enguri_29.04.2011

მოწვევა ანგარიშის პრეზენტაციაზე

ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული
ურთიერთგაგების მემორანდუმებისა და შეთანხმებების
სამართლებრივი ანალიზი

18 იანვარი, 2013 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“

2013 წლის 18 იანვარს (პარასკევი), 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ (რუსთაველის გამზ. #13) ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ თავისი ახალი კვლევის -„ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ანალიზი“ - პრეზენტაციაზე. კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ, გაიმართება დისკუსია.

გთხოვთ, მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 2013 წ. 16 იანვრამდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74.

 

ანგარიშის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. ამ სახელმწიფო პოლიტიკის მხარდამჭერების აზრით, ჰიდრო-ენერგეტიკაში ინვესტირება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებას და საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, ასევე, წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობის მიღწევაში და გაზრდის სახელმწიფო შემოსავლებს. თავად პროექტების განმახორციელებლები (კომპანიები), ხშირად, ხაზს უსვამენ პროექტებისგან მისაღებ ისეთ სარგებელს როგორიცაა, მაგალითად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა. არსებობს ასევე კრიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ამ სფეროში ინვესტირებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ რისკზე როგორიცაა, მაგალითად, საცხოვრისისა და მიწის დაკარგვა, ბუნებრივ რესურსებსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ბუნებრივი გარემოს დეგრადაცია და სხვა.

ამჟამად დადებულია არაერთი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს ჰიდროენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები, ეროვნულ (და საერთაშორისო) კანონმდებლობასთან ერთად, განსაზღვრავენ საინვესტიციო პროექტების პირობებს, ასევე, რისკების, დანახარჯებისა და სარგებლის გადანაწილების გზებს. მემორანდუმებისა და შეთანხმებების დადების პროცედურები კი, მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინების, ასევე, გადაწყვეტილებების მიმღებთა ანგარიშვალდებულების ხარისხს.

მწვანე ალტერნატივას ამ ახალ ანგარიშში განხილულია ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების დადების სამართლებრივი საფუძვლები; ასევე, გაანალიზებულია საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა კომპანიას შორის ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თაობაზე დადებული 15 ურთიერთგაგების მემორანდუმი და ორი შეთანხმება. დასასრულს კი, გამოთქმულია მოსაზრებები მემორანდუმებისა და შეთანხმებების საფუძველზე განსახორციელებელი ენერგო-პროექტების სავარაუდო გავლენის შესახებ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ვითარებაზე საქართველოში.

ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები - სამართლებრივი ანალიზი