიუჯეტში გამწვანებისთვის გამოყოფილი თანხები ცალკეული თანამდებობის პირებისა თუ კომპანიების კერძო ინტერესების სასარგებლოდ (და იმავდროულად ქალაქის, მისი მოსახლეობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის საზიანოდ) დაიხარჯება.

4.       დღეისათვის გაუგებარია, თუ ვის მიერ და რა ნორმებისა თუ კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები, მაგალითად, ქალაქის ფარგლებში ხეების დარგვის, მოჭრისა თუ ფორმირების შესახებ, გამჭვირვალობის ამგვარი დეფიციტი კი საუკეთესო ნიადაგს ქმნის კორუფციისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ თეორიული საფრთხე არ არის, რაზეც გამწვანების სფეროში ბოლო წლებში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული კითხვები და საფუძვლიანი ეჭვები მეტყველებს.

ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის დებულება 2009 წელს დამტკიცდა.  დღეს აშკარაა ამ სამსახურის სამეურნეო პოლიტიკის სრული ჩავარდნა: 2009 წლიდან დღემდე არ ჩატარებულა ნარგავების  პასპორტიზაცია, არ არის დამტკიცებული პარკების საზღვრები, არც ერთ პარკს არ ყავს ადმინისტრაცია და მათი მოვლა მხოლოდ ტენდერების საფუძველზე ხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოები არ ეფუძნება აგროსტანდარტების განმსაზღვრელ დოკუმენტს  (ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო), რაც იწვევს ტენდერების არსწორ დაგეგმვას და, მეორეს მხრივ, შეუძლებელს ხდის სამუშაოს მონიტორინგს. ქალაქში შექმნილია უმძიმესი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, თუმცა არ ტარდება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ღონისძიებები.

ამასთან, გამწვანების სფეროში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემები ასევე მიუთითებს ხარვეზებზე მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის საქმიანობაში. ამის მაგალითად გამოდგება, თუნდაც, გასულ წელს ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებასთან დაკავშირებული სკანდალი და ის გარემოება, რომ კომპანია, რომელსაც ხსენებული სკანდალის შემდეგ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა (და რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იქნა შეყვანილი), ამჟამადაც განაგრძობს ასობით ათასი ლარის მიღებას ქალაქის ბიუჯეტიდან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორაგნიზაციები რეკომენდაციით მივმართავთ ქალაქის მერსა და საკრებულოს, განიხილონ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და მუნიციპალური შესყიდვების საქალქო სამსახურის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვფიქრობთ, რომ ხსენებული სამსახურების ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელება ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში არსებული პრობლემების აუცილებელი პირობაა. საჭიროა აგრეთვე ფართო დისკუსიის დაყწება ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, რაც შესაბამისი საკანომდებლო ნორმებისა და ერთიანი კონცეფციის მიღებით უნდა დასრულდეს.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

მწვანე ალტერნატივა

უსაფრთხო სივრცე