baneri_GA

მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" საერთაშორისო ორგანიზაციები შეუერთდნენ. კამპანია მიზნად ისახავს, რომ პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელმა – PAN Parks Foundation – კამპანიის მხარდამჭერი წერილით მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

"შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი" ითვალისწინებს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას დასავლეთ საქართველოდან, აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე. პროექტის დაფინანსების წყაროდ მოიაზრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) კრედიტი (დაახლოებით 250 მლნ ევრო), რომელიც არის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების დასაძლევად გამოყოფილი 4,55 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ნაწილი. ომის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაზიანდა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს პროექტის განხორციელებისას გამოიყენოს მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 კილონეტრიანი ტყის ზოლის პირწმინდად გაჩეხვას. ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ელექტროგადაცემის ხაზმა ეროვნული პარკის გადაკვეთოს 4,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე, ისე, რომ არ გამოიწვიოს ტყის ჩეხვა და გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში. ას წელზე მეტია, აქ სხვადასხვა ფორმით უწყვეტად ხორციელდება დაცვის რეჟიმი. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული პარკია რეგიონში, რომელიც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში. პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. 

ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელი – PAN Parks Foundation მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის" მარშრუტის არჩევასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მის გათვალისწინებას დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. 

იხ. დანართი: 

PAN Parks Foundation–ის აღმასრულებელი დირექტორის, ზოლტან კუნის წერილი KfW–ს პრეზიდენტს ულრიხ შროდერს 

PAN Parks Foundation–ის აღმასრულებელი დირექტორის, ზოლტან კუნის წერილი EIB–ს ვიცე– პრეზიდენტს ევა შრეიბერს