DSC00512

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოხატა სურვილი ითანამშრომლოს ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ახალი “ტყის კოდექსის” შექმნის პროცესში. ამისათვის სამინისტრომ ითხოვა წინადადებების წარმოდგენა ახალი “ტყის კოდექსის” შესაძლო შინაარსთან და სტრუქტურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ჩვენი ორგანიზაცია ვალდებულად თვლის თავს ჩაერთოს ახალი “ტყის კოდექსის” შემუშავების პროცესში და დაიცვას საქართველოს მოსახლეობის ინტერესები, ისევე როგორც ამას ადგილი ჰქონდა აქამდეც, როდესაც აქტიურად ვცდილობდით მონაწილეობა მიგვეღო “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტის შექმნის პროცესში, ვლობირებდით სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებს1 და ა.შ.

ახალი “ტყის კოდექსის” შემუშავების პროცესში მონაწილეობისა და ლობირების მეთოდები დამოკიდებული იქნება სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმაზე, თუ რამდენად თანამიმდევრული, კონსტრუქციული იქნება მათი ქმედებები, რამდენად საჯარო იქნება პროცესი და რამდენად შესაძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა მთელ რიგ საკითხებზე. მწვანე ალტერნატივას თვალსაზრისით, ახალი “ტყის კოდექსის” შემუშავების და საერთოდ, სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესი უნდა წარიმართოს შემდეგნაირად:

1. ტყის კოდექსის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე უნდა დამტკიცდეს “საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი” პარლამენტის დადგენილებით. ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს, რომ საქართველოს ტყის კოდექსის შემუშავებისას იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტით.

2. ახალი “ტყის კოდექსი”, ასევე, ტყის მართვის ყოველი კონკრეტული მექანიზმი უნდა იყოს ფართო საზოგადოების განხილვის საგანი მათ მიღებამდე/დამტკიცებამდე. უნდა მოეწყოს სრულფასოვანი (და არა პროფანაციული) საჯარო განხილვებ. 
ჩვენი ლობირების შედეგად მიღებული იქნა “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” ის ვარიანტი, რომელიც განიხილეს მთავრობის სხდომაზე; გატარდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით შეივსო; ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი სარგებლობისათვის არამერქნული ტყის რესურსების მოპოვება გახდა უფასო.

საზოგადოების, სპეციალისტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამასთან, საზოგადოების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა თუ მოსაზრებების გაუზიარებლობის შემთხვევაში, ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების თანახმად, ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა დაასაბუთოს თითოეულის გაუთვალისწინებლობის მიზეზი.

3. რეფორმების განხორციელებისას, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს იმ კონვენციებისა და ინიციატივების მოთხოვნები, რომლებიც ეხება ტყეებს და რომელთა წევრიცაა ჩვენი ქვეყანა და ეს უნდა აისახოს ახალ “ტყის კოდექსში”. უპირველეს ყოვლისა, ესენია: კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ (“ტყეებთან დაკავშირებული სამოქმედო პროგრამის” გათვალისწინებით), ორჰუსის კონვენცია, ევროკავშირის დირექტივები, ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენცია (MCPFE), “ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მმართველობის” დეკლარაცია (ENA-FLEG) და სხვ.

თითოეულ მათგანში ეკოლოგიურ მოთხოვნებთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების მონაწილეობას და პროცესების გამჭვირვალობას.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოაცხადა მორიგი და ყველაზე მასშტაბური აუქციონი ხანგრძლივვადიანი (20 წელი) ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაყიდვაზე, რომელიც ამა წლის დეკემბერში გაიმართება. აუქციონზე გამოტანილია დაახლოებით 500 000 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი. ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომელიც რეგულირდებოდა 1999 წელს მიღებული ტყის კოდექსის მეშვეობით, მნიშვნელოვნადად შეცვალა 2005 წელს “ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ კანონმა და მისგან გამომდინარე ნორნატიულმა აქტებმა. აღნიშნული გარემოება ქმნის კოლიზიებს და ბევრ გაუგებრობას. ამ ვითარებაში, გაუმართლებლად მიგვაჩნია ახალი “ტყის კოდექსის” ამოქმედებამდე ასეთი რაოდენობის ტყის ფართობებით სარგებლობის უფლების გადაცემა კერძო სექტორზე ხანგრძლივი ვადით. 2007 წლის მაისში უკვე გაიცა ხე-ტყის დამზადების სამი ოცწლიანი ლიცენზია. აუქციონის გამოცხადებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესი, ჩვენი აზრით, წარიმართა არსებული კანონმდებლობის დარღვევით, რაზეც მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა სასამართლოს. ახალი აუქციონის გამოცხადებასაც თან სდევდა ანალოგიური დარღვევები, რაც წინა შემთხვევის მსგავსად გასაჩივრების საფუძველს იძლევა.

5. ასევე გაუმართლებლად მიგვაჩნია ასეთი მასშტაბის ლიცენზიების გაცემა მანამდე, სანამ არ არის ჩატარებული ტყეების კატეგორიზაცია. არსებული ტყის კოდექსით გათვალისწინებული კატეგორიზაცის სისტემა გაუგებარია და შეუთავსებელია თანამედროვე ტყის მდგრადი მართვისა და ეკოსისტემური მიდგომის პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალ “ტყის კოდექსში” ამ პრინციპების შესაბამისად განისაზღვროს ტყეების კატეგორიები და შემდეგ, თუნდაც არსებული ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის) მასალებზე დაყრდნობით, მოხდეს საქართველოს ტყის ფონდის კატეგორიზაცია.

6. საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია/კატეგორიზაციისა და გარემოსდაცვითი შეფასების საფუძველზე გამოიყოს ის ტერიტორიები, სადაც ტყის ჭრა ჯერ კიდევ დასაშვებია. ეს იქნება ტყეები, სადაც სიხშირე ოპტიმალურია და ამავე დროს არ წარმოადგენს მაღალი კონსერვაციული ღირებულებების ტყეს. პირველ რიგში კი, მერქნის დამზადებისათვის დასაშვები ტყეების ხარჯზე მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება (საშეშე თუ სამასალე მერქნით) და მხოლოდ დარჩენილიმერქნული რესურსის ოდენობა გაიცეს კომერციული მიზნით (დაცული და დაცვითი ტყეების გამოკლებით).

7. უნდა გამოიყოს ის ტყეები, რომლებიც გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სამართავად, საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” შესაბამისად და დაიწყოს დეცენტრალიზაციის პროცესი (დაკონკრეტდეს ადგილობრივ თვითმმართველობებზე ტყეების გადაცემის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო პერიოდი).

8. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეებს, რომელიც მოიცავს საქართველოს ტყეების არანაკლებ 15%-ს, მიენიჭოს დაცული სტატუსი (IUCN I-IV კატეგორია, ანუ ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები); ამ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ჩამოყალიბებამდე ნორმატიული აქტით მიენიჭოს მათ “სარეზერვო დაცული ტერიტორიების” სტატუსი და აიკრძალოს მერქნის ინდუსტრიული დამზადება.

9. გარდა ამისა, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადეს (IUCN V-VI კატეგორია, ანუ დაცული ლანდშაფტები და ტრადიციული გამოყენების ზონები. აქ არ იკრძალება ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა) დამატებით ტყეების არანაკლებ 15%, რომელთა მართვა შესაძლებელია მოახდინონ თვითმმართველობის ორგანოებმაც. სარეზერვო და ახალი დაცული ტერიტორიების გამოცხადების დროს გათვალისწინებული იქნეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რათა, მოხდეს დაცული ტერიტორიების ჯერ “ზურმუხტოვან ქსელში”, შემდეგ კი ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში, Natura 2000 ქსელში გაერთიანება.

10. ამ ჩამონათვალის 9, 10, და 11 პუნქტების განხორციელებამდე, საქართველოს ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობის და არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს საქართველოს ტყეების მერქნული რესურსის ფართომასშტაბიანი გამოყენება;

11. კატეგორიზაციის საფუძველზე და 9, 10, და 11 პუნქტების განხორციელების შემდგომ შესაძლებელია კერძო პირებს გადაეცეთ ხარნგრძლივი ვადით სამართავად საქართველოს სამეურნეო ფონდის ნაწილი (ლიცენზიის, იჯარის ან კერძო საკუთრების ფორმით).

12. ამ ეტაპების გავლის შემდგომ შესაძლოა კიდევ “დარჩეს” სამეურნეო ტყის ფონდის ის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია არც მაღალი კონსერვაციული ღირებულება, და ვერ შეესაბმება დაცული კატეგორიის სტატუსს, ასევე არ არიე კომერციულად საინტერესო. იმისათვის, რომ არ მოხდეს იგივე, რაც ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როცა “უპატრონოდ” დარჩა სატყეო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლებლად მიგვაჩნია (და არა აუცილებლობად), ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სააქციო საზოგადოება, რომელსაც სამართავად გადაეცემა ეს ტყეები. მასვე შეიძლება გადაეცეს (დროებით ახალ აუქციონამდე, ან მუდვივად) ის სატყეო ფართობები, რომლებიც შესაძლებელია სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ჩამოერთვათ ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების მფლობელებს. სატყეო მეურნეობის წარმოება გულისხმობს ტყის ბიოლოგიური დაცვისა და აღდგენის ღონისძიებებსაც, რაც დღეისათვის შეუძლებელია, რომ განახორციელოს სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულმა ორგანოებმა, ხოლო სააქციო საზოგადოებას ამისათვის მეტი შესაძლებლობა ექნება.

13. საჭიროდ მიგვაჩნია, მართვის სხვა ფორმების პარალელურად, საქართველოში კანონით აღდგეს კერძო და ტრადიციული სათემო საკუთრება ტყეებზე, რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს როგორც “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტში, ისე ახალ “ტყის კოდექსში”.

14. “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ “საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოში მდგრადი მეტყევეობის განვითარების, ასევე ტყის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით საქართველოს პრიორიტეტულ ორიენტირს სატყეო სამეურვეო საბჭოს (FSC) სახელმძღვანელო პრინციპების დამკვიდრება წარმოადგენს”. ამ პრინციპებისკენ სწრაფვაზე ხშირად არის საუბარი სამინისტროს განცხადებებსა თუ სარეკლამო რგოლებში. კოდექსში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ამ პრინციპების შესრულების მექანიზმები. საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ამ პრინციპების განხორციელება, ვინაიდან მხოლოდ სალიცენზიო პირობებში ჩადებული ზოგადი მოთხოვნა არ წარმოადგენს გარემოსა და სოციალური სამართლიანობის დაცვის გარანტიას (თუმცა, ბოლო დროს FSC-ისთან შესაბამისობის მოთხოვნა ამოღებულ იქნა სალიცენზიო პირობებიდან). სამინისტროსა და საერთაშორისო სატყეო სამეურვეო საბჭოს შორის ა.წ. 29 მაისს დადებული შეთანხმებაც (რომლის შინაარსიც სამინისტრომ დღემდე არ გააცნო საზოგადოებას) ძალზე ზოგადია და შესრულების კონკრეტული მექანიზმების გაწერას საჭიროებს.

15. თითოეულმა სუბიექტმა, რომელსაც ნებისმიერი ფორმით სამართავად გადაეცემა ტყე, მართვა უნდა განახორციელოს “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” პრინციპების შესაბამისად.

16. პირველ რიგში სახელმწიფომ საქართველოს ტყეების სამრეწველო შესაძლებლოების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს მისი გარემოსდაცვითი ღირებულება; კავკასიონზე შემორჩენილი ტყის მასივებს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა, ვინაიდან ეს არის ზომიერ სარტყელში შემორჩენილი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ზემოთჩამოთვლილი თითოეული პუნქტი დავასაბუთოთ. შევეცდებით, რომ ჩვენი თვალსაზრისი გათვალისწინებული იქნეს რეფორმის პროცესში და აისახოს ახალ “ტყის კოდექსში”. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გამოთქვამს ყველა დაინტერესებული მხარის ნაყოფიერი თანამშომლობის იმედს.

1. ჩვენი ლობირების შედეგად მიღებული იქნა “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” ის ვარიანტი, რომელიც განიხილეს მთავრობის სხდომაზე; გატარდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით შეივსო; ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი სარგებლობისათვის არამერქნული ტყის რესურსების მოპოვება გახდა უფასო.

2. შეთანხმების ტექსტი იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.forestgeo.net