kintrishi

წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს კინტრიშა-2 ჰესის პროექტის საზოგადოებრივი განხილვისათვის წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

კინტრიშის ჰესის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარა ენერჯი 2007“ შორის 2008 წ. 28 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმი კინტრიშის ჰესის გარდა, მოიცავდა კიდევ შვიდი ჰესის (ქობულეთის I ჰესი – 13.30 მვტ, ქობულეთის II ჰესი – 14.30 მვტ, კირნათის ჰესი – 14.40 მვტ, ხელვაჩაურის ჰესი – 22.40 მვტ, ჭოროხის I-II ჰესები – 48.00 მვტ) მშენებლობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აჭარა ენერჯი 2007“-მა უარი განაცხადა მემორანდუმით გათვალისწინებული სამი ჰესის, მათ შორის, კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის და გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო.  

2012 წ. იანვრის დასასრულს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ (Hydro Development Company) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად, კომპანია აჭარაში, მდინარე კინტრიშზე, ააშენებს 5 მეგავატი სიმძლავრის კინტრიშის ჰესს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას მშენებლობა უნდა დაეწყო 2012 წლის 25 მარტს. კვლავ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წ. გაზაფხულზე კომპანია აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დროისთვის არ ჰქონდა მოპოვებული არც მშენებლობის და არც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. 2012 წლის 1 აგვისტოს გზშ დოკუმენტი წინასწარ განსახილველად წარედგინა გარემოს დაცვის სამინისტროს. ამავე წლის 17 სექტემბერს ქობულეთის გამგეობის შენობაში გაიმართა გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა.

2013 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „24 საათში“ ხელმეორედ გამოქვეყნდა ინფორმაცია კინტრიშა 2 ჰესის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ.

პროექტს ამჟამად ახორციელებს კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით, მოამზადა საკონსულტაციო კომპანიამ „გერგილი“. 

განსახილველად წარმოდგენილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის თანახმად, პროექტი გულისხმობს მდ. კინტრიშის ხეობაში, აჭარის რეგიონში, ქობულეთის რაიონში, სოფ. ქობალაურსა და სოფ. ჭახათს შორის, 6.0 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს-ის) მშენებლობას. კინტრიშა-2 ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით. პროექტის საერთო ღირებულება 8.40 მლნ. დოლარია. ვრცლად